Home » ეკონომიკა » გიორგი ცუცქირიძე: წამყვანი ქართული ბანკები ვერ აცნობიერებენ პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს
გიორგი ცუცქირიძე: წამყვანი ქართული ბანკები ვერ აცნობიერებენ პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს

გიორგი ცუცქირიძე: წამყვანი ქართული ბანკები ვერ აცნობიერებენ პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს

ახალი საბანკო რეგულაციებისა და კომერციული ბანკების მხრიდან ამ რეგულაციების გადავადების მოთხოვნის საკითხებზე M2B ექსპერტს საბანკო და საფინანსო საკითხებში, პროფესორ გიორგი ცუცქირიძეს ესაუბრა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ წამყვანი ქართული ბანკები პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს რეალურად ვერ აცნობიერებენ. გიორგი ცუცქირიძის აზრით, ის ლიბერალური რეჟიმი, რაც მათ გასულ წლებში ჰქონდათ, უბრალოდ დამთავრდა – საერთაშორისო დონეზე 2008-2010 წლების გლობალური კრიზისის შემდეგ – საქართველოში დღეს, ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც, გარე სამყაროსთან ქვეყნის ინტეგრაციის დონიდან და ფინანსური სექტორის წონიდან გამომდინარე.

– ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ბატონმა მურთაზ კიკორიამ განაცხადა, რომ ახალ საბანკო რეგულაციებზე მსჯელობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო, ბანკები ყველაფერზე იყვნენ ინფორმირებული და საბანკო ასოციაციის ახალი ხელმძღვანელის მოთხოვნა რეგულაციების გადასინჯვასთან დაკავშირებით, გამორიცხა?

გიორგი ცუცქირიძე: მართალია, ამ საკითხებზე ინტენსიური კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან, გასული წლიდან მიმდინარეობდა, მაგრამ აქ ერთი გარემოებაა მნიშვნელოვანი. იქ, სადაც სახელმწიფო და კერძო სექტორის შეთანხმება ვერ ხერხდება, კერძოს ყოველთვის გადაწონის სახელმწიფო ინტერესი, თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან აღებული წმინდა სოციალური ვალდებულებებიდან გამომდინარე. ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, ეს საბანკო სექტორი იქნება თუ მეცხოველეობის დარგი, პირობითად. რეგულაციებიც სწორედ ბაზრის წონასწორობის დაცვას ითვალისწინებს, მათ შორის ანტიმონოპოლიურიც, მიუხედავად იმისა, ხელისუფლებაში კონკრეტულ მომენტში მემარჯვენე ძალები არიან თუ მემარცხენე.

ანალოგიური ხასიათის მოთხოვნები არის მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა განვითარებული ეკონომიკის ქვეყანაში და „ჭარბვალიანობის რისკის“ შემცირებას ემსახურება, რაც ნეგატიურად ზემოქმედებს ეკონომიკაზე და ატარებს მაღალ სოციალურ რისკს. ჩვენ ვიდექით ასეთი რეალობის წინაშე. 2015 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ფინანსებზე წვდომის შესახებ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, სადაც საკმაოდ მაღალია კომერციული ბანკების მსესხებელთა რაოდენობა. აღმოჩნდა, რომ 2015 წლის მონაცემების მიხედვით, 1000 ზრდასრულ მოსახლეზე უკვე 680 მსესხებელი მოდიოდა, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე მაჩვენებელია თურქეთის შემდეგ, თუმცა იგივე თურქეთში შინამეურნეობების ვალის შეფარდება მშპ-სთან არის მხოლოდ 18%, მაშინ როდესაც საქართველოში ანალოგიური მაჩვენებელი 34%-ია, ხოლო ბოლო წლებში სესხების დაგროვების ტემპები მშპ-სთან მიმართებაში სულაც ორჯერ არის გაზრდილი. ამასთანავე, ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის კრიზისამდე, საოჯახო მეურნეობის ვალის განკარგვად შემოსავალთან თანაფარდობის მაჩვენებელი თუ 11%-ს შეადგენდა, 2012 წელს 15% იყო, ხოლო 2017 წლის ბოლოს 3.5 ჯერ გაიზარდა – 53%-ს მიაღწია, და არის საშუალო შემოსავლების მქონე ევროპის ქვეყნების დონეზე. შედარებისთვის სლოვაკეთში მისი მაჩვენებელი 63%-ია, პოლონეთში – 60%, ხორვატიაში – 57%, ჩეხეთში – 59%, სლოვენიაში – 45%, უნგრეთში – 39%. ბალტიის ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლებია (ლიეტუვაში – 35%, ლატვიაში – 37%), ხოლო უფრო დაბალი შემოსავლების ან თუნდაც ჩვენი დონის ქვეყნებში გაცილებით დაბალია და 17-30%-ის ფარგლებშია.

