Home » საზოგადოება » განათლების კომიტეტმა სკოლებში “დედაენის” სწავლებაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა
განათლების კომიტეტმა სკოლებში “დედაენის” სწავლებაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა

განათლების კომიტეტმა სკოლებში “დედაენის” სწავლებაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას და მარიამ ჯაშის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

საკითხი კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ წარმოადგინა, რომელმაც ცვლილებების ძირითად არსზე ისაუბრა. მომხსენებლის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს ექსპერტთა კომისიის შექმნას, რომელიც ეროვნულ ან საერთაშორისო კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე სახელმძღვანელოს მოამზადებს.

„სამინისტრო შექმნის კომისიას, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მეთოდით შექმნილ „დედაენის“ სახელმძღვანელოს მოამზადებს“, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

საკითხის ირგვლივ სხდომაზე კომიტეტის წევრების მხრიდან დისკუსია გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა დეპუტატებს სამინისტროს წერილობითი თხოვნა გააცნო, რომელიც კომისიის დაკომპლექტების წესს და მასში ექსპერტების და სპეციალისტების მონაწილეობას შეეხებოდა. მისი განცხადებით, სამინისტროს მოთხოვნა კანონპროექტის ავტორების მხრიდან სრულად იქნა გაზიარებული, რომელიც ცვლილებების პროექტში აისახება.

სხდომაზე პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა მეორე მოსმენით, „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.

სხდომაზე განხილულ საკითხებზე რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.

ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტი ავრცელებს.

Share