Home » ფინანსები » გიორგი შაგიძე: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არქონა ბანკების ბრალი არ არის
გიორგი შაგიძე: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არქონა ბანკების ბრალი არ არის

გიორგი შაგიძე: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არქონა ბანკების ბრალი არ არის

საბანკო სექტორი დღეს არის ეკონომიკის ფლაგმანი ყველა მიმართულებით და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არქონა ბანკების ბრალი არ არის

საბანკო სექტორი დღეს არის ეკონომიკის ფლაგმანი ყველა მიმართულებით და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არქონა ბანკების ბრალი არ არის – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი შაგიძემ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრთან მთავრობის ინიციატივებთან, მათ შორის სტარტაპებთანდაკავშირებით კონსტრუქციული შეხვედრა შედგა. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და მაისში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

ამასთან, შაგიძის განცხადებით, საბანკო სექტორი დღეს ყველა მიმართულებით ეკონომიკის ფლაგმანია.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვთვლით, რომ არის ძალიან ბევრი თემა, რომელიც შეიძლება უკეთ გაკეთდეს, მაგრამ საბანკო სექტორი დღეს არის ეკონომიკის ფლაგმანი ყველა მიმართულებით, ეს იქნება  – კორპორატიული მართვა, მენეჯმენტის ხარისხი, გამჭვირვალობა“, – განაცხადა შაგიძემ და კონკრეტული ციფრებიც წარადგინა საბანკო პროცენტებთან და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც შაგიძემ აღნიშნა, მისასალმებელია ინიციატივა სტარტაპების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

„ვფიქრობთ, რომ ის ინიციატივები, რაც ფინანსთა მინისტრმა გააჟღერა, განსაკუთრებით სტარტაპების მიმართულებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. მაგალითისთვის, იგივე მსოფლიო ბანკის რეიტინგში სესხის აღების შესაძლებლობის მხრივ ჩვენ ვართ 44-ე ადგილზე ლიტვის წინ, მაგრამ რაც შეეხება კაპიტალის მიღწევადობის მაჩვენებელს ვართ 131-ე ადგილზე“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ ფინანსურმა დირექტორმა.

მისი შეფასებით, მსგავსი ტიპის ინიციატივები საქართველოში კიდევ უფრო გაადვილებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას.

„ეს არ ნიშნავს, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არქონა დღეს არის ბანკების ბრალი. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ბევრი კომპონენტისგან შედგება, ის ინიციატივები, რაც მინისტრმა გააჟღერა, არის ძალიან პოზიტიური და მივესალმები. საბანკო სესხები არის ეკონომიკის 55 პროცენტი“, – განაცხადა შაგიძემ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ბანკების ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრა დასრულდა. სამუშაო შეხვედრაზე სასტარტო კაპიტალის პროგრამასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ისაუბრეს.

Share

About bachana jincharadze