Home » ეკონომიკა » „ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, პირველ რიგში, სათამაშო ბიზნესიდან უნდა დაიწყოს“
„ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, პირველ რიგში, სათამაშო ბიზნესიდან უნდა დაიწყოს“

„ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, პირველ რიგში, სათამაშო ბიზნესიდან უნდა დაიწყოს“

საქართველოს მთავრობამ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

დოკუმენტის ძირითადი მიზნებია: ა) ეროვნულ დონეზე და ეკონომიკის შესაბამისი სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გამოვლენა, ანალიზი და შეფასება; ბ) ეროვნულ დონეზე და ეკონომიკის შესაბამისი სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა ღონისძიებების განხორციელება; გ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის განკუთვნილი სახელმწიფო რესურსების პრიორიტეტული განაწილების ხელშეწყობა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ფულის გათეთრების ყველაზე მაღალი რისკი სათამაშო ბიზნესშია. კერძოდ, ამ სექტორში რისკი შეფასდა როგორც საშუალო და მაღალი. ამასთან, საბანკო, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და უძრავი ქონების ბაზარზე ფულის გათეთრების რისკი შეფასდა როგორც საშუალო.

სათამაშო ბიზნესში არსებულ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსებში” არაერთი სტატია გამოქვეყნებულა, მუდმივად ვსაუბრობთ ამ სექტორში აუცილებელ რეგულაციებზე და აღნიშნული ბიზნესის მიერ ქვეყანაში შექმნილ პრობლემებზე. დაუძლეველ სიღარიბეში ჩაფლული ქვეყანა და მისი მოსახლეობა ბოლო კაპიკებს თამაშში აგებს და ის ფული რაც ქვეყნის ეკონომიკაში უნდა მოძრაობდეს, რეალურად სათამაშო ბიზნესის მფლობელების ჯიბეებში მიედინება.

2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით173%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 5,060 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.

როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 10 წლის მონაცემებით, ის თითქმის 200-ჯერ გაიზარდა.

სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 2008-2018 წლებში: 2008 წელი – 70.7 მლნ ლარი; 2009-ში – 74.3 მლნ ლარი; 2010 წელს – 112.7 მლნ ლარი; 2011-ში – 366. 3 მლნ ლარი; 2012 წელს – 996.0 მლნ ლარი; 2013 წელს – 1, 213 მლრდ ლარი; 2014 წელს – 2, 032 მლრდ ლარი; 2015 წელს – 3,890 მლრდ ლარი; 2016 წელს – 4, 036 მლრდ ლარი; 2017 წელს – 5,060 მლრდ ლარი; 2018 წელს – 13,806 მლრდ ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნესსექტორის ბრუნვამ 86,6 მლრდ ლარი შეადგინა, ამაში სათამაშო ბიზნესის წილი კი თითქმის 16%-ს შეადგენს. ქვეყანაში, სადაც აზარტული თამაშებით არაერთმა ადამიანმა დაკარგა ქონება, სათამაშო ბიზნესი უფრო დიდია, ვიდრე მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და ა.შ. სათამაშო ბიზნესზე მეტი ბრუნვა წილობრივად მხოლოდ ვაჭრობის დარგზე მოდის (43,2%)

“ახალგაზრდა ფინანსისტთა ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე- პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე სათამაშო ბიზნესში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ჩვენს ქვეყანაში ფულის გათეთრების რისკები არ არსებობდეს.

“ფულის გათეთრებასთან ბრძოლა და ამაზე ყურადღების გამახვილება მნიშვენელოვანია, რადგან ქვეყანაში ფულის გათეთრების რისკი მუდმივად არსებობს. მით უმეტეს ჩვენი დონის ქვეყანაში, სადაც ფინანსური სექტორები არ არის ღია და გამჭვირვალე. ასევე, ბევრი მსხვილი ბიზნესის მფლობელი ოფშორში არის დარეგისტრირებული, რაც კიდევ უფრო ზრდის ფულის გათეთრების რისკს. ფულის გათეთრების მაგალითები ჩვენ გვაქვს, თუნდაც საბანკო სექტორთან მიმართებაში ამიტომაც თუ მოხდება აქტიური დაკვირვება და აქტიური ბრძოლა ფულის გათეთრებასთან მიმართებაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის”, – განმარტავს გიორგი კაპანაძე.

გიორგი კაპანაძის თქმით, ფულის გათეთრების წინააღმდეგ მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიის ეფექტურობა შესაბამის პასუხისმგებელ ორგანოებზეა დამოკიდებული და მხოლოდ სტრატეგიული დოკუმენტი ბევრს არაფერს შეცვლის.

“დოკუმენტს ეფექტი ექნება, ვინაიდან აქამდე არ ხდებოდა ესე აქტიურად ყურადღების გამახვილება ფულის გათეთრების რისკებზე. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ეფექტურად იმუშავებენ შესაბამისი ორგანოები და რამდენად აქტიურად მოხდება ამ ყველაფრის კონტროლი. თუ გამოაქვეყნებენ ანგარიშებს სადაც იქნება საუბარი რამდენად ხშირად ხდებოდა სხვადასხვა ფინანსური სტრუქტურის შემოწმება, ამის შემდეგ შევძლებთ პასუხის გაცემას ექნება თუ არა ეფექტი დოკუმენტის დამტკიცებას”, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ სათამაშო ბიზნესი და აზარტული თამაშები მთელ მსოფლიოში ფულის გათეთრების ერთ-ერთ მნიშვნელოვნად წყაროდ ითვლება. ექსპერტი ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტროსაც არ აქვს სათანადოდ წვდომა და არ შეუძლია მიმდინარე ტრანზაქციების დეტალურად დაინახოს, რაც მისი თქმით ფულის გათეთრების რისკს ქმნის.

“როდესაც ვსაუბრობთ ფულის გათეთრებაზე, ერთ- ერთი მთავარი ბიზნესი ეს არის სათამაშო ბიზნესი, ამაზე ფულის გათეთრებასთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად მიუთითებენ ხოლმე და ევროკავშირის მხრიდანაც არაერთხელ ყოფილა მითითება, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ფულის გათეთრების რისკები. ამის საფუძველი, ერთი მხრივ, არის სრულიად გაუმჭვირვალე სათამაშო ბიზნესი, ისინი უბრალოდ შპს-ების დონეზე არიან დარეგისტრირებულები და შემოსავლების სამსახურს არ აქვს წვდომა მათ ფინანსებთან, არ აქვთ წვდომა იმასთან დაკავშირებით თუ საიდან შემოედინება თანხები. ვთვლი, რომ ფინანსები 70 პროცენტი გაუმჭვირვალეა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქართულ სათამაშო ბიზნესის კომპანიებს უმეტესწილად რეალური მფლობელები ჰყავს ოფშორში დარეგისტრირებული. ოფშორი ისედაც გაუმჭვირვალეა და ვერ ხდება კონტროლი, შესაბმისად როდესაც ადგილობრივ დონეზე ყველაფერი ბურუსითაა მოცული კიდევ უფრო დიდი რისკი არსებობს იმისა, რომ ჩვენ ქვეყანაში ხდებოდეს ფულის გათეთრება, შავი ფული ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე შემოედინებოდეს”, განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ახალგაზრდა ფინანსისტთა ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხით საერთაშორისო ორგანიზაციებიც ინტერესდებიან და ფულის გათეთრების რისკებზე მიუთითებენ.

“ბოლო პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნით, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები დაავალდებულეს, რომ ფონდისთვის უცხოელი მოთამაშეების მიერ განთავსებული ფსონების მოგებული ან წაგებული თანხების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ. ჩემი აზრით, ესეც განპირობებული იყო იმით, რომ საერთაშორისო დონეზე დაინტერესდნენ რეალურად ხომ არ ხდებოდა აქ ფულის გათეთრება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინფორმაციას მანამდე საქსტატს ან შემოსავლების სამსახურს მოთხოვდნენ და რადგან მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია პირდაპირ დაავალდებულეს სათამაშო ბიზნესი. სავალუტო ფონდმა ალბათ შენიშნა ის რისკი, რომ შესაძლებელია საქართველოში ფულის გათეთრების რეალური შანსი ყოფილიყო. ეს ცხადყოფს იმას, რომ დღეს ჩვენთან სათამაშო ბიზნესში ფულის გათეთრების რეალური რისკები არსებობს. თუ უცხოელი მოთამაშეების შემთხვევაში სავალუტო ფონდი დაინახავს რა ხდება, ადგილობრივ დონეზე ყველაფერი ისევ ისე დარჩა და ისევ ბუნდოვანი იქნება მოხდა თუ არა ფულის გათეთრების შემთხვევა. თუ შესაბამისმა უწყებებმა რეალურად მოახდინა რისკების შეფასება და რეალურად იბრძოლა ფულის გათეთრების წინააღმდეგ, პირველ რიგში, სათამაშო ბიზნესიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი და აქტიური კონტროლის ქვეშ სწორედ სათამაშო ბიზნესი უნდა მოაქციოს”, – აცხადებს გიორგი კაპანაძე.

მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კანონის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ანგარიშვალდებული პირისთვის, საზედამხედველო ორგანოსთვის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოებისთვის, აგრეთვე ანგარიშვალდებული პირისა და სამსახურის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისთვის.

ბაჩო ადამია
commersant.ge

Share