– სავალდებულო მოთხოვნის სახით შემოდის სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI კოეფიციენტი) მოთხოვნა, რაც საკმაოდ მკაცრი მოთხოვნაა ბანკებისთვისაც კი და წარმოადგენს მსესხებლის ყოველთვიური გადასახდელებისა და ყოველთვიური წმინდა შემოსავლების თანაფარდობას. სესხის მომსახურება/დადასტურებულ შემოსავალთან ლიმიტების დაცვის მოთხოვნა, რომელიც შემოსავლის სიდიდის მიხედვით 20-30%-ის ფარგლებშია განსაზღვრული, ამასთან ერთად წესდება ვადიანობის ლიმიტები საცალო პროდუქტებზე, როგორც იპოთეკურ სესხებზე, ასევე, ავტოსესხებზეც, რაც საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია თუ დადასტურებული შემოსავლის ჩვენების ვალდებულებასაც გავითვალისწინებთ?

გიორგი ცუცქირიძე: აქამდე ამ ტიპის მოთხოვნები ეხებოდა მხოლოდ იპოთეკურ სესხებს და მისი დაცვა ბანკებისთვის სხვა საცალო პროდუქტებზე სავალდებულო არ იყო, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა. გეთანხმებით, საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ახალი რეგულაციები ორ ეტაპად განხორციელდა, ნაწილი ძალაში შევიდა მაისის დასაწყისში, ნაწილი კი 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება.

ბუნებრივია, ბანკებსა და არასაბანკო საკრედიტო ბიზნესსუბიექტებს მოუწევთ არსებული ბიზნესმოდელების სახეცვლილება. ბოლო წლებში კომერციული ბანკების მხრიდან მზარდ ხასიათს ატარებდა საცალო დაკრედიტება, რაც ბიზნესდაკრედიტების შემცირების ფონზე მიმდინარეობს დღემდე, და ბუნებრივია, პოზიტივად ვერ შეფასდება, ანუ ჭარბვალიანობის გაზრდილ რისკს ბიზნესდაკრედიტების დისპროპორციაც ემატება. ბოლო წლებში საცალო და ბიზნესდაკრედიტების ხვედრითი წილი სესხების წლიური ზრდის დინამიკაში, შედარებით თანაბარზომიერი 2015 წელს იყო, როდესაც თანაბარ კორელაციაში იყო მთლიანი სესხების ზრდის საშუალო დინამიკასთან. სამაგიეროდ, 2016 წელს მთლიანი სესხების საშუალო წლიური ზრდის დინამიკა 14.5% დან 7.3% შემცირდა, ანუ პრაქტიკულად 2-ჯერ, რაზეც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია ბიზნესდაკრედიტების ზრდის ტემპების – 12.3%-დან 2.4%-მდე, ანუ 5-ჯერ შემცირებამ, თუმცა საცალო დაკრედიტება შედარებით უმნიშვნელოდ – 16.9%-დან 12.8%-მდე შემცირდა.

მართალია, გასულ 2017 წელს მთლიანი სესხების ზრდის დინამიკა 7.3%-დან 16.5%-მდე ავიდა, რაც ბოლო 3 წელიწადში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ მთლიანი სესხების ზრდის დინამიკაში საცალო დაკრედიტებამ ითამაშა მთავარი როლი, გაიზარდა რა სარეკორდო 26,6%-ით, რაც ბიზნესდაკრედიტების ზრდის ტემპს 4-ჯერ აღემატებოდა. სესხების ზრდის დინამიკა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მიხედვით კვლავ მაღალია და, საშუალოდ, 19%-ს შეადგენს. თუმცა, უნდა აღინიშნოს სესხების საერთო ზრდაში ბიზნესსესხების ზრდის მაჩვენებელი, კვლავ არასაკმარისად არის დაბალანსებული. თუ თებერვალში საცალო დაკრედიტების ზრდა სარეკორდო იყო და 28%-ს შეადგენდა, ბიზნესდაკრედიტება 11.4% იყო. მართალია, 1-ლი ივლისის მიხედვით საცალო დაკრედიტების ზრდის ტემპი 22.4%-მდე შემცირდა, მაგრამ ბიზნესდაკრედიტების მაჩვენებელი მას მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება, შეადგენს რა 14.2%-ს.

