Home » ეკონომიკა » ფოთში ახალი ნავსადგური აშენდება – I ეტაპის ღირებულება 250 მილიონი აშშ დოლარია
ფოთში ახალი ნავსადგური აშენდება - I ეტაპის ღირებულება 250 მილიონი აშშ დოლარია

ფოთში ახალი ნავსადგური აშენდება – I ეტაპის ღირებულება 250 მილიონი აშშ დოლარია

ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. ქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია. ახალი ნავსადგურის მშენებლობის სამუშაოები ევროპული ინვესტიციებით განხორციელდება.

როგორც მერიაში აცხადებენ, სიახლე მნიშვნელოვანია როგორც ქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ასევე დასაქმების კუთხით.

„დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავია ხელი შევუწყოთ ახალი ნავსადგურის მშენებლობას, სწორად დავგეგმოთ ქალაქის სივრცითი განვითარების პრიორიტეტები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება“, – განაცხდა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ბრძანების თანახმად, დამტკიცდა ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

მერიის ინფორმაციით, აშენდება 1640 გრძივი მეტრი სიგრძის ახალი დამცავი მოლი და 700 გრძივი მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი. ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური შეძლებს არსებულ გამტარიანობასთან ერთად, უზრუნველყოს დამატებით 9 მილიონი ტონა ნაყარი/გენერალური ტვირთისა და 500 000 TEU-ს გადამუშავება წელიწადში.

Share