Home » საზოგადოება » გიორგი ცუცქირიძე: დასავლეთის დომინირების დასრულებაზე საუბარი ნაადრევია
გიორგი ცუცქირიძე: დასავლეთის დომინირების დასრულებაზე საუბარი ნაადრევია

გიორგი ცუცქირიძე: დასავლეთის დომინირების დასრულებაზე საუბარი ნაადრევია

რა გეო პოლიტიკური პროცესები მიდის მსოფლიოში, დასრულდა თუ არა დასავლეთის დომინირების ეპოქა, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, გთავაზობთ ვრცელ ექსკლუზიურ ინტერვიუს პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მსოფლიოში დასავლეთის დომინირების ეპოქა დასრულდა. საფრანგეთის ლიდერმა  დასძინა, რომ ეს ხდება გეოპოლიტიკური ცვლილებების გამო. მაკრონმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ ამჟამად ჩინეთმა პირველ რიგში გადაინაცვლა,  რამდენად არის დაკავშირებული ეს ყველაფერი ნეო-ლიბერალიზმის დასასრულთან, რაზეც უკვე ღიად საუბრობენ?

გიორგი ცუცქირიძე: დღეს მსოფლიოში მიდის პროცესები, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ჩვენც აუცილებლად შეგვეხება. დასავლეთის ჰეგემონია მოიაზრებოდა ერთპოლუსიან მსოფლიოს სახით, სადაც დომინირება ევრო-ატლანტურ ცივილიზაციას უნდა ჰქონოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში. ფრენსის ფუკუიამას ცნობილი ესეც „ისტორიის დასასრული“ ამ კონტექსტს გულისხმობდა. ეს იდეები ფართოდ გავრცელდა გლობალიზაციის პროცესში, რასაც ზოგიერთი მკვლევარი ნეოლიბერალურ გლობალიზაციადაც კი ნათლავს.

რეალობა ცოტა სხვანაირი აღმოჩნდა. მართალია, საბჭოთა კავშირი დაიშალა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მეორე გეო პოლიტიკურ პოლუს წარმოადგენდა, თავისი გავლენის სფეროებით აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში, აღმოსავლეთ ევროპაზე რომ აღარაფერი ითქვას,  მაგრამ პრობლემებმა სხვა მიმართულებით იჩინა თავი. პირველ რიგში ეს არის ირანი და მზარდი  ისლამური ფუნდამენტალიზმი, რასაც დაემატა მომძლავრებული ჩინეთი და რუსეთი. როდესაც აღნიშანულ თემებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ნეოლიბერალურმა დოქტრინამ პოლიტიკაში და ეკონომიკაში, ასევე კულტუროლოგიურ ასპექტში, უზრუნველყო მრავალპარტიულობა და პოლიტიკური პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა საკანონმდებლო და კონსტიტუციურ დონეზე. ადამიანის უფლებები იქცა წამყვან პრიორიტეტად, ეკონომიკა აიგო კერძო საკუთრების პრიორიტეტზე, თუმცა საბაზრო თავისუფლებამ და კონსუმერიზმმა საბოლოო ჯამში შეიწირა სულიერება და გასაკვირი არ არის, რომ ამ მატერიალისტურ სისტემაში ღმერთის როგორც სულიერების უმაღლესი სუბსტანციის ადგილი თითქმის აღარ დარჩა.

ამიტომაც ითვლება, რომ ამ დოქტრინამ თავისუფალი ბაზრისა და ლიბერალიზმის დროშით,  „დახურა ვოლტერის, დიდროს და რუსოს დროიდან მომდინარე განმანათლებლობა“. საბაზრო თავისუფლება კი იქცა ახალი პოლიტიკის თავისებურ დიქტატად, კულტურული და ისტორიული კატეგორიების გადაფასებით და მიუღებლობით. მიიჩნევა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში საბაზრო თავისუფლების იდეად ჩაფიქრებული ნეო-ლიბერალიზმის მემარჯვენე დოქტრინა გადაიქცა რეპრესიულ სისტემად, რამაც წაშალა ზღვარი ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის. ნეო-ლიბერალიზმის, როგორც ბოლო ათწლეულებში წამყვანი იდეოლოგიური პლათფორმის კრიზისმა, განსაკუთრებით, 2008 წლის გლობალური კრიზისის წინა და შემდგომ პერიოდში იჩინა თავი. დიდწილად მისი შედეგი იყო 2008 – 2010 წლების გლობალური შოკები ეკონომიკაში, რასაც უკვე პოლიტიკურ დონეზე მოყვა ბრექსიტი ინგლისში და დონალდ ტრამპის მოსვლა ამერიკაში. ნეო-ლიბერალიზმის ერის დასასრულზე ცოტა ხნის წინ ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ნობელიანტმა ჟოზეფ სტიგლიცმაც ღიად განაცხადა.

