Home » საზოგადოება » განათლების სექტორში უთანასწორობის მაჩვენებელი დროთა განმავლობაში გაიზარდა
განათლების სექტორში უთანასწორობის მაჩვენებელი დროთა განმავლობაში გაიზარდა

განათლების სექტორში უთანასწორობის მაჩვენებელი დროთა განმავლობაში გაიზარდა

მიღწევებით ღარიბი მოსწავლეები მდიდრებს 78 ქულით ჩამორჩებიან –  სოფლად 44 ქულით ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს ქალაქებში

განათლების ხარისხის პრობლემები საქართველოს რეალობაში არახარილია. „ბანკები და ფინანსები“ პრობლემის თაობაზე ხშირად წერს, რომელიც სხვადასხვა ავტორიტეტულ და კომპეტენტურ კვლევებს ეფუძნება. პრობლემები ბევრი მიმართულებით არსებობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მეტრი საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებია. მაგალითისთვის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგად დგინდება, რომ 2018 წლის მონაცემებით, განათლების სისტემის ხარისხით საქართველო 137 ქვეყნიდან 103-ე ადგილზეა. ამ მაჩვენებლით რეგიონში ყველა ქვეყანა საქართველოზე წინ არის – აზერბაიჯანი 35-ე ადგილს იკავებს, სომხეთი 57-ე ადგილს, რუსეთი 64-ე ადგილს, ხოლო თურქეთი 101-ე ადგილს.

მოცემულ შემთხვევაში, განათლების სექტორში არსებულ ერთ-ერთ პრობლემაზე, კერძოდ, სხვადასხვა სოციალური სტატუსის წარმომადგენლებს შორის განათლების ხარისხის სხვაობაზე გავამახვილებთ ყურადღებას.

მიმდინარე პერიოდში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვიტარების ორგანიზაციამ (OECD) 2019 წლის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელიც განათლებაში შეფასებისა და ატესტაციის სისტემების შესახებაა საუ ბარი.

შეფასებაში ნათქვამია, რომ საქართველოში, 15 წლის ასაკის მოსწავლეებში, 2009 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში სწავლის შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებეში თითქმის ერთი სრული ნიშნით.

თუმცა, საქართველოში მიღწეული პროგრესი მოსახლეობის ყველა ჯგუფს თანაბრად არ შეეხო. მოსწავლეები ქალაქად უსწრებენ თანატოლებს სოფლად; სოციალურეკონომიკურად პრივილეგირებული მოსწავლეები უსწრებენ თავიანთ სოციალურად დაუცველ თანატოლებს; ხოლო, ის მოსწავლეები, რომლებიც შინ ქართულად ლაპარაკობენ, უსწრებენ თავიანთ თანატოლებს, რომელთა მშობლიური ენა ქართული არ არის. სამწუხაროდ, სწავლის ხარისხში ეს უთანასწორობა 2009-2015წწ. პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა.

ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოში მიღწეული პროგრესი მოსახლეობის ყველა ჯგუფს თანაბრად არ შეეხო და მიღწეული პროგრესი ნაკლებად თანაბარი გახდა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც კვლევაში ყურადღებაა გამახვილებული არის ის, რომ მონაწილეობა და შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება მოსწავლეთა დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მიხედვით, საქართველოში სკოლაში ჩართულობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, იგი განსხვავებულია მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით.

მაგალითად, ჩართულობის ნედლი მაჩვენებელი განათლების საშუალო საფეხურზე შეადგენს 72%-ს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეებისთვის, ხოლო ეთნიკურად ქართველი მოსწავლეებისთვის კი 90%-ს.

რაც შეეხება სწავლის შედეგებს, 2015 წელს დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეებმა საქართველოში 78 ქულით ნაკლები აიღეს, ვიდრე მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეებმა, რაც უხეშად, სკოლაში სწავლის 2,5 წელს უდრის. ეს სხვაობა უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთსა (58 ქულიანი განსხვავება) და თურქეთში (59 ქულიანი განსხვავება).

მოსწავლეები სოფლად 44 ქულით ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს ქალაქებში, რაც, დაახლოებით, სკოლაში სწავლის 1,5 წელს უთანაბრდება.

კვლევის მიხედვით, ასევე ვგებულობთ, რომ უთანასწორობის მაჩვენებელი დროთა განმავლობაში გაიზარდა. PISA (მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა) 2015-ის მიხედვით, საქართველოში მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფების მიღწევებს შორის განსხვავებები გაზრდილია PISA 2009-ის მონაცემებთან შედარებით.

2009 წელს, მოსწავლეებმა ქალაქად 30 ქულით მეტი მიიღეს, ვიდრე მოსწავლეებმა სოფლად. 2015 წლისათვის ეს სხვაობა 44 ქულამდე გაიზარდა. ამასთანავე, გაიზარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ქულებში არსებული განსხვავება ქართულენოვან და არაქართულენოვან მოსწავლეებს შორის 40 ქულიდან 60-ზე მეტ ქულამდე, რაც თითქმის სკოლაში სწავლის ორ წელს უთანაბრდება.

ორგანიზაცია თავის კვლევაში, ასევე ყურადღებას ამახვილებს წარსულში განხორციელებული რეგორმების მიზანშეწონილობაზე და აღნიშნავს, რომ ბევრი მათგანი სისტემაზე დადებითი გავლენის მოსახდენად იყო გამიზნული, მაგრამ ბევრი მათგანი სიღრმისეულ შეფასებას არ ეყრდნობოდა/

„მაშინ, როდესაც საქართველოში უახლოეს წარსულში განხორციელებული რეფორმები სისტემაზე დადებითი გავლენის მოსახდენად იყო გამიზნული, ბევრი მათგანი გრძელვადიანი მტკიცებულებების სიღრმისეულ შეფასებას არ ეყრდნობოდა. ასეთი მიდგომა იწვევს პოტენციურად არა მხოლოდ ნაკლებეფექტიან პოლიტიკას, არამედ აგრეთვე, ქმნის ისეთ არასტაბილურ გარემოს, რომელშიც ცალკეული პოლიტიკა სწრაფად იქმნება ან უქმდება. მაგალითად, სკოლის გამოსაშვები გამოცდები უცბად გაუქმდა და ერთიანი ეროვნული გამოცდები კი გადაისინჯა.

მოსწავლეთა შეფასების მთავარი მიზანია განისაზღვროს, თუ რა იციან მათ და რის გაკეთება შეუძლიათ, დაეხმაროს მოსწავლეებს სწავლის გაუმჯობესებასა და თავიანთი განათლების შემდეგი საფეხურის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში. საქართველოში სამინისტრომ მრავალი ინიციატივა წამოიწყო, რათა შეფასებები მეტად შინაარსიანი გამხდარიყო. თუმცა, ამ ძალისხმევის მიუხედავად, ძირითადად, მოსწავლეთა შეფასება  კვლავ ნიშნების დასაწერად გამოიყენება და არა სწავლის გაუმჯობესებაში მათ დასახმარებლად“, – ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, განათლებაში თანასწორობა გაიზარდოს. ამისთვის კი, როგორც კვლევაში წერია, არსებითია, რომ საქართველომ შეიმუშაოს შეფასებისა და ატესტაციის ისეთი სისტემები, რომლებიც შეძლებენ დაბალი და უთანასწორო შედეგების იდენტიფიცირებას და ამ გამოწვევის გადაჭრას მანამ, ვიდრე ეს უთანასწორობა ფესვებს გაიდგამს.

კერძოდ, მოსწავლეთა შეფასებას მოსწავლეთა მიღწევები უფრო ზუსტად შეუძლია განსაზღვროს, შესაძლებელია მასწავლებელთა გადამზადება მოსწავლეთათვის უკეთესი მხარდაჭერის გასაწევად, სკოლებს შეიძლება მიეცეთ მეტი ზედამხედველობის უფლებამოსილება, მათი წარმატებაში ხელშეწყობის მიზნით, და მთლიანად სისტემამ შეიძლება განავითაროს კვლევის შესაძლებლობა და მონაცემთა ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც აუცილებელია ქვეყანაში ყველა მოსწავლის უკეთესი სწავლის ხელშეწყობისთვის.

სანდრო პირველი

Share