როდესაც განკარგვადი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი სესხების მომსახურებაზე მიდის, სახეზეა გადახდისუნარიანობის პრობლემა. თავის მხრივ, სწორედ ვალაუვალობა შეიძლება გახდეს სერიოზული პრობლემა ეკონომიკის ვარდნის ან შენელებისას ან თუნდაც გარე შოკებისას, ვალუტის მკვეთრი გაუფასურებით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია დოლარიზაცია. სამწუხაროდ, ჭარბვალიანობის გაზრდილ რისკზე მიუთითებს საქართველოში ქონების დაკარგვის კანდიდატთა რიცხვის ზრდაც. წლის დასაწყისიდან მხოლოდ ბოლო 4 თვის განმავლობაში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობამ 15,6 ათასით მოიმატა. თუ 2018 წლის 21 თებერვლისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში 239 831 ჩანაწერი იყო, 2018 წლის პირველ 7 თვეში ეს რიცხვი 255 494-ს შეადგენდა. შედეგად გამოდის, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის თითქმის 7% გადახდისუუნაროა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

მაკრო დონეზე პრობლემის გასააზრებლად შეიძლება გამოვიყენოთ დაკრედიტების ტემპების ეკონომიკის ზრდასთან თანაფარდობის მაჩვენებელი. ბუნებრივია, დაკრედიტების ზრდა დადებით კორელაციაშია ეკონომიკის ზრდასთან მიმართებაში. კერძოდ, როგორც განვითარებადი, ისე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ნაწილში დაკრედიტების ზრდა აღემატება ეკონომიკის ზრდის ტემპებს, ხოლო ზრდის ტემპების თანაფარდობა მაქსიმუმ 2-ის ფარგლებშია.

თვალსაჩინოებისთვის ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ როგორც განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების, ასევე ევროზონისა და სწრაფად მზარდი აზიის განვითარებადი ქვეყნების საშუალო მაჩვენებლების საქართველოსთან შედარება. ევროზონის ქვეყნებში მშპ-ის ზრდის და საბანკო კრედიტის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებლები 2018 წლის პირველი კვარტალის მიხედვით პრაქტიკულად თანაბარია, მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი – 2.4%, ხოლო დაკრედიტების ზრდის მაჩვენებელი 2.9%-ია. ევროპის განვითარებული ქვეყნებიდან შედარებით მაღალი კორელაცია აქვს საფრანგეთს (მშპ-ის წლიური ზრდა – 2.3%, დაკრედიტების ზრდის დონე – 4.97%) და შვედეთს (მშპ-ის წლიური ზრდა – 3.3%, დაკრედიტების ზრდის დონე – 6.8%). ანუ დაკრედიტების წლიური ზრდა დაახლოებით ორჯერ მეტია ეკონომიკის ზრდასთან შედარებით. ნიშანდობლივია, რომ აზიის სწრაფად განვითარებადი ქვეყნებისთვისაც კი (ინდოეთი, ჩინეთი), სადაც ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 3-ჯერ აღემატება ევროზონის ქვეყნების წლიური ზრდის დონეს და 7%-ზე მაღალია, დაკრედიტების ტემპები ეკონომიკის ზრდას მხოლოდ 1.8-ჯერ აღემატება.

ჩვენს შემთხვევაში, თუ 2015-2017 წლის პერიოდს მივიღებთ მხედველობაში, ეკონომიკის ზრდამ საშუალოდ 3.56% შეადგინა, ხოლო ბანკების საკრედიტო პორტფელი ამავე პერიოდში, საშუალოდ, 19.8%-ით არის გაზრდილი, ხოლო რეალური ზრდა ინფლაციის გამოკლებით 15.3%-ს შეადგენს. ანუ დაკრედიტების ტემპები ეკონომიკის რეალურ ზრდას – 5.6-ჯერ, ხოლო ინფლაციის გამოკლებითაც კი 4.3–ჯერ აღემატებოდა. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზრდის მთავარი გენერატორი არა ბიზნესდაკრედიტება, არამედ საცალო სეგმენტი იყო.

