Home » ეკონომიკა » გიორგი ცუცქირიძე – სიღარიბის დაძლევის უალტერნატივო გზა სწორედ ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე გადის
გიორგი ცუცქირიძე – სიღარიბის დაძლევის უალტერნატივო გზა სწორედ ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე გადის

გიორგი ცუცქირიძე – სიღარიბის დაძლევის უალტერნატივო გზა სწორედ ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე გადის

„გლობალურ ბაზრებზე გასვლით საქართველოს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ შემცირდეს ეკონომიკის იმპორტდამოკიდებულება და გავიდეთ უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე“

აშშ-ის გავლენიანი კონგრესმენის ტედ პოს ინიციატივაზე საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების დაჩქარებზე და მის მნიშვნელობაზე ქართული ეკონომიკისათვის და დასაქმების ზრდისთვის,  გთავაზობთ „ბანკები და ფინანსების“ ინტერვიუს წამყვან საბანკო და საფინანსო ექსპერტთან პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან რომელიც მიიჩნევს, რომ სტრატეგიული ამოცანა უნდა გახდეს მსოფლიოს ნომერ პირველ ეკონომიკასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება უკვე უახლოეს მომავალში.

 

აშშის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, კონგრესმენი ტედ პო (რესპუბლიკელიტექსასი) საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების დაჩქარების მოწოდებით გამოვიდა. რამდენად შეუწყობს ეს ეკონომიკურ ზრდას ხელს?

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში,  აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების რეკომენდაციით, 28 კონგრესმენმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს რობერტ ლაიტჰაიზერს საქართველოსადმი ძლიერი ორპარტიული მხარდამჭერი წერილით მიმართა. ეს   იყო ძალზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი, რადგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობასთან ერთად, მთავარი აქცენტები სწორედ პოლიტიკურ საკითხებს ეხებოდა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ნაწილსაც. კონგრესმენ ტედ პოს მიმართვაშიც ხაზგასმულია საქართველოს პროგრესი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების კუთხით და სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობა, რაც საერთო ჯამში 120 მილიონიან სამომხმარებლო ბაზარსა და 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

დღეს ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ინვესტიცია რეინდუსტრიალიზაციის ხელშესაწყობად და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ადგილობრივი წარმოების სტიმულირებით, საწარმოების დიდი ნაწილი ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. ეს ფაქტორი არა მხოლოდ ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს, არამედ მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ შეამცირებს ერთის მხრივ, უმუშევრობას ხოლო მაკროდონეზე საგადამხდელო ბალანსის დეფიციტს, რაც მაკროეკონომიკური და სავალუტო კურსის სტაბილურობის თვალსაზრისით არის ძალზე მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, საექსპორტო ორიენტაციიდან გამომდინარე, ამ საწარმოებში შემოდის თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც დამატებით ღირებულებასთან ერთად, ქმნის მაღალტექნოლოგიურ ქართულ პროდუქტს, მუშა ხელის გაზრდილ კვალიფიკაციას და გაზრდილ შემოსავლებს თავი რომ დავანებოთ.

თავის მხრივ, სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება ეკონომიკის მაღალი იმპორტდამოკიდებულების და, ზოგადად, დოლარიზაციის შემცირებით და ექსპორტის ზრდითაა შესაძლებელი, რასაც, ორივე შემთხვევაში, ცალსახად ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისაკენ მივყავართ. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება არის კარგი, მაგრამ არასაკმარისი პირობა საგარეო მოწყვლადობის შესამცირებლად. განვითარებული ეკონომიკური ქვეყნების მაგალითები ნათალად ადასტურებს, რომ საექსპორტო პოტენციალი თანაბრად უნდა მოიცავდეს როგორც მომსახურების, ასევე საქონლის ექსპორტსაც. ამას ინკლუზიური ეკონომიკური  ზრდისათვისაც ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაღრმავება გამოწვეული იყო იმით, რომ გასულ წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება დიდწილად ხდებოდა საგარეო ვაჭრობასთან კავშირის არმქონე სექტორებში, მშენებლობასა და მომსახურების სექტორში და არა წარმოებაში.

