Home » მსოფლიო » Forbes – როგორც ებრძვიან Amazon-ი, Google და Facebook-ი სტარტაპებს
Forbes - როგორც ებრძვიან Amazon-ი, Google და Facebook-ი სტარტაპებს

Forbes – როგორც ებრძვიან Amazon-ი, Google და Facebook-ი სტარტაპებს

აშკარაა, რომ სტარტაპებზე საუბარი დღეს ძალიან მოდურია, თუმცა, ფაქტია,  ვერც ერთმა ვერ მოახერხა გრანდების წარმატების გამეორება.

რატომ ვერ ჩნდება მაღალი ტექნოლოგიების ბაზაზე ახალი Facebook, Snap,  ან Google?

საქმე იმაშია, რომ ინტერნეტგიგანტებმა გაითვალისწინეს თავიანთი გამოცდილება და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ დაუშვან კონკურენტების გაჩენა, მათ შორის, არ ერიდებიან ახალბედების პროდუქტების მოპარვას და ქმნიან საკუთარ ანალოგებს.  გამომდინარე მათი განუსაზღვრელი ფინანსური შესაძლებლობებიდან, სტარტაპები უბრალოდ კოტრდებიან.

ამ პრაქტიკამ უკვე შეაშინა ინვესტორები, რომლებიც სულ უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენენ, და ნაკლებად აფინანსებენ სტარტაპებს.

გიგანტებს ამ დროისთვის გააჩნიათ დამწყები კომპანიების დახრჩობის