Home » საზოგადოება » ღარიბაშვილი – არ მომწონს, რომ ჩვენი ახალგაზრდები მოდიან ჯარში და ყარაულებად მსახურობენ
ღარიბაშვილი - არ მომწონს, რომ ჩვენი ახალგაზრდები მოდიან ჯარში და ყარაულებად მსახურობენ

ღარიბაშვილი – არ მომწონს, რომ ჩვენი ახალგაზრდები მოდიან ჯარში და ყარაულებად მსახურობენ

თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სტრუქტურის მოწყობაზე და მიზნებზე პირველი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავდაცვის ძალები და ჯარი უფრო ძლიერი მექანიზმი გახდეს.

„არ არსებობს იმაზე უფრო მაღალი მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას, შენს ჯარს.

მე ვიქნები თითოეული ჯარისკაცის მეგობარი, მათი ფარი ვიქნები. მე მივდივარ მაღალი მოტივაციით და ვაცხადებ, რომ ვიქნები აბსოლუტურად მობილიზებული ჩემი ენერგიით, ჩემი გამოცდილებით. ბოლომდე დავიხარჯები, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გახდეს უფრო ძლიერი, რათა ჩვენი ჯარი გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს.

ერთი მთავარი მიმართულება იქნება ჩვენი ჯარის აღმშენებლობა, მათზე ზრუნვა უკეთესი პირობები მათთვის, ჩვენი სამხედროებისთვის, უკეთესი სოციალური პირობები მათთვის და რაც მთავარია, მე გავაკეთებ ყველაფერს, რათა ჩვენი ჯარის შესაბამისი ნაწილები, მათ ინფრასტრუქტურა მოეწყოს ისე, როგორც არის მოწყობილი მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება დაპირებული რეფორმები. ღარიბაშვილმა არ გამორიცხა, რომ საქართველომ შვეიცარიის მაგალითი გაიზიაროს.

„ჩემი მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ ჩვენი ძვირფასი ახალგაზრდები, ქვეყნის მთავარი პოტენციალი, მომავალი თაობა გამოვტაცო ნარკოტიკებს, კრიმინალს, გავზარდო მათში მოტივაცია, რომ მათთვის ჯარში მოსვლა იყოს საამაყო. ჯარი უნდა გახდე ყველაზე პრესტიჟული და ყველაზე საამაყო ადგილი.

არსებული სისტემა მეც არ მომწონს. მე არ მომწონს, რომ ჩვენი ახალგაზრდები მოდიან ჯარში და ყარაულებად მსახურობენ.

ჩემი ამოცანა იქნება, რომ ყველა ახალგაზრდა, რომელიც მოვა ჯარში, სხვა ადამიანი გავიდეს ჯარიდან, ადამიანი, რომელიც იქნება მზად რომ ემსახუროს ჩვენს სამშობლოს,“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Share