Home » ახალი ამბები » გაეროს ბავშვთა ფონდი ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების ცვლილებისკენ მიმართულ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
გაეროს ბავშვთა ფონდი ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების ცვლილებისკენ მიმართულ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს

გაეროს ბავშვთა ფონდი ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების ცვლილებისკენ მიმართულ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს

პარასკევს, 1 ივნისს, 13:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში (მის: რუსთაველის #3)  გაეროს ბავშვთა ფონდი ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული სოციალური ნორმების ცვლილებისკენ მიმართულ საკომუნიკაციო კამპანიის „დაასრულე ძალადობა“ პრეზენტაციას გამართავს.

კამპანია „დაასრულე ძალადობა“  მიზნად ისახავს, ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული სოციალური ნორმების ცვლილებასა და საზოგადობაში ინფორმაციულობის დონის ამაღლებას. კერძოდ, რაც შეიძლება  მეტმა ადამიანმა შეიტყოს და მიმართოს  აღზრდის ალტერნატიულ, პოზიტიურ მეთოდებს და ქვეყანაში შექმნას ჯგუფები, რომლებიც ცვლილებების გამტარები იქნებიან სოციალური ნორმების ტრანსფორმაციის პროცესში.

პრეზენტაციას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ:

  • ლაილა ო. გადი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში
  • იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
  • ნილს სკოტი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში
  • მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი
  • ნატალია ჯალიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი, ბავშვთა მიმართ ძალადობის დაძლევის გლობალური პარტნიორობა
  • ნინო ლომჯარია, საქართველოს სახალხო დამცველი

მნიშვნელოვანია, რომ კამპანია ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში. კამპანია წლის ბოლომდე გაგრძელდება და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, თუ რა არის ბავშვთა მიმართ ძალადობა და შეთანხმებას, რომ ძალადობა მიუღებელია. კამპანიის ფარგლებში ბავშვები და მოზარდები მიიღებენ ინფორმაციას ძალადობისა და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაჭრან პრობლემები არაძალადობრივი გზებით. გაიმართება შეხვედრები მასწავლებლებთან, შეიქმნება სპეციალური სახელმძღვანელო სკოლებისთვის, კომიქსები მოსწავლეებისთვის, გაიმართება შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. დაგეგმილია ძალადობის საკითხებზე  დებატების გამართვა მოსწავლეებს შორის. კამპანიის ფარგლებში, გაიმართება დისკუსიები პროფესიული ჯგუფებთან (მასწავლებლები, სკოლის თანამშრომლები, სოციალური მუშაკები) და თემის წარმომადგენლებთან, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. იგეგმება მჭიდრო თანამშრომლობა მედიასთან, უნივერსიტეტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან.

ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენება სოციალური ნორმაა.  ოჯახებსა და სკოლებში, ჯერ კიდევ, ხშირია ბავშვის დასჯა. ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირება, საზოგადოების მიერ ამ მოვლენის სრულად გაცნობიერება და ძალადობის მიმართ ნეგატიური განწყობის ფორმირება შეუძლებელია არსებული სოციალური ნორმების ტრანსფორმაციის გარეშე. სოციალური ნორმების ცვლილებისაკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანია „დაასრულე ძალადობა“ ინიცირებას გაუკეთებს საზოგადოებრივი დიალოგის პროცესს და შექმნის ქვეყანაში კრიტიკულ მასას შემდგომი ცვლილებების ხელშეწყობისათვის.

Share