Home » ეკონომიკა » გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის ტექნიკური გაშვება დაიწყო
გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის ტექნიკური გაშვება დაიწყო

გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის ტექნიკური გაშვება დაიწყო

“საპარტნიორო ფონდმა” დაასრულა ენერგოპროექტი – გარდაბნის 237 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა და სადგურის ტექნიკური გაშვება უზრუნველყო.

სადგური ყოველწლიურად 1.6 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი საქართველოში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე  სხვა თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით თითქმის ორჯერ უფრო მაღალი  და უფრო ეკონომიურია. ქვეყნის  ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის  წარმოშობის შემთხვევაში, გარდაბნის სადგური  უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტრონერგიით უწყვეტ მომარაგებას.

“ეს იქნება ენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე საიმედო რეზერვი, რომელიც ჩვენს ენერგო უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს. ამ მასშტაბის ენერგეტიკული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად განხორციელდა”, – განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ.

უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის “ჯენერალ ელეკტრიკის” და “შკოდას” უახლესი ტურბინებით აღჭურვილი გარდაბნის ბოელექტროსადგურის მშენებლობა საპარტნიორო ფონდმა მის შვილობილ კომპანია – “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან” ერთად ერთი წლის წინ 2014 წლის იანვარში დაიწყო.

თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე დაიხარჯა 231 მლნ აშშ დოლარი. იგი  დაფინანსდა საპარტნიორო ფონდისა და “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” მიერ. მშენებლობა უმსხვილესმა თურქულმა კომპანიამ – Chalik energy-იმ განახორციელა.

“გარდაბნის თბოსადგური არის არჩეულებრივი პროექტი. ჩვენ ვართ ისტორიული ფაქტის წინაშე”, – ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზმა გარდაბანის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის ტექნიკური გაშვების შემდეგ განაცხადა.

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან “გარდაბანის თბოსადგურის” მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო არის თურქეთის მეგობარი ქვეყანა. ძლიერი საქართველო კი თურქული მხარისთვის მნიშვნელოვანია.

“რა თქმა უნდა, ეს პროექტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, არანაკლებმნიშვნელოვანია ის თურქეთისთვისაც. ვინაიდან ძლიერი საქართველო თურქეთისთვის ძალინ მნიშვნელოვანია. ჩვენ ამას არ ვუყურებთ როგორც უცხოურ კაპიტალდაბანდებას. რადგან საქართველო ჩვენთვის ძალიან ახლო მეგობარია”, – განაცხადა ილდიზმა.

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს. მისი თქმით, რომ არა მათი მხარდაჭერა, “ასე მოკლე ვადაში ამ პროექტის განხორციელებას ვერ შეძლებდნენ”.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თბოსადგურის გახსნა მთლიანად ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების კონტექსტში განიხილა და განაცხადა, რომ საქართველოში უნდა მოხდეს და უკვე ეტაპობრივად მიმდინარეობს ენერგო რესურსების რაციონალური ათვისება.

“ჩვენ უნდა გვქონდეს განვითარებული და დივერსიფიცირებული ენერგოსექტორი და თანამედროვე და საიმედო ინფრასტრუქტურა. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველო, რომელიც განვითარების გზაზეა უფრო მიმზიდველი გავხადოთ ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი პროექტების განხორციელებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და შედეგად სოციალური ფონის მკვეთრ გაუმჯობესებას.

კონკრეტულად დღევანდელი შეხვედრის შესახებ – ეს არის 237 მგვტ. დადგმული სიმძლავრის პირველი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც გახლავთ, ბოლო წლებში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგოპროექტი – საპარტნიორო ფონდის, გაზის და ნავთობის კორპორაციასა და თურქულ კომპანია, ჩალიკ ენერჯის მიერ.

ენერგეტიკის სექტორის მდგრადი განვითარებისა და საიმედო ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია გარანტირებული სიმძლავრის დამატებითი წყაროების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გარდაბნის კომბინირებული თბოელექტროსადგური, რომელიც ერთი მილიარდ ექვსასი მილიონი კილოვატ საათით გაზრდის ქვეყნის შიგნით გენერაციას.

ჩვენი ქვეყანა ისწრაფვის დამოუკიდებელი ენერგოპოლიტიკა აწარმოოს, ჩვენ- ჩვენი რეგიონული, სტრატეგიული და პარტნიორული ასპექტების გათვალისწინებით გვაქვს რეალური საფუძველი, ვიყოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე საერთაშორისო ენერგეტიკულ ურთიერთობებში.

ამიტომ თითოეული მსგავსი სიახლე, თითოეული განხორციელებული ინვესტიცია სექტორში გვაახლოებს ამ მიზანთან. ყველას ვუსურვებ წარმატებას, ნაყოფიერ შრომას და წინსვლას ჩანაფიქრების განხორციელებაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

Share