ტრამპის გადაწყვეტილება რუსეთი დააბრუნოს დიდ შვიდეულში ამ ფაქტორებითაც არის განპირობებული. რადგან რუსეთი მიუხედავად ეკონომიკური სანქციებისა, და იზოლაციისა, მაინც ცდილობს შექმნას ალტერნატიული დიდი შვიდეული, ჩინეთთან ერთად, თუმცა ითვლება, რომ ამას  ჩინეთი აკეთებს რუსეთის ხელით.

ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომიც ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების თავისებური  გამოხატულებაა და ჩინეთის ეკონომიკის მზარდი ექსპანსიის შეჩერებას ემსახურება..

აშშ-ის სახელწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ამასწინდელ განცხადებაში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ რუსეთის და ჩინეთის ფაქტორის დასახელებაც, ანაკლიის პორტის კონტექსტში საყურადღებო ამ თვალსაზრისითაც არის.

ჩვენთან ნეო ლიბერალიზმის გაგება ცოტა დამახინჯებულია და ხშირად არასწორად ესმით, მათ შორის ეკონომიკური პოსტულატების თვალსაზრისითაც. რატომღაც ითვლება, რომ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნები თავისუფალი ბაზრის პრიორიტეტზე დგანან, ხოლო შერეული ეკონომიკური მოდელები არის დამახასიათებელი მხოლოდ სოციალისტური ორიენტაციის, ძირითადად სკანდინავიის ქვეყნებისათვის. არადა, დღეს პრაქტიულად ყველა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა შერეულ ეკონომიკური სისტემაზეა გადასული, რომელიც საბაზრო მექანიზმებსა და ეკონომიკური პროცესების სახელმწიფო რეგულირების მოდელს წარმოადგენს, იქნება ეს არა მხოლოდ შვედური, არამედ ამერიკული, ფრანგული, იაპონური თუ გერმანული მოდელები. ამასთან, იგივე სკანდინავიის ქვეყნებში თუ ნეო-ლიბერალური მიდომები დამახასიათებელია პოლიტიკურ და კულტურულ ასპექტებში, ამავდროულად ეკონომიკა მაღალი გადასახადებით და სოციალური პროგრამებით იგივე „შვედური კაპიტალიზმის“ მოდელით ფუნქციონირებს.

ნაციონალურმა მოძრაობამ ეყრდნობოდა რა ლიბერტარიანულ მიდგომებს, რაც ნეო-ლიბერალიზმის ულტრა-მემარჯვენე მიმდინარეობას წარმოადგენს, მოახერხა ამ მოძღვრების კიდევ უფრო გაუკუღმართება, იქცა რა თანამედროვე ბოლშევიზმად; შემთხვევითი არ იყო, რომ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის „ნაციონალისტური ნარატივი“ სახელმწიფო ინსტიტუტების და ეკონომიკის რეფორმირებასთან ერთად, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების, განსხვავებული აზრის მიუღებლობის, შიშის და ტერორის, ბიზნესის დატერორების გზით ბიუჯეტის გაურკვეველი „შავი სალაროების“ შევსებით ვითარდებოდა. საკუთრების უფლებების დარღვევა და ქონების ექსპოპრიაცია, სასამართლო სისტემის სრული მოშლა და პარტიული მართველობის ვერტიკალზე დაქვემდებარება, იყო თანმდევი იმ ვაკხანალიისა, რაც ათასობით ადამიანის ციხეში გაშვებით და ტერორის ატმოსფეროთი იყო უხვად ნაზავი.

-დავუბრუნდეთ ჩინეთის ეკონომიკური მოდელს, იგი პრინციპულად განსხვადება დასავლური ეკონომიკური მოდელებისაგან იმით, რომ კერძო საკუთრების შეზღუდულ ფორმაზე დგას. როგორც ახალი დომინანტური ძალის შემოსვლა რამდენად შეცვლის არსებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც რუსეთის ფაქტორის გამო, ისედაც არეულია?

