Home » ახალი ამბები » GWP ლეჟავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს
GWP ლეჟავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს

GWP ლეჟავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს

დღეს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ისნის რაიონში, ლეჟავას ქუჩაზე, მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის ფარგლებში ჯივიპი ლეჟავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას განაახლებს – შეიცვლება წყალსადენის მაგისტრალური ქსელი და ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისნის რაიონის გამგეობა გზის მოწესრიგებას დაიწყებს და ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, „ჯივიპის“ წარმომადგენლებთან ერთად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა დაათვალიერეს.

“ლეჟავას ქუჩაზე მასშტაბური სამუშაოები დავიწყეთ, რომლის ფარგლებშიც წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის 1.4 კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად შეიცვლება. აღნიშნულ პროექტში ჯივიპი 850 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს. ლეჟავას ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის განახლება ნოემბერში დასრულდება” , – აცხადებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური დირიექტორი ლუკა ჩაჩიბაია.

„ჩვენი აქტიური ჩართულობით, ისნის რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი კომპანია ჯივიპის. მოსახლეობა მრავალი წელი ელოდა გზის რეაბილიტაციას, რასაც ძველი და დაზიანებული კომუნიკაციების გამო ვერ ვაკეთებდით. როგორც ადგილობრივებს დავპირდით, ჯივიპის მიერ წყალმომარაგების ქსელების განახლების შემდეგ, გზის მოწესრიგებას დავიწყებთ და ლეჟავას ქუჩაზე ასფალტის საფარს დავაგებთ,“ – განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ.

გარდა ამისა, აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო დღეს კომპანია „ჯივიპიმ“. დაახლოებით კილომეტრნახევარი ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია მოხდება. შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდგომ სრულად განახლდება გზის საფარი, რომელსაც ისნის რაიონის გამგეობა განახორციელებს. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია „ჯივიპის“ და ისნის რაიონის გამგეობას, ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის, – აღნიშნა ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.

Share