Home » ეკონომიკა » გაუჩინარებული ეკონომიკური ატაშეები – რატომ ჩავარდა მთავრობის ინიციატივა
გაუჩინარებული ეკონომიკური ატაშეები - რატომ ჩავარდა მთავრობის ინიციატივა

გაუჩინარებული ეკონომიკური ატაშეები – რატომ ჩავარდა მთავრობის ინიციატივა

საზოგადოებას არაერთი ინიციატივა თუ რეფორმა ახსოვს, რომელიც ხელისუფლებამ დააანონსა შემდეგ კი მათი კვალიც და ინიციატორებიც ერთად გაქრნენ. ერთ-ერთი ასეთი იყო კომერციული ატაშის ინსტიტუტი. კომერციული ატაშე იყო პირი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი უნდა გაეცნო მსოფლიოსთვის.

უფრო კონკრეტულად კი, ატაშის მოვალეობები საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავდა, ატაშე უნდა ყოფილიყო პირი, რომელიც სპეციალურ სავაჭრო წარმომადგენლის როლს მოირგებდა სხვადასხვა ქვეყანაში, ატაშის მოვალეობებში უნდა შესულიყო, ასევე საქართველოს ექსპორტიორი კომპანიების ინტერესების ლობირება, ქართული ბიზნესის ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება საზღვარგარეთის ბაზრებზე, ინვესტიციების მოზიდვა, რეალიზაციის ბაზრების დივერსიფიცირება, საერთაშორისო ბიზნესტენდენციების, ტექნოლოგიების, ინოვაციების გაცნობა და საქართველოში დანერგვა.

აღნიშნული ინიციატივა ეკონომიკის სამინისტრომ 2016 წლის ივნისში დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის დროს წამოაყენა, მისივე ინიციატივით, ატაშეები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით დაინიშნებოდნენ. როგორც მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი აცხადებდა, საქართველოს მთავრობის სხდომაზე ”დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში” ცვლილებები უკვე შესული იყო, რომლის მიხედვითაც, დიპლომატიურ წარმომადგენლობებში კომერციული ატაშეს ინსტიტუტი შეიქმნებოდა. თუმცა, ამავე წელს დიმიტრი ქუმსიშვილმა, თანამდებობა დატოვა და ინიციატივაც დროში გაიყინა.

ინიციატივაზე მუშაობა იმხანად ქუმსიშვილის ადგილზე ახლად დანიშნულმა გიორგი გახარიამ გააგრძელა. გახარიას დროს პოტენციური ატაშეების უფლება მოვალეობებს დაემატათ პროექტ “აწარმოე საქართველოს”-ს ნაწილიც. კერძოდ, ატაშეებს მოუწევდათ მჭიდრო თანამშრომლობა “აწარმოე საქართველოს” გუნდთან და მათ დააკავშირებდნენ მსხვილ შემსყიდველებთან. თუმცა, გიორგი გახარიასაც არ ეყო დრო, ამ ინიციატივის ბოლომდე მისაყვანად და პოსტი ისე დატოვა, რომ ინიციატივა ისევ ჰაერში გამოკიდებული დარჩა.

კომერციული ატაშეების საკითხი წინა პლანზე უკვე 2018 წელს გიორგი ქობულიას მინისტრობის დროს წამოიწია. თუმცა, უფრო დაკონკრეტდა და ატაშეების რაოდენობა პირველ ეტაპზე ექვსი წარმომადგენლით განისაზღვრა. ატაშეები პირველ ეტაპზე მოიაზრებოდნენ აშშ-ს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მეტიც ამ მიმართულებით ატაშეების შერჩევის პროცესიც დაიწყო, როგორც იმხანად მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე აცხადებდა, ატაშეების კანდიდატურაზე 125 განაცხადი იყო წარდგენილი და ატაშეების შერჩევა ამ კანდიდატურებიდან 2018 წლის ბოლომდე მოხდებოდა.

საკმაოდ მკაცრი იყო კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებიც, მაგალითად საერთაშორისო ვაჭრობის, ინვესტიციების მიმართულებით ან საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სტრუქტურაში საერთაშორისო ეკონომიკური მიმართულებით. ასევე კონკრეტული ქვეყნების მიხედვით, დადგენილი იყო უცხო ენების ცოდნის ვალდებულებაც.

საკმაოდ დეტალურად იყო გაწერილი შერჩევის პროცესიც, მაგალითად ატაშეს შესარჩევად უნდა ჩაებარებინა წერითი დავალება, პრეზენტაცია, უცხო ენის გამოცდა და ბოლოს გასაუბრება. ამის შემდეგ ატაშეს მოუწევდა ტრენინგ კურსის გავლა, კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდებოდა მისი მივლინება ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში.

თუმცა, კომერციული ატაშეების ინიციატივა ვერც გიორგი ქობულიას დროს გავიდა ბოლოში და ატაშეების შერჩევა არა 2018 წლის ბოლოს, როგორც ამას ყოფილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აანონსებდა, არამედ 2019 წლის ბოლოსაც ვერ მოხერხდა. მეტიც აღნიშნული ინიციატივა იმ მრავალ ინიციატივათა ჩამონათვალს შეუერთდა, რომელზეც საზოგადოებას აქტიურად ესაუბრებოდნენ ეკონომიკური გუნდის ლიდერები, თუმცა დროის გასვლის შემდეგ არავინ იცის რატომ და სად გაუჩინარდა, ესა თუ ის ინიციატივა და დაპირებები.

ბოლოსკენ შეიძლება ითქვას, რომ როგორც ზოგადად ეკონომიკის სხვადასხვა დარგებისთვის, ისე ამ ინიციატივისთვისაც, საკმაოდ დიდი პრობლემა აღმოჩნდა მმართველი ელიტის, მით უფრო კი ეკონომიკური მინისტრების ხშირი ცვლა, სწორედ ამ გარემოებამ ითამაშა ლომის წილიც ეკონომიკური ატაშეების საქმეშიც.

პაატა თურქია

Share