Home » საზოგადოება » გირჩი: 20 ოქტომბერს დედაენის ბაღში ხალხს მარიხუანის ყიდვა და მოხმარება შეეძლება
გირჩი: 20 ოქტომბერს დედაენის ბაღში ხალხს მარიხუანის ყიდვა და მოხმარება შეეძლება

გირჩი: 20 ოქტომბერს დედაენის ბაღში ხალხს მარიხუანის ყიდვა და მოხმარება შეეძლება

პოლიტიკური გაერთიანება გირჩი 20 ოქტომბერს მარიხუანის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას გეგმას. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პირველი არხის ეთერში გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გაავრცელა. იაგო ხვიჩიას თქმით, ფესტივალის ზუსტ ფორმატზე ჯერ შეთანხმებულები არ არიან, თუმცა მისივე განმარტებით, დედა-ენის ბაღში მოსული ხალხი, მათ შორის ტურისტებიც მარიხუანის ყიდვასა და მოხმარებას თავისუფლად შეძლებენ.

“ფესტივალის შინაარსი იქნება ის, რომ ქვეყანაში მარიხუანა ლეგალიზებული გახდება. ფესტივალზე მოსულ ხალხს შეეძლება მარიხუანას სპეციალური მოწყობილი სტენდებიდან შეძენა, ვიღაცები გაყიდიან”, — უთხრა იაგო ხვიჩიამ On.ge-ს.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები კოფიშოპების წარმომადგენლებთან, რომლებსაც სურთ, რომ ეს ქვეყანა “ცივილურ სახელმწიფოს” დაემსგავსოს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს. მისი თქმით, ფესტივალი დედაენის ბაღში,16:20 საათზე გაიმართება და გირჩი აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ ღონისძიებამ ექსესების გარეშე ჩაიაროს.

“მარიხუანას მოხმარების უფლება საკონსტიტუციო სასამართლომ დაგვიბრუნა და ამ რეალობაში ჩვენი უფლების რეალიზაცია ჩვენ თვითონ უნდა მოვახდინოთ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ გირჩს აქვს სტრატეგია, არჩევნების შემდეგ კონკრეტული საქმე დაასრულოს.

“ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს არავის, რომ საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია. ეს დღე იქნება კანაფის დღესასწაულის დღე და ასევე თავისუფლების მოყვარული ხალხის დღე”, — განმარტავს იაგო ხვიჩია.

კითხვაზე, რამდენად არის რისკი მსგავსი ფესტივალის ორგანიზება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე და დაზიანდება თუ არა ამ ინიციატივით გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია პასუხობს, რომ მათთვის ის უფრო მნიშვნელოვანია მარიხუანის მოხმარების გამო არავინ დაისაჯოს.

“კანდიდატს დააზიანებს თუ არა მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არჩევნების დასრულების შემდეგ გვქონდეს ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. თუ ვინმე იქნება დასასჯელი, მაშინ დასასჯელი იქნება ფესტივალის ყველა მონაწილე და ამაზე ხელისუფლება არჩევნების წინ არ წავა, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ არჩევნები”, — განაცხადა იაგო ხვიჩიამ .

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია გირჩის წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა. სასამართლოს ამ შემთხვევაში არ უმსჯელია მარიხუანის მოპოვების გზებზე. შესაბამისად, შეძენა-შენახვა-კულტივაცია და რეალიზაცია კვლავ დასჯადია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცუალური განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია.

წყარო: on.ge

Share