Home » საზოგადოება » ღვინის კომპანიებისთვის ტექნიკური რეგლამენტი განისაზღვრა
ღვინის კომპანიებისთვის ტექნიკური რეგლამენტი განისაზღვრა

ღვინის კომპანიებისთვის ტექნიკური რეგლამენტი განისაზღვრა

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული ღვინო

ღვინის კომპანიებისთვის ტექნიკური რეგლამენტი (ღვინის წარმოების ზოგადი წესი და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ) განისაზღვრა.

შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს. ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება ყველა ღვინის კომპანიაზე.

„ღვინის წარმოება უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინოების წარმოების სპეციფიკაციები, ასევე ღვინის კომპანიების მიერ ღვინის წარმოებისთვის დადგენილი ტექნოლოგიური ინსტრუქცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს“, – ნათქვამია დადგენილებაში.

დადგენილების მიხედვით, ღვინის ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს: ღვინო უნდა იყოს უზადო, ჰარმონიული, დახვეწილი და რბილი. ღვინოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კატეგორიის ან/და ვაზის ჯიშისთვის დამახასიათებელი ტიპურობა (ფერი, არომატი, გემო).

დადგენილებაში განსაზღვრულია თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული ღვინო ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების, შაქრიანობის, აქროლვადი მჟავიანობის, უშაქრო ექსტრაქტის მასური კონცენტრაციის კუთხით.

ასევე განისაზღვრა ღვინის წარმოების ზოგადი წესი. კერძოდ, მეღვინეობის პრაქტიკაში იკრძალება: ღვინის წარმოება გამოწნეხილი დურდოსგან, ლექისგან ან/და ქიშმიშისგან; ყურძნის წვენის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, რექტიფიცირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დადუღება ალკოჰოლიანი სასმელის წარმოების მიზნით. ეს აკრძალვა არ ეხება ყურძნის ტკბილში, დურდოში, მადუღარ ტკბილში, მადუღარ დურდოში ან ღვინოში კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის ან რექტიფიცირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამატების ოპერაციას“, – ნათქვამია დადგენილებაში.

ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია: წყლის დამატება, ღვინოში ნებისმიერი წარმოშობის სპირტის დამატება (გარდა ლიქიორული ღვინისა, არომატიზირებული ღვინის ან/და ნახშირორჟანგის შემცველი ღვინის საწარმოებლად გამოყენებულ ლიქიორში შემავალი სპირტისა), საქაროზას დამატება, გარდა არომატიზირებული ღვინისა, აგრეთვე ცქრიალა ღვინისთვის ან/და შუშხუნა ღვინისთვის განკუთვნილი ლიქიორისა; ღვინოში ნებისმიერი ბუნებრივი ან სინთეზური არომატის დამატება, გარდა არომატიზებული ღვინისა, რომელშიც დასაშვებია ამ კანონით ნებადართული ბუნებრივი არომატიზატორების გამოყენება; ღვინოში ნებისმიერი საღებავი ნივთიერების დამატება; ბუნებრივად ნახევრად მშრალი ღვინის, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინის, ბუნებრივად ტკბილი ღვინის ან აისვაინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის ან/და რექტიფიცირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამატება; საქართველოში იმპორტირებული ყურძნის, ყურძნის ტკბილის, დურდოს, ყურძნის წვენის, მისტელის, მადუღარი ტკბილის, მადურაღი დურდოს ან მაჭრის გადამუშავება ან გამოყენება ალკოჰოლიანი სასმელის წარმოების მიზნით ან ასეთი საქონლის შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა; სხვა ქვეყანაში წარმოებული ღვინის საქართველოში წარმოებულ ღვინოში შერევა. ამ მოთხოვნების დარღვევა იწვევს შესაბამისი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის თვისებრიობის შეცვლას.

გარდა ამისა, ღვინის წარმოება დასაშვებია ერთი ან რამდენიმე ნებადართული ვაზის ჯიშის ყურძნისგან.

Share