Home » საზოგადოება » გიორგი გახარია – ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა ომის გარეშე
გიორგი გახარია - ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა ომის გარეშე

გიორგი გახარია – ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა ომის გარეშე

უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენი მიზანი პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა ომის გარეშე, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წინაპირობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

აღნიშნულით, ის „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი წევრის, ადა მარშანიას გამოსვლას გამოეხმაურა. როგორც გახარიამ განმარტა, ქვეყნის ძირითადი პრობლემა ტერიტორიული მთლიანობაა.

„მე ვფიქრობ, ეს ერთმნიშვნელოვნად არის საკითხი, რომელზეც არამხოლოდ ხელისუფლება, არამედ, საზოგადოებაც შეთანხმებულია და როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ყველა მიმართულებით, საზოგადოებრივი ცხოვრების, მთავრობის, თუ პოლიტიკური პროცესების, ეს ყველაფერი უნდა იყოს განმსჭვალული ამ მიზნის მისაღწევად. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ფაქტი და თუ რჩება აღქმა, ან შეგრძნება, რომ ვმოქმედებთ, ან ვმუშაობთ, ყოველდღიურად ისე, რომ სადმე გვავიწყდება ეს პრობლემა, ამას გამოსწორება სჭირდება.

ყველაფერთან ერთად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ეს არის ჩვენი შიდა და გარე უსაფრთხოების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ, შესაბამისი უწყებებიც გარდა მთავრობისა, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია ვისაუბროთ ქვეყნის სრულფასოვან განვითარებაზე, როგორც სამოქალაქო, პოლიტიკური, თუნდაც, ეკონომიკური მიმართულებით, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება აღდგენილი. უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა ომის გარეშე, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წინაპირობა. სხვა ყველა რესურსი, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა გახარიამ.

Share