Home » საზოგადოება » გიორგი ღაღანიძე – ჩვენ გვჭირდება თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა
გიორგი ღაღანიძე - ჩვენ გვჭირდება თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა

გიორგი ღაღანიძე – ჩვენ გვჭირდება თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა

საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ნაკადი რომ გაიზარდოს, ქვეყანას თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა და გლობალურ ბაზარზე საკუთარი უპირატესობების განსაზღვრა სჭირდება, – ამის შესახებ თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ დღეს განუცხადა.

გადაცემაში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების მიზეზები და ზოგადად, ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 53.7 პროცენტით არის შემცირებული.

ღაღანიძე ინვესტიციების ნაკადის შემცირებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და მის ზრდას წლის მესამე და მეოთხე კვარტალში ელოდება.

„უნდა აღინიშნოს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ წარმოადგენს იმ ეკონომიკურ კატეგორიას, რომელიც კვარტალი კვარტალს უნდა შეადარო, რადგან ინვესტიციების ბუნება განსხვავდება საგარეო ვაჭრობისგან, სადაც გარკვეული სასაქონლო ჯგუფებია ჩამოყალიბებული და მათი იმპორტ-ექსპორტი ყოველ წელს ერთსა და იმავე დროს ხდება. რა თქმა უნდა, კარგი და სასიამოვნო აქ არაფერია, მაგრამ ეს კატასტროფული მაჩვენებელი არ არის. თუ ჩვენი ქვეყნის პრაქტიკას გადავხედავთ, როგორც წესი, ყველაზე მეტი ინვესტიცია მესამე და მეოთხე კვარტალში შემოდის“, – განმარტა ღაღანიძემ.

თუმცა, თსუ-ს პროფესორი თვლის, რომ ინვესტიციების ნაკადის შემცირება გარკვეულ ხარვეზებზეც მიუთითებს, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკის უქონლობა, რომელმაც ქვეყნის კონკურენტული უპირატესობა უნდა განსაზღვროს.

„აქ არის მეორე მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენთან ინვესტიციები, როგორც წესი, ექსპორტს ებმის. სამწუხაროდ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ახალი საექსპორტო პროდუქტი არ შექმნილა. ამ მიმართულებით არც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს. ძირითადად, არსებული ექსპორტისთვის საგარეო ბაზრების გახსნაზე ვიყავით ორიენტირებული. ეს ამოცანა საკმაოდ წარმატებით გადაწყდა, რადგან მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობა ერთდროულად აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის (დსთ) სივრცესთან, პრეფერენციების გენერალზიებული სისტემა აქვს აშშ-თან. მაგრამ ბაზრები გვაქვს, პროდუქტი – არა. აქ მივადექით იმ ყველაზე მნიშვნელოვან და რთულ პრობლემას, რომლის იდენტიფიცირებაც ჯერ კიდევ ამ საუკუნის დასაწყისში მოხდა – ჩვენ გვჭირდება თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა, რომელმაც უნდა განსაზღვროს, თუ სად აქვს საქართველოს კონკურენტული უპირატესობები და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, – განაცხადა ღაღანიძემ.

მისი აზრით, ბაზრების დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში, ქვეყანას თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკის გარეშე პერსპექტივა არ აქვს.

„გლობალურ სამყაროში ყველა ყველას კონკურენტია და შეუძლებელია ერთი გადაწყვეტილებით უპირატესობის მიღწევა. ყველა გადაწყვეტილება კომპლექსურია, მოიცავს სამართლებრივ, განათლების, ტექნიკურ თუ წარმადობის ასპექტებს, სხვანაირად კონკურენტული უპირატესობა აღარ მიიღწევა. თანამედროვე მსოფლიო სხვა განზომილებებ0ზეა“, – დასძინა ღაღანიძემ „ბიზნესპარტნიორში“.

„ბიზნესპარტნიორი“

Share