Home » ეკონომიკა » გიორგი ცუცქირიძე – ლარის გაუფასურება სეზონურ ფაქტორებს და საგარეო ვალის მომსახურებას უკავშირდება
გიორგი ცუცქირიძე - ლარის გაუფასურება სეზონურ ფაქტორებს და საგარეო ვალის მომსახურებას უკავშირდება

გიორგი ცუცქირიძე – ლარის გაუფასურება სეზონურ ფაქტორებს და საგარეო ვალის მომსახურებას უკავშირდება

დღის განმავლობაში Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ–ს დოლარი 2,50-2,57 ლარის ფარგლებში ივაჭრებოდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარის გაუფასურებას დოლარის მიმართ კომერციულმა ბანკებმაც მყისიერად უპასუხეს. ამ დროისთვის   ლარის ყველაზე დაბალი კურსი საქართველოს ბანკს აქვს,სადაც 1 აშშ დოლარის გაყიდვა 2.5200 ლარადაა შესაძალებელი, ყიდვა – 2.6200.  ხოლო, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5339 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5339ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4687 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0652 ლარი შეადგინა.

მიმდინარე პროცესები შეაფასა სოციალური ქსელის მეშვეობით საბანკო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მართალია, თურქული ლირას მკვეთრი გაუფასურება, ზემოქმედებს სავაჭრო ტრანსაქციებზე, მაგრამ ლარის გაუფასურება არ გამომდინარეობს გრძელვადიანი ანუ ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებიდან. ადრეც აღმინიშნავს, რომ არაკონვერტირებული ვალუტის მქონე ქვეყნებში, შედარებით მცირე მოცულობის ბაზრებს ახასიათებს ნაკლებ პროგნოზირებული მოლოდინებისა და მკვეთრი სავალუტო რყევების ამპლიტუდა, რის გამოც სავალუტო კურსი სათანადოდ ვერ გამოიყენება ბუფერად.

მიმაჩნია, რომ ლარის გაუფასურება სეზონურ ფაქტორებს და საგარეო ვალის მომსახურებას უფრო უკავშირდება და ნაკლებად რაიმე წმინდა ეკონომიკურ ან სპეკულაციურ ფაქტორს. აქ საპანიკოც არაფერია. როდესაც გაუფასურების არანაირი, პირველ რიგში, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი არ მოქმედებს, კურსი სწრაფადვე უბრუნდება წონასწორობის ნიშნულს, რადგან გაცვლითი კურსი აშკარად გასცდა იმ ნიშნულს, რასაც ფუნდამენტური ფაქტორები შეიძლება განაპირობებდეს და დღეს სწორედ ანალოგიური სიტუაციაა შექმნილი. შესაბამისად, კურსის დასტაბილურებას უნდა ველოდოთ.

მსურს, განვმარტო, რომ ლარის აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურებას აქვს დროებითი ხასიათი, რადგან ის არ მომდინარეობს არც მაკროფაქტორების რაიმე სერიოზული ცვლილებებიდან და არც წმინდა სავალუტო ნაკადების დისბალანსიდან(წმინდა უცხოური ინვესტიციები, ექსპორტ-იმპორტის დინამიკა, ფულადი ზავნილები, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები), მათ შორის საგადამხდელო ბალანსის პოზიციიდან და მით უმეტეს, არც გლობალური საგარეო ფაქტორებიდან”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

Share