Home » საზოგადოება » გიორხელიძე სესხების განულებაზე – ეს ხალხი ისევ ვალებში შევა, რადგან სხვა გზა არ აქვთ
გიორხელიძე სესხების განულებაზე - ეს ხალხი ისევ ვალებში შევა, რადგან სხვა გზა არ აქვთ

გიორხელიძე სესხების განულებაზე – ეს ხალხი ისევ ვალებში შევა, რადგან სხვა გზა არ აქვთ

ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი” ვალების განულებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა.

მისი შეფასებით, საბანკო დავალიანების განულებას გადაწყვეტილებას ქვეყნის განვითარებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თუ არსებული „მახინჯი საბანკო სისტემა არ შეიცვლება”.

როგორც გიორხელიძემ აღნიშნა, ის 600 000 ადამიანი, ვისაც დავალიანება გაუნულდება, ისევ ვალებს აიღებს, რადგან სხვა გზა არ აქვთ. მისივე თქმით, ხელისუფლებას დაავიწყდა, რა პრობლემებია ქვეყანაში.

„თუ პოლიტიკურ შეფასებას გავაკეთებთ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ამას სხვა პოლიტიკური შეფასება ვერ ექნება. ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ქვეყნები ამ გზით არ ვითარდებიან. ხელისუფლებების მიერ ჩამოყალიბებული ის სიმახინჯე, რასაც ქართული საბანკო სისტემა ჰქვია, შავი სიის შექმნის დაშვებით მიყვანილია ანტიკონსტიტუციურ უფლებამდე. ეს არის ხელისუფლების დანაშაული.

ის მეორე, რასაც არასაბანკო საფინანსო დაწესებულებები ჰქვია, ისინიც ამ მახინჯი სისტემის ნაწილი არიან, მაგრამ კიდევ გეუბნებით, ეს მათი ბრალი არ არის. ეს ხელისუფლების ბრალია.

რა თქმა უნდა, იმ 600 000 კაცისთვის ეს სერიოზული შეღავათია, მაგრამ იმ გარემოში, რომელიც საქართველოშია ჩამოყალიბებული, ეს ხალხი ისევ ვალებში შევა, რადგან სხვა გზა არ აქვთ. ეს პოლიტიკა გამორიცხავს სამუშაო ადგილების შექმნას, ეს არ არის გამართულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკა იმიტომ, რომ თვითონ ეკონომიკურ პოლიტიკაში დომინირებული სწრაფი განვითარება და დასაქმება არ არის.

ხელისუფლებას საერთოდ დაავიწყდა რა პრობლემებია ქვეყანაში, ადამიანი დაავიწყდათ. თვითკმაყოფილებაში ჩაიხრჩვნენ და შედეგი გამოვიდა ასეთი,” – განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

Share