ადგილობრივი წარმოების განვითარების მთავარი პრობლემა დღეს არა ტექნოლოგიების შემოტანა, არამედ  გასაღების ბაზრებია. სწორედ გასაღების ბაზრები და  თავისუფალი დაბეგვრის რეჟიმი არის მთავარი წინაპირობა ევროპიდან და აშშ -დან საწარმოო სიმძლავრეების აქ გადმოსატანად. ჩვენნაირ პატარა ეკონომიკას როგორც ჰაერი  ისე სჭირდება საგარეო ბაზრების დივერსიფიკაცია, რაც სწორედ გლობალურ ბაზრებზე შესვლით არის შესაძლებელი. განვლილმა წლებმაც აჩვენა, რომ მხოლოდ მომსახურების სერვისების განვითარებით და ვაჭრობის დაფინანსებით ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა და  სიღარიბის დაძლევა შეუძლებელი იქნება.

გლობალურ ბაზრებზე გასვლით საქართველოს ეკონომიკას ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ შეამციროს ეკონომიკის მაღალი იმპორტდამოკიდებულება და გავიდეს უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, რითაც მომსახურების ექსპორტის ზრდასთან ერთად გავზრდით  სასაქონლო საექსპორტო ჯგუფების ასორტიმენტს აქ წარმოებული პროდუქციის ექსპორტირების თვალსაზრისით. მით უმეტეს, რომ თუნდაც Doing Business გლობალურ რეიტინგში ჩვენი პოზიციები ყოველწლიურად უმჯობესდება და ბოლო მონაცემებით სულაც წამყვანი ქვეყნების პირველ ექვსეულში შევდივართ. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას. საქართველო გახდება მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისათვის, რაც გამოიწვევს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

მოგეხსენებათ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების(DCFTA) ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას,  გაეხსნა მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. ახლა რიგშია ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმების ძალზე მიმზიდველი პერსპექტივა მსოფლიოს ნომერ პირველ ეკონომიკასთან, მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) 2018 წლის მონაცემებით, შეერთებულ შტატებს მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა აქვს 20.4 ტრილიონი დოლარით.

-რამდენად დივერსიფიცირებულია ჩვენი ექსპორტი და რამდენად არის დამოკიდებული თუნდაც რუსულ ბაზარზე?

საქართველოში ბოლო წლებში ექსპორტის ხვედრითი წილის ზრდა მშპ-ში დიდწილად განპირობებულია არა ტრადიციულად სასაქონლო ექსპორტის ზრდის, არამედ მომსახურების ექსპორტის და პირველ რიგში ტურიზმის ზრდის შედეგად, რაც სავალუტო შემოდინებების დაბალანსების კუთხით ცუდი ნამდვილად არ არის. დღეს ჩვენი ეკონომიკის მთავარ გამოწვევად,  მაღალი იმპორტდამოკიდებულების შემცირება და შესაბამისად, ექსპორტის ზრდის საკითხი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, იმპორტის თანაფრდობა მშპ-სთან ორ წელიწადში 3% -ით არის შემცირებული, მაინც მაღალია და 59,3 %-ს შეადგენს, რაც აისახება კიდეც უარყოფით  სავაჭრო  ბალანსში. მაგალითისათვის შეიძლება ირლანდია ავიღოთ, სადაც იმპორტი მშპ-ის 80 %-ს შეადგენს, სამაგიეროდ ექსპორტის ხვედრითი წილი 110 %-ზე მეტია.

მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ  ჩვენთან ძირითადად შემოდის რესურსმაძიებელი ინვესტიციები, რომლებიც დაბალ ტექნოლოგიური და საშუალო დაბალ ტექნოლოგიური ინვესტიციებს განეკუთვნება. მაგალითად, ავეჯის წარმოება, ტანსაცმლის წარმოება, თამბაქოს წარმოება, ხილის წვენების წარმოება და ა.შ. ჯერჯერობით, უცხოელი ინვესტორები საქართველოში მაინც იაფი სამუშაო ძალის გამოყენებით, ადგილობრივი ბაზრის ათვისებით არიან დაკავებულნი და ნაკლებად უწყობენ ხელს მაღალტექნოლოგიური, ექსპორტზე ორიენტირებული დარგების განვითარებას.

თუ თვალს გადავავლებთ ექსპორტის თუნდაც ბოლო ათწლეულის სტატისტიკას, ვნახავთ, რომ საექსპორტო პროდუქციის ზრდის პარალელურად უფრო დივერსიფიცირებული გახდა საექსპორტო ბაზრებიც. ნიშანდობლივია, რომ ეს ძირითადად გამოწვეული იყო დსთ-ის სივრცის ბაზრებზე ექსპორტის შემცირებით და სამაგიეროდ, ევროკავშირის და სხვა მიმართულებით ექსპორტის გააქტიურებით მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ ექსპორტის და პირველ რიგში ღვინო-მასალების ნაწილმა ამ მიმართულებით გადაინაცვლა.

აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. მართალია,  საქონლის ექსპორტში ღვინის ექსპორტი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ბუნებრივია დადებითი მოვლენაა, მაგრამ ექსპორტის სტრუქტურის საერთო სურათს ნაკლებად ცვლის. სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ ტრადიციული ნომენკლატურის პროდუქციის ექსპორტის ზრდა არის წამყვანი  მთლიანი ექსპორტის ზრდაში, ხოლო ექსტენსიური ზრდა, რაც გულისხმობს საექსპორტო პროდუქციის გამრავალფეროვნებას და ახალი სასაქონლო ჯგუფების შექმნას, კვლავ  სუსტია და მხოლოდ 10 % თუ უჭირავს ექსპორტის ნაზარდში.

აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვზრუნოთ დივერსიფიკაციის ზრდაზე არსებული სასაქონლო ნომენკლატურის გამრავალფეროვნებით. ანუ, ექსპორტი უნდა გაიზარდოს არა ინტენსიური, არამედ ექსტენსიური ზრდით, რაც გაზრდის რა ექსპორტის წილს მშპ-ში სულ მცირე 65%-მდე, გლობალური შოკებისას შეამცირებს მის გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე.

-ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს სავაჭრო სალდოს, რომლის დეფიციტიც ნეგატიურად ზემოქმედებს ეკონომიკაზე, საგარეო მოწყვლადობის თვალსაზრისით?

შედარებისათვის 2018 წლის  იანვარ-ივლისში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 417.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 20.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.3 პროცენტს შეადგენს. იმპორტმა 1 536.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (27.2 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 29.7 პროცენტი შეადგინა ანუ ევროკავშირი არა ცალკეული ქვეყნების ხვედრითი წილით, არამედ ცალკე სუბიექტად, რომ წარმოვიდგინოთ სულაც პირველ ადგილზეა საგარეო სავაჭრო ბრუნვაში.

აქედან გამომდინარე, სტრატეგიული ამოცანა უნდა გახდეს ევროკავშირის მსგავსად, მსოფლიოს ნომერ პირველ ეკონომიკასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება უკვე უახლოეს მომავალში. დღეს რა დასამალია და აშშ -ის ხვედრითი წილი სავაჭრო ბრუნვაში ძალიან დაბალია – 4 %-ს შეადგენს  და ამ მაჩვენებლით 10 წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის მხოლოდ მეშვიდეა, (2017 წელს ექსპორტმა აშშ-ში $122 მლნ, იმპორტმა კი $268 მლნ შეადგინა), მაშინ როდესაც როგორც ვხედავთ ევროკავშირის ხვედრითი წილი გაცილებით მაღალია.

სტრატეგიული ამოცანის ნაწილი უნდა იყოს პირველ რიგში აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან არა უბრალოდ ინვესტიციების მოზიდვა თუნდაც აპრობირებულ დარგებში ან უძრავ ქონებაში, არამედ ინვესტიციების მოზიდვა მაღალ ტექნოლოგიურ დარგებში, და უკვე აქ წარმოებული პროდუქციის შეტანა ევროკავშირში და აშშ-ის ბაზრებზე. ამ ტიპის საექსპორტო რელოკაციურ მოდელებს, რომლებიც მაღალი ეფექტიანობით ხასიათდებიან, ასევე აქვთ მაღალი საექსპორტო პოტენციალი  და შედიან ისეთ სფეროებში, როგორიცა სამედიცინო-ოპტიკური ინსტრუმენტების წარმოება, საავიაციო პროდუქციის წარმოება, ლაზერულ-ოპტიკური პროდუქციის წარმოება, ნანო ტექნოლოგიები, ციფრული და ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, და ა.შ.

ჩვენ გვიჩნდება კარგი შანსი, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, გადავიქცეთ რეგიონალურ სამრეწველო ჰაბად და როგორც უკვე აღვნიშნე, სიღარიბის დაძლევის უალტერნატივო გზა სწორედ ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე გადის.

აქედან გამომდინარე, მიზანშწონილი იქნებოდა ამ ტიპის წმინდა ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოებისათვის დაწესდეს სპეციალური შეღავათიანი რეჟიმი, როგორც საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის, თუნდაც „აწარმოე საქართველოს“ პროგრამების ფარგლებში, ასევე მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარების იმპორტის დაბეგვრის კუთხით.

Share