Home » საზოგადოება » გიორგი ლაბაძე – შესაძლოა, საპარლამენტო ფრაქციები მაღალი ანაზღაურების მიღების მიზნით იქმნებოდეს
გიორგი ლაბაძე - შესაძლოა, საპარლამენტო ფრაქციები მაღალი ანაზღაურების მიღების მიზნით იქმნებოდეს

გიორგი ლაბაძე – შესაძლოა, საპარლამენტო ფრაქციები მაღალი ანაზღაურების მიღების მიზნით იქმნებოდეს

საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარისა და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურება, საპარლამენტო თანამდებობის არმქონე პირთა ანაზღაურებაზე – მაღალია. საქართველოს პარლამენტის წევრის ანაზღაურება შეადგენს 4 623.75 ლარს, ფრაქციის თავმჯდომარის – 5 468.75 ლარს, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის – 4 738.75 ლარს. შესაბამისად, ჩანს, რომ ფრაქციის თავმჯდომარე, ამ შეფასებით, 845 ლარზე მეტს, ხოლო მისი მოადგილე – 115 ლარზე მეტ შემოსავალს იღებს. შესაბამისად, ვარაუდობთ, რომ შესაძლოა, საპარლამენტო ფრაქციები მეტი ანაზღაურების მიღების მიზნით იქმნებოდეს – აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, გიორგი ლაბაძემ „ბ&ფ“-სთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, „ფრაქცია არის პარლამენტში საქმიანობის კოორდინაციის მიზნით საერთო პოლიტიკური შეხედულებებისა და ინტერესების მქონე პარლამენტის წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება“. პარლამენტში, ჯამში 13 საპარლამენტო ფრაქციაა შექმნილი. მათგან რვა შექმნილია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ. სამი – საპარლამენტო უმცირესობის მიერ, ხოლო დარჩენილი დეპუტატები გადანაწილებულნი არიან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „საქართველოს პატრიოტებში“.

„უნდა ითქვას, რომ უმრავლესობაში ვხვდებით ისეთ ფრაქციებს, როგორიცაა „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა“, ასევე, „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“, ხოლო უმცირესობაში წარმოდგენილია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“. აღნიშნული დასახელებებიდან გამომდინარე, ძირითადი პარტიისგან რაიმე იდეოლოგიური განსხვავებულობა რთულად აღსაქმელია, რაც ქმნის ეჭვს, რომ შესაძლოა, ზოგიერთი საპარლამენტო ფრაქცია იქმნება შედარებით მაღალი ანაზღაურების მიღების მიზნით“ – აცხადებს გიორგი ლაბაძე.

გიორგი ლაბაძის განცახდებით, დიდია ინტერესი, რომ შედარებით მაღალი ანაზღაურების გამო, პოლიტიკური გაერთიანებების მხრიდან, ხელოვნურად შეიქმნას ცალკეული ფრაქციები. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, „ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია.“ გამონაკლისია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრები. აქედან გამომდინარე, ერთი და იმავე პარტიის წევრები ვერ შექმნიან ერთზე მეტ ფრაქციას, თუკი ისინი არჩეულნი არ არიან მაჟორიტარული სისტემით.

მიუხედავად რეგლამენტის ამ ჩანაწერისა, არსებობენ პარლამენტის წევრები, რომლებიც არჩეულნი არიან პარტიული სიით, თუმცა მაინც წარმოადგენენ მათი პარტიის ძირითადი ფრაქციის გარდა, სხვა საპარლამენტო ფრაქციას. ასეთ მაგალითებს ვხვდებით, როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის შემთხვევაში. უფრო მეტიც, თუკი უმცირესობის წარმომადგენლებზე ვიმსჯელებთ, უნდა ითქვას, რომ მათი არც ერთი წევრი მაჟორიტარული სისტემით პარლამენტში არ მოხვედრილა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათგან ერთზე მეტი ფრაქციის შექმნა, თავისთავად პარლამენტის რეგლამენტის საწინააღმდეგო ქმედებაა.

„აღსანიშნავია, რომ ფრაქციების ამ სახით წარმოდგენა, ვერ მოდის შესაბამისობაში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტთან და საჭიროებს მდგომარეობის დაახლოებას მასთან დადგენილ მოთხოვნებთან. აუცილებელია, რომ საჯარო ფინანსების ეფექტიანი გამოყენების აღსასრულებლად, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები ემორჩილებოდნენ მმართველობის ეკონომიურობის პრინციპს. საჯარო ფინანსების გამოყენება მხოლოდ ეფექტიანი მმართველობის აღსასრულებლად არის მიზანშეწონილი და მისი გადანაწილება პირადი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფოს აუცილებელი ინტერესის გარეშე, თავისთავად დაუშვებელია“ – აცხადებს გიორგი ლაბაძე.

Share