Home » საზოგადოება » „გაზაფხულზე შევქმნით „ჩრდილოვან კაბინეტს”- საზოგადოებამ წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ იქნება პრემიერი და მინისტრები“
„გაზაფხულზე შევქმნით „ჩრდილოვან კაბინეტს"- საზოგადოებამ წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ იქნება პრემიერი და მინისტრები“

„გაზაფხულზე შევქმნით „ჩრდილოვან კაბინეტს”- საზოგადოებამ წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ იქნება პრემიერი და მინისტრები“

როგორც კი პარტიას დავაფუძნებთ, მის ხელმძღვანელ ბირთვს პრაიმერის საშუალებით ავირჩევთ, რაც საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან“ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გაზაფხულზე, ასევე შეიქმნება „ჩრდილოვანი კაბინეტი“, რომელიც 12 ლიდერის მიერ შექმნილ პროგრამას დაეყრდნობა.

„კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მცირე მთავრობის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას „ამხელა მთავრობა არ სჭირდება“.

„მე გუნდური მოთამაშე და, იმავდროულად, ლიდერი ვარ, რაც თანამდებობა კი არა, ის ადამიანია, ვინც, უხეშად რომ ვთქვათ, ათი კაციდან ერთ-ერთი პირველია, ვინც ტანკს პირველი შეუვარდება.

ჩვენი ქვეყნის რადიკალურად უკეთესობისკენ შემოტრიალება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების გაერთიანებით შეიძლება. პარტიის გამჭვირვალობა არ ნიშნავს ტელევიზიაში გამოსვლას. ეს არის პროცესის თანაავტორობა. ამომრჩეველმა თავად უნდა აირჩიოს, ვინ იქნება პარტიის წამყვანი ბირთვი. ამიტომ როგორც კი პარტიას დავაფუძნებთ, მის ხელმძღვანელ ბირთვს პრაიმერის საშუალებით ავირჩევთ, რაც საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება. იქნებ 30 წლის შემდეგ მაინც დავამთავროთ ვიღაცის წინააღმდეგ ხმის მიცემა, რადგან ყოველთვის უკუშედეგი მივიღეთ, ინსტიტუციურად ვერ განვვითარდით. საგარეო ორიენტაციაში დავიბენით ან დაგვაბნიეს.

გაზაფხულზე, ასევე, პირველად შევქმნით „ჩრდილოვან კაბინეტს”, რომელიც იმ პროგრამებს დაეყრდნობა, რომლებსაც 12 ლიდერი მოამზადებს. ეს იქნება სხვადასხვა სფეროს 12 საუკეთესო პროფესიონალი. საზოგადოებამ წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ იქნება პრემიერი, ასევე უნდა იცოდეს ვინ იქნებიან სხვადასხვა უწყების მინისტრები და რა პროგრამები ექნებათ მათ; რამდენად მცირე იქნება მთავრობის გუნდი, რადგან ხარჯები რადიკალურად უნდა შემცირდეს, ასეთ პატარა ქვეყანას ამხელა მთავრობა არ სჭირდება. თუმცა იმ პირთა რესურსი, ვინც დღეს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ, გარდამავალ ეტაპზე აუცილებლად საჭირო იქნება და მათი ხელის ერთი მოსმით გაშვება გამორიცხულია,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

Share