Home » ბიზნესი » გაექცა თუ არა “ალდაგი” “სვეტის” მიერ დაზარალებული მობინადრეების მიმართ პასუხისმგებლობას
გაექცა თუ არა "ალდაგი" "სვეტის" მიერ დაზარალებული მობინადრეების მიმართ პასუხისმგებლობას

გაექცა თუ არა “ალდაგი” “სვეტის” მიერ დაზარალებული მობინადრეების მიმართ პასუხისმგებლობას

“ალდაგმა” “სვეტის” უნებართვო მშენებლობები დააზღვია – კომპანიას “ცენტრ პოინტის” ბედის გაზიარებას უწინასწარმეტყველებენ

კომპანია “სვეტის” შესაძლო მეორე “ცენტრ-პოინტად” გახდომაზე საზოგადოებაში აქტიური საუბრები მიმდინარეობს. კომპანიას რომ მშენებლობების დასრულებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, უკვე არახალია. როგორც დაზარალებული მობინადრეები აცხადებენ, პრობლემის მოგვარების იმედს არავინ იძლევა. ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით მენაშენეებმა პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობასაც კი მიმართეს.

დაზარალებულთა რაოდენობა რამდენიმე ასეულია. აქედან 200 ადამიანი ჭყონდიდელის ქუჩაზე მე-13 და მე-14 ბლოკის მობინადრეა. მენაშენეთა უმრავლესობა ემიგრანტია. სწორედ ეს იყო ძირითადი სეგმენტი კომპანია “სვეტის” მიერ აშენებული ბინების მისაყიდად.

აღსანიშნავია, რომ კომპანია “სვეტის” მიერ რამდენიმე სამშენებლო ობიექტზე მშენებლობები შესაბამისი ნებართვის აღების გარეშე მიმდინარეობდა, რისთვისაც მშენებლობა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეაჩერა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოხდეს სამშენებლო კომპანიის დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. როგორც თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, კომპანია “სვეტმა” რამდენიმე გაჩერებულ მშენებლობაზე უკვე შემოიტანა ნებართვაზე განაცხადი და პროცედურა დაწყებულია.

როგორც შემდგომ გაირკვა, კომპანია “სვეტს” სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” უწევს სადაზღვევო მომსახურებას. 2016 წლის 30 ივნისს სს “სადაზღვევო კომპანია “ალდაგსა” და შპს “სვეტი დეველოპმენტს” შორის დაიდო საკონტრაქტო ვალდებულებათა შეუსრულებლობის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის  სრული სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 30.06.2016-დან 30.06.2019-მდე.

სადაზღვევო კომპანია “ალდაგში” “სვეტის” ორი პროექტია დაზღვეული. თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა და ბათუმში, თამარ მეფის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტი.

დღევანდელი მდგომარეობით, “სვეტთან” სადაზღვევო ხელშეკრულება გაწყვეტილია. თუმცა, ხელშეკრულების გაწყვეტამდე, ალდაგის იურიდიული დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია “სვეტს” სამშენებლო გრაფიკის დარღვევის გამო გაფრთხილების წერილი გაუგზავნეს.

“თუკი ვადებში ვერ მოხერხდება სამუშაოების სამშენებლო გრაფიკთან შესაბამისობაში მოყვანა, “სვეტი” ვალდებული იქნება “ალდაგის” განკარგულებაში გადაიტანოს თანხა, რომელიც პროექტის დასრულებისთვის არის საჭირო და მიანიჭოს “ალდაგს” შესაბამისი უფლებამოსილება, რათა სადაზღვევო კომპანიამ ტენდერის გამოცხადების გზით მოახდინოს ახალი კვალიფიციური სამშენებლო კომპანიისა და ყველა შესაბამისი სუბიექტის შერჩევა და პროექტის დასრულება”, – აცხადებს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი თეონა კვიციანი.

თუმცა, აქ არსებობს ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები. “ალდაგის” იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, თეონა კვიციანის განცხადებით, “ალდაგი” კომპანია “სვეტს” სამშენებლო სამუშაოების გაძვირების რისკს უზღვევდა.

“როდესაც კომპანია კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, კეთილსინდისიერად შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც მას აკისრია მოქმედებების განხორციელებისათვის და აქ შეექმნება სამშენებლო სამუშაოების გაძვირების რისკი, სწორედ ამ რისკს აზღვევს ალდაგი”, – განაცხადა კვიციანმა “იმედის კვირასთან” საუბრისას.

ამ ურთიერთგამომრიცხავი გარემოებების გარკვევის მიზნით, “ბანკები და ფინანსებმა” სადაზღვევო კომპანია “ალდაგს” კითხვებით მიმართა, იმასთან დაკავშირებით, თუ ზუსტად რა სახის სადაზღვევო ხელშეკრულება იყო ორ კომპანიას შორის დადებული, ითვალისწინებდა თუ არა ის პასუხისმგებლობის დაზღვევას, რატომ გააფორმა “ალდაგმა” სადაზღვევო ხელშეკრულება ისეთ სამშენებლო ობიექტზე, რომლის აშენების ნებართვაც არ გააჩნდა კომპანია “სვეტს”, რამდენად არის მსგავსი რამ აპრობირებული და ხომ არ აქვს კომპანიას მსგავსი ტიპის სხვა სადაზღვევო ხელშეკრულებები გაფორმებული სხვა სამშენებლო კომპანიებთან.

სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” მხრიდან აღნიშნული კითხვები ჯერჯერობით პასუხგაუცემელია. თუმცა ის ფაქტია, რომ “ალდაგმა” სამშენებლო ნებართვის არ მქონე ობიექტები დააზღვია და როდესაც “სვეტს” პრობლემები შეექმნა მასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. კითხვა, რამდენად არის კომპანია “ალდაგი” ვალდებული და პასუხისმგებელი შეჩერებული მშენებლობების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ასევე, მობინადრეების მიმართ, პასუხგაუცემელია.

საკითხის აქტუალურობის და სენსიტიურობის გამო, “ბანკები და ფინანსები” კომპანიის მხრიდან ზემოაღნიშნულ კითხვებზე პასუხების მიღების შემდგომაც გააგრძელებს თემაზე მუშაობას.

ამასობაში კი კომპანია “სვეტი” სერიოზულ პრობლემებშია და მას “ცენტრ-პოინტის” ბედის გაზიარებას უწინასწარმეტყველებენ. მობინადრეებისთვის კი ამ დრომდე არაფერი იცვლება. ისინი ჯერ კიდევ ქუჩაში რჩებიან და მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით საპროტესტო აქციებს მართავენ.

რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სიტუაციაა დღეს სამშენებლო სფეროში მიმდინარე ხარვეზებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიამ მშენებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის იგნორირების გამო, გაფრთხილება თბილისში 500 მშენებარე ობიექტს მისცა, 272 დააჯარიმა, ხოლო 120 ობიექტს მშენებლობა შეუჩერა.

ბაჩო ჯინჭარაძე

Share