Home » ბიზნესი » ფორმალურად გამიჯნული „საქართველოს ბანკის“ არაპროფილური აქტივები და შენარჩუნებული შიშები ბიზნესში
ფორმალურად გამიჯნული „საქართველოს ბანკის“ არაპროფილური აქტივები და შენარჩუნებული შიშები ბიზნესში

ფორმალურად გამიჯნული „საქართველოს ბანკის“ არაპროფილური აქტივები და შენარჩუნებული შიშები ბიზნესში

ფორმალურად გამიჯნული „საქართველოს ბანკის“ არაპროფილური აქტივები და შენარჩუნებული შიშები ბიზნესში

მსოფლიოში ცენტრალური ბანკებისთვის აღიარებული და დამკვიდრებული საზედამხედველო პრაქტიკაა, რომ საფინანსო სექტორში მოქმედი კრედიტის გამცემი ობიექტები, მით უმეტეს, თუ ისინი ფლობენ საკრედიტო ბაზრის მნიშვნელოვან წილს, არ უნდა ფლობდნენ არაპროფილურ აქტივებს, ვინაიდან ეს აზიანებს კონკურენტულ გარემოს და ბიზნესის კეთებას დამოუკიდებელი (ბანკთან არ დაკავშირებული) ინვესტორებისთვის არამიმზიდველს ხდის.

საქართველოში არაპროფილური აქტივების ფლობის კუთხით „საქართველოს ბანკი“ ერთმნიშვნელოვნად ლიდერია, „თი ბი სი ბანკს“ თუ არ ჩავთვლით, ის ერთადერთია, რომელმაც, პრაქტიკულად, ყველა მომგებიან სფეროში განავითარა ბიზნესი. მართალია ბოლო წლებში ეროვნულმა ბანკმა მკაფიოდ აუკრძალა ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობა, თუმცა საქართველოს ბანკისთვის ეს მხოლოდ ფორმალური ნაწილის მოგვარება აღმოჩნდა. ბიზნესში არსებული ნეგატიური განწყობა და შიშები კი კვლავ უცვლელია. რამდენად აქვს ამ შიშებს რეალური საფუძველი, ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი მკითხველს შევახსენებთ, რომ BGEO ჯგუფის სახელით ცნობილი ჰოლდინგი, რომლის მფლობელობაშიც შედიოდა „საქართველოს ბანკიც“, გაიყო სამ მიმართულებად, ესენია „საქართველოს ბანკი“, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ და „საქართველოს კაპიტალი“. რეალურად ამ სამივე წარმატებული ბიზნესის შემოქმედი არის ირაკლი გილაური, რომელიც წლების განმავლობაში იყო „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი და მთავარი აქციონერი, აგრეთვე ის არის ყოფილი პრემირ-მინისტრის, ნიკა გილაურის ძმა. ალბათ ბევრი იტყვის, რომ პრემიერი ძმა არაფერ შუაშია, თვითონ ირაკლი გამოდგა „ფხიანიო“, მაგრამ უნდა ითქვას, რომ დიდ ავიაციაში ბიზნესის კეთება გაცილებით მარტივდება, როცა შენი ძმა პრემიერ-მინისტრია და მთავრობაში ბევრი მფარველი გყავს.

მოკლედ, ირაკლი გილაურმა „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით იშოვნა ბევრი ფული, რომელიც სადღაც უნდა დაებანდებინა, მაშინ არაპროფილურ საქმიანობას კანონი არ კრძალავდა, მთავრობაშიც ბევრი „ანგელოზები“ ყავდა, ბიზნესშიც ბევრი მიმართულება იყო ასათვისებელი და ასე ჩაეყარა „საქართველოს ბანკის“ არაპროფილური ბიზნესების განვითარებას საფუძველი. ამ პროცესს ხელი არაფერმა შეუშალა იმ პერიოდამდე, სანამ მისი დაშლა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. დღეს ეროვნულმა ბანკმა რა კანონიც არ უნდა გამოსცეს, დარღვეულ კონკურენტულ გარემოს საქართველოში, აღარაფერი ეშველება.

საზოგადოების იმ წევრებისთვის, რომლებსაც მართლა სჯერათ, რომ „საქ ბანკი“ მართლა გაემიჯნა მის არაპროფილურ აქტივებს, რამდენად იოლი წარმოსადგენია, რომ ირაკლი გილაურმა უარი თქვას მის მიერ შექმნილი ბანკის მოგებებზე, რომელსაც ფორმალურად გაემიჯნა და „საქართველოს კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა. ის აგრეთვე არის „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

რამდენად საფუძვლიანია ბიზნესმენების შიში?

ქართველი ბიზნესმენები ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, რომ მათ აქვთ შიში და უნდობლობის ფაქტორი, როცა საქმე ეხება „საქართველოს ბანკისგან“ სესხის აღებას. ამ შიშს ვეღარაფერი წაშლის. არცერთ ბიზნესმენს არ უნდა, რომ მის შესახებ მისმა კონკურენტმა ყველაფერი იცოდეს. ამის ნათელი ილუსტრაციაა სამშენებლო სექტორი. რომელიმე მშენებელმა კომპანიამ „საქ ბანკისგან“ სესხი რომ აიღოს, მან უნდა დაულაგოს დეტალური ბიზნეს-გეგმა და ორგანიზაციის შიდა სამზარეულო, რომელიც ფლობს სამშენებლო სფეროში ერთ-ერთ ლიდერ კომპანია „ემ კვადრატს“. ჩნდება კითხვა: ამ ბიზნესმენს ვინმე მისცემს იმის გარანტიას, რომ მისი გეგმების შესახებ ცნობილი არ გახდება „ემ კვადრატისთვის“? ინფორმაციის ფლობა თანამედროვე ბიზნეს სამყაროში კონკურენტების „ჩასაძირად“ ყველაზე ძლიერი იარაღია, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ არ გინდა შენს კონკურენტს გააგებინო ყველა შენი სუსტი და ძლიერი მხარე. ანალოგიური ვითარებაა ყველა ბიზნეს მიმართულებაში, სადაც „საქართველოს ბანკს“ ინტერესები გააჩნია.

ამ ფონზე რამდენად სამართლიანია კონკურენტული გარემო? გავითვალისწინოთ, რომ საკრედიტო ბაზრის დაახლოებით 75%-ს ორი ბანკი ფლობს, მათ შორის „საქართველოს ბანკი“. რა უნდა ქნას ბიზნესმენმა, რომელსაც დიდი მოცულობით ფინანსები სჭირდება და ქვეყნის გარეთ არ აქვს წასასვლელი? ან ერთ ბანკთან უნდა მივიდეს, ან მეორესთან, ფასიან ქაღალდებს ვერ გამოუშვებს საფონდო ბირჟის პრაქტიკულად არ არსებობის გამო. შესაბამისად, რისკავს და თითქმის წაგებულ თამაშში შედის. ბანკი მისი შვილობილი კომპანიის კონკურენტს სესხს არ დაუმტკიცებს, და თუ მაინც დაუმტკიცა, კონკურენტის შესახებ ყველა ნიუანსი მისთვის ცნობილი იქნება, რაც მნიშვნელოვნად გაუიოლებს მისი შვილობილი ბიზნესის განვითარებას.

აფერხებს თუ არა ამგვარი ვითარება ეკონომიკის განვითარებას, რა თქმა უნდა, აფერხებს. საზოგადოების მხოლოდ ვიწრო ჯგუფის საკუთრებაში არსებული მთელი ქვეყნის ბიზნესი, განაპირობებს მხოლოდ ამ ჯგუფის კეთილდღეობის ზრდას, სხვებისთვის შესაძლებლობის წართმევის ხარჯზე. საბაზრო ეკონომიკისათვის არა მარტო თავისუფალი ბაზარია დამახასიათებელი, სადაც ძლიერი „ჩაგრავს“ სუსტს, არამედ სამართლიანი და კონკურენტული გარემო, სადაც საზედამხედველო პოლიტიკა პრაქტიკულად აღმოფხვრის მონოპოლიების ისეთი მახინჯი გამოვლინების შედეგებს, როგორიც „საქართველოს ბანკია“.

შოთა კორინთელი

Share