Home » საზოგადოება » გიორგი ჩოგოვაძე – ქუთაისი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჰაბად იქცევა
გიორგი ჩოგოვაძე - ქუთაისი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჰაბად იქცევა

გიორგი ჩოგოვაძე – ქუთაისი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჰაბად იქცევა

4 ივნისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირებას უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINES იწყებს. პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან ოდესისა და ხარკოვის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ბოინგ 737-800 შესრულდება.

როგორც „კომერსანტს“ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს, ამასთან დაკავშირებით, სასტუმრო Holiday Inn-ში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ და ავიაკომპანია SKY UP-ის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ხაინადსკიმ მიიღეს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მიერ ოპერირების დაწყება სრულ თანხვედრაშია იმ სტრატეგიასთან, რასაც ქუთაისის აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჰაბად ქცევა ჰქვია.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის. 4 ივნისიდან უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი ხარკოვისა და ოდესის მიმართულებით იწყებს ავიარეისებს, რაც სრულ თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიასთან, რომ ქუთაისი ვაქციოთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შეთავაზების ცენტრად, არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის და უცხოელებისათვის, არამედრეგიონის პოტენციალისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ საქართველოში და კონკრეტულად ქუთაისში ოპერირების დაწყებით, აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.

საქართველოს ავიაბაზრისადმი დიდ ინტერესზე საუბრობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. ლევან კარანაძის განცხადებით 2019 წლისთვის საქართველოს აეროპორტებშიმგზავრთნაკადის რაოდენობა 6 მლნ მგზავრს მიაღწევს.

,,მივესალმებით ბაზარზე SkyUP-ის შემოსვლას. მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის მიმართულება ვითარდება, ეს აეროპორტი მზარდია, არის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი და წლევანდელ დინამიკას თუ გადავხედავთ, წლის ბოლოსთვის აეროპორტებში მგზავრთნაკადი 6 მლნ-მდე უნდა ავიდეს,“ – განაცხადა ლევან კარანაძემ.

ავიაკომპანიაSKY UP გენერალური დირექტორი ევგენი ხაინადსკის განცხადებით, ქუთაისის მიმართულება პერსექტიულ ჭრილში განიხილება და დღევანდელი მონაცემებით, ბათუმისგან განსხვავებით, ქუთაისის მიმართულებით ფრენები მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება.

,,ჩვენი რეგიონალური აეროპორტებისათვის ქუთაისის მიმართულება ეს პირველი ნაბიჯია. ქუთაისის აეროპორტში ვხედავთ პერსპექტივასა და პოტენციალს წლის განმავლობაში ფრენებისთვის. ზაფხულის პერიოდში მგზავრებს შესაძლებლობა ეძლევათ გადაადგილდნენ ბათუმის მიმართულებით, ხოლო ზამთრის პერიოდში კი სამთო-სათხილამურო კურორტებისა თუ სხვა ტურისტული მიმართულებებით,- განაცხადა SkyUp Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ხაინადსკიმ.

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP 2016 წელს დაფუძნდა და ფრენების განხორციელება 2018 წლის მაისიდან ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით დაიწყო. საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიამ ოპერირება 2018 წლის ზაფხულში, ჩარტერული რეისებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო, მოგვიანებით კი რეგულარული რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაამატა.

Share