– მართალია, ჩინური ეკონომიკური მოდელი ერთის მხრივ არის სოციალისტური ეკონომიკა, შეზღუდული კერძო საკუთრებით, რომელიც ხუთწლედის გეგმის საფუძველზე ვითარდება, მაგრამ იგი პრინციპულად განსხვავდება საბჭოური ან თუნდაც შვედური მოდელისაგან. ჩინურმა ეკონომიკურმა გამოცდილებამ ეკონომიკის გაბატონებული შეხედულებებიც კი სარევიზიო გახადა. ჩინეთმა შექმნა სახელმწიფო კაპიტალიზმის (state-guided capitalism) ერთობ ეფექტიანი მოდელი. ეს არის არა სახელმწიფო რეგულირების კეინსიანელობა, არამედ ეყრდნობა წმინდა ჩინურ ფილოსოფიურ ეკონომიკურ სპეციფიკას, შეზღუდული კერძო საკუთრებით. წარმოებაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ მოდელში წამყვანი როლი აკისრია ექსპორტს. გეთანხმებით ეს მოდელი პრინციპულად განსხვავდება ჩვენში ლამის სტიგმად ქცეული ნეო-ლიბერალური მიდგომებისაგან და საბაზრო კაპიტალიზმის გაგების ჩამოყალიბებული სტერეოტიპებისაგან, სადაც ეკონომიკური განვითარების და ზრდის მთავარი ლაიტმოტივი თავისუფალ ბაზარზე და კერძო საკუთრების პრიმატზეა აგებული.

ჩინეთის ეკონომიკური სასწაული დაიწყო 1978 წელს დენ სიაოპინგის მიერ, რომელიც სამართლიანად ითვლება თანამედროვე ჩინური სახელმწიფოს მამად. მიიჩნევა, რომ განვლილ პერიოდში, კერძოდ 1978 – 2010 წლებში, ჩინეთმა ეკონომიკის ევოლუციის თვალსაზრისით გაიარა ის გზა, რასაც თუნდაც ორმა თანამედროვე მეგაეკონომიკამ აშშ-მა და გერმანიამ მთელი საუკუნე მოანდომეს. ჩინეთის ასეთი ტრანსფორმაცია განაპირობა პირველ რიგში ტექნოლოგიურმა პროგრესმა.

დღეს პრაქტიკულად ყველა თანხმდება, რომ ჩინეთმა დაანგრია არსებული სტერეოტიპი, რომ ჩინეთი ვერ შექმნიდა განვითარებული დასავლეთის ალტერნატივას, ჩაიკეტებოდა სოციალისტურ ერთპარტიული და დახურული ბაზრის სტიგმებში, მხოლოდ აგროსექტორის მოდერნიზება(ისიც ნაწილობრივ) და დაბალტექნოლოგიური საქონლის და ტექსტილის წარმოება შეეძლო. მაგრამ უკვე გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს ჩინეთმა დაძლია არა თუ დაბალტექნოლოგიური, არამედ საშუალოტექნოლოგიური პროდუქციის წარმოების ბარიერიც და 2010 წლიდან მაღალტექნოლოგიურ ჰაბად იქცა. ჩინეთმა უზრუნველყო აგროსექტორის მთლიანი ტრანსფორმაცია, როდესაც რეფორმების დაწყებიდან უკვე მეათე წლისთავზე შეძლო დაეპურებინა მილიარდიანი მოსახლეობა, რაც წარმოუდგენლად მიიჩნეოდა. ეს რეფორმაც განხორციელდა წმინდა სოციალისტური მოდელით, როდესაც გლეხებს მიწები გადაეცათ დასამუშავებლად კოლექტიური თანასაკუთრების პრინციპით; უნდა აღინიშნოს ჩინური გეო-ეკონომიკის კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც არის განათლების რეფორმა. ჩინეთმა დაძლია წერა-კითხვის მასობრივი უცოდინრობა და სასწავლო დაწესებულებების დეფიციტი. დღეს ჩინეთში 2 ათასზე მეტი უმაღლესი სასწავლებელია, სადაც განათლება უფასოა.

ჩინური წამყვანი უნივერსიტეტები შედიან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ასეულში. განათლების რეფორმამ, გარდა სამეცნიერო პოტენციალის ზრდისა, კონკურენტუნარიანი მენეჯერების გამოშვებაც უზრუნველყო, რამაც გაზარდა ჩინური საწარმოების კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბიზნესში;

ნიშანდობლივია, რომ ყველა რეფორმა თავიდანვე სოციალურად ორიენტირებული იყო და პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა საბაზრო კაპიტალიზმს. კონფუციანური სწრაფვა განათლებისაკენ სწავლების ყველა დონეზე ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი პრიორიტეტია დღემდე. კონფუციანური განათლების პრინციპებია თვითრეალიზება და საკუთარი თავის დაძლევა (ცზი).

დღეს მსოფლიო სამეცნიერო და პოლიტიკური წრეები სულ უფრო იხრებიან იმ თვალსაზრისისაკენ, რომ ჩინეთი არის არა მხოლოდ ევროცენტრიზმისა და ვესტერნიზმის რეალური ალტერნატივა, არამედ გლობალური ისტერნიზაციის მაგალითი. იაპონიამ და სამხრეთ კორეამაც განახორციელა ეკონომიკური სასწაული გასული საუკუნის მეორე ნახევარში, მაგრამ არც იაპონია და არც სამხრეთ კორეა არ გამოსულან ევროპეიზმისა და ვესტერნიზმის საზღვრებიდან.

ჩვენთან უკვე პოპულარულად ქცეული საწარმოო სიმძლავრეების რელოკაციიდან ანუ  პროდუქციის ჩინეთში წარმოებით და საერთაშორისო ბაზრებზე გატანით, საბოლოო ჯამში ამერიკაზე და ევროპაზე მეტად მოგებული ჩინეთი დარჩა. ჩინეთმა პრაქტიკულად შეიწოვა და განავითარა  ყველა ის ტექნოლოგიური ინოვაცია, რაც დასავლეთმა საკუთარი წარმოებების დიდი ნაწილის ჩინეთში გადატანით განახორციელა.

-ჩინეთი ითვლება ტექსტილის წარმოების დიდი ჰაბად, რამდენად დივერსიფიცირებულია და კონკურენტუნარიანია დღეს ჩინეთის ეკონომიკა?

ჩინეთის კიდევ ერთი გეო-ეკონომიკური თავისებურება არის ეკონომიკის დივერსიფიკაცია. ჩინეთს ჰქონდა არჩევანი: აქცენტი გაეკეთებინა ტრადიციულ კონკურენტული უპირატესობის საქონელზე, ან მოეხდინა ეკონომიკის სრული მოდერნიზაცია. პირველის არჩევის შემთხვევაში ჩინეთი დიდი ალბათობით იქცეოდა ბრინჯის მწარმოებელ აგრო ჰაბად და ღარიბ ქვეყნად დარჩებოდა; იგივე შეიძლება ითქვას სამხრეთ კორეაზეც და ვიეტნამზეც, რომლებიც დღეს სამრეწველო კაპიტალიზმის ფლაგმანებად ითვლებიან.

მართალია, სადღეისოდ ჩინეთში წარმოებაზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელის ეტაპობრივად ჩანაცვლება ხდება მომსახურების მოდელით, მაგრამ სამრეწველო პროდუქციის უდიდესი ნაწილის მწარმოებელი დღემდე ჩინეთია. საქონლის ასორტიმენტი იწყება მანქანა-დანადგარებით და ელექტრონული ტექნიკის საქონლით და მთავრდება ტექსტილით.

 ჩინეთი, გარდა ავტომობილებისა, აწარმოებს გემებს, მეტალურგიულ პროდუქციას და ცემენტს. ჩინეთს პრაქტიკულად არ აქვს ენერგეტიკული პრობლემები, რადგან ყველაზე მეტი კაშხალი აქვს აგებული. 2017 წლის მონაცემებით ჩინეთი ავტომობილების ყველაზე დიდი მწარმოებელია, რაც ყოველწლიურად 29 მლნ ავტომობილს შეადგენს, შედარებსათვის აშშ აწარმოებს 11,2 მლნ ავტომობილს წელიწადში, ხოლო იაპონია-9,7 მლნ ერთეულს. რეფორმების დაწყებიდან ორმოცი წლის შემდეგ, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2018 წელს $13.6 ტრილიონს შეადგენდა, ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში კი 22%-ს შეადგენდა  და მხოლოდ ამერიკის მაჩვენებელს ჩამორჩება, რომელიც 2018 წლის მიხედვით 20,5 ტრილიონ აშშ დოლარი იყო და ეს მაშინ, როცა 1978 წელს, ჩინეთის მშპ მხოლოდ $150 მილიარდი იყო!. ამასთან, ბოლო 20 წლის მანძილზე, ზრდასრული მოსახლეობის სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე გაოთხმაგდა. ჩინეთში 600 მილიარდელია, რაც ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ჩინეთმა განვითარებად ქვეყნებს უფრო მეტი კრედიტები გამოუყო, ვიდრე მსოფლიო ბანკმა. ჩინეთი წარმოადგენს უმსხვილეს ინვესტორს აშშ-სთან და იაპონიასთან ერთად. მსოფლიოს წამყვანი 10 ბანკიდან აქტივების სიდიდით პიორველი ოთხი  ბანკი ჩინურია, 13.5 ტრილიონი დოლარის საერთო აქტივებით. ჩინეთი ასევე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ლოჯისტიკურ ჰაბად, მსოფლიოს 10 უმსხვილესი პორტიდან 7 ჩინურია.

2010 წლისათვის  ჩინეთი უკვე გადავიდა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებაზე. იქმნება ახალი თანამედროვე ლოჯისტიკური ჰაბები. ჩინური საკომუნიკაციო და კომპიუტერული  ბრენდები მსოფლიოში ცნობილია. ჩინეთი არ იშურებს თანხებს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისათვის.

ემანუელ მაკრონის განცხადებაც არ არის შემთხვევითი, მაგრამ ჩინური ეკონომიკური დრაკონის, როგორც მას უწოდებენ,  განაცხადი ახალ მსოფლიო წესრიგზე რამდენად რეალურია, ეს სხვა საკითხია. წმინდა ეკონომიკური კუთხით, მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, დღევანდელი ტემპები რომ შეინაჩუნოს, ჩინეთს მინიმუმ 10 წელი მაინც დასჭირდება მშპ-ის მოცულობის  მიხედვით აშშ-ის გადასწრებისათვის, ჩინეთს კი ჰქონდა ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ინდოეთთან ერთად, საშუალოდ წლიური 7.8 %,  მაგრამ ბოლო წელია ზრდის ტემპები შენელებულია 6%-მდე.

გარდა ამისა, უახლოეს 10-12 წელიწადში თუნდაც 2030 წლისათვის არავინ იცის თუ რა ტექნოლოგიური გარღვევა მოხდება მსოფლიოში და კერძოდ დასავლეთში. 10 წლის წინ ძნელად თუ ვინმე დაიჯერებდა, რომ 3D პრინტერით არა თუ ადამიანის ორგანოების, არამედ სახლების აშენება იქნებოდა შესაძლებელი. მიმაჩნია, რომ მარსის ათვისების პლანეტარული პროგრამა სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს ახალ გეო პოლიტიკურ რეალობაზე… და ახლა ამ თემებზე მსჯელობა ცოტა შორს წაგვიყვანს.

 მეორე, არც თუ ნაკლებად აქტუალური საკითხი არის ის, თუ რამდენად არის მზად პეკინი ახალი მსოფლიო წესრიგის არქიტექტორი გახდეს უკვე ფაქტიურად მრავალ პოლუსიან მსოფლიოში. აიღებს კი თუნდაც უახლოეს ათწლეულში, პასუხისმგებლობას მსოფლიო ლიდერობაზე, რაც ევრო-ატლანტურმა ცივილიზაციამ  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ავად თუ კარგად მოიტანა დღემდე.

ჩინეთი არის აბსოლუტურად სხვა ცივილიზაცია, ვიდრე ქრისტიანული ცივილიზაციაა, რომელიც იყო ჰეგემონი აშშ-ს სახით, ბოლო 70 წლის მანძილზე.

აქედან გამომდინარე, დღეს კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. არა მგონია, დასავლეთის ლიდერობა უახლეს მომავალში დასრულდეს. დასავლეთს ჯერ კიდევ აქვს რესურსები არსებული კრიზისი გადალახოს. ისე ჩვენ გვაქვს ამ ტიპის ცივილიზაციასთან ურთიერთობის მდიდარი ისტორიული გამოცდილება, მე-12-14 საუკუნეებში როგორც უარყოფითი ისე დადებითი, თუნდაც გიორგი ბრწყინვალეს ეპოქა რომ მივიღოთ მხედველობაში.

“ბანკები და ფინანსები”

Share