არსებული სიტუაციის ანალიზი აჩვენებს, რომ ჩვენი მოსახლეობა საკრედიტო რესურსების მოხმარებით ევროპის წამყვანი ქვეყნების დონეზეა, მაშინ როდესაც რეალური შემოსავლები, საშუალოდ, 5-ჯერ ნაკლებია.

– საბანკო ასოციაცია საკმაოდ აქტიურად ცდილობს რეგულაციების გადავადებას, ახორციელებს აქტიურ კომუნიკაციას სხვა ბიზნესასოციაციებთანაც, ბანკები დაკრედიტების განახევრებაზე საუბრობენ, რამდენად რეალურია რეგულაციების გადავადება?

გიორგი ცუცქირიძე: ბუნებრივია, ახალი რეგულაციები, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, შეამცირებს საცალო დაკრედიტებას, ამას ექნება ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზეც, მაგრამ მეორე მხრივ დაკრედიტების ტემპებს გახდის შედარებით თანაბარზომიერს, ბანკებს გამოუთავისუფლდებათ რესურსები საცალო სესხების ჩასანაცვლებლად. თავი და თავი ამ ყველაფრისა კი მაინც ის არის, რომ ბანკებს უჭირთ ბიზნესზე მორგებულ დაკრედიტების თანამედროვე მოდელებზე გადასვლა, რომელიც მხოლოდ უძრავი ქონების ღირებულებაზე არ იქნება მორგებული. ეს განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს ეხება. ამაზე მიუთითებს თუნდაც ბოლო ერთ წელიწადში საცალო დაკრედიტების ზრდის ტემპები, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ცნობილი იყო რეგულაციების შემოღების სავარაუდო თარიღი.

მართალია, საცალო დაკრედიტება ასტიმულირებს მოხმარებას და, შესაბამისად, ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, მაგრამ მეორე მხრივ, დაკრედიტების მაღალი ტემპებისას, სამომხმარებლო კრედიტის დონის ზრდა, თუ ის იკავებს განკარგვადი შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს, უკვე მაკროდონეზე, პირიქით, ამცირებს მოხმარებას და მშპ-ის ზრდის ტემპს, რაც კიდევ უფრო ზრდის ჭარბი დავალიანების რისკს, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ ლიკვიდობის რისკს მომავალში, რასაც საქართველოს პირობებში ემატება არაფორმალური სექტორის მაღალი ხვედრითი წილი. ეს არის მთავარი დილემა, რაც ხელს უშლის ეკონომიკის ზრდას რეალურად და არა ახალ რეგულაციებზე გადასვლა. ის მოსაზრება, რომ სესხების რაოდენობა განახევრდება, ცოტა არ იყოს, დრამატიზებულია, ბანკების პოზიცია გასაგებია, მაგრამ სისტემური თვალსაზრისით რისკები კი არ გაიზრდება, არამედ შემცირდება, სესხს, უბრალოდ, ვეღარ აიღებს მაღალრისკიანი კატეგორია, რაც მათთვისაც კარგი იქნება.

აქედან გამომდინარე, აღნიშნული რეგულაციების გადავადების მოთხოვნა და ეკონომიკაზე მისი შესაძლო ნეგატიური ეფექტით აპელირება, მით უმეტეს ისედაც დაძაბულ წინასაარჩევნო პერიოდში, თავისებური ულტიმატუმის ელფერსაც ატარებს და შესაბამისად, ბანკების მხრიდან წამგებიანი სვლა უფროა. ნაკლებ სავარაუდოა, ვინმე ამ დათმობაზე წავიდეს. სხვა ბიზნესასოციაციების ამ თამაშში ჩართვის ეფექტურობისაც ნაკლებად მჯერა, თუნდაც ქვეყანაში არსებული მაღალი ანტისაბანკო განწყობების გამო.

სამწუხაროდ, ამ მაგალითიდანაც ჩანს, რომ წამყვანი ქართული ბანკები ვერ აცნობიერებენ პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს რეალურად. ახალი რეგულაციები დრომ მოიტანა. ბანკებიც უნდა მიხვდნენ და გადაერთონ ახალ რეალობაზე. ის ლიბერალური რეჟიმი, რაც მათ გასულ წლებში ჰქონდათ, უბრალოდ, დამთავრდა, მსოფლიო პოლიტიკაში 2008-2010 წლების გლობალური კრიზისის შემდეგ, ჩვენთან დღეს, ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც გარე სამყაროსთან ჩვენი ინტეგრაციის დონიდან და ფინანსური სექტორის წონიდან გამომდინარე.

m2b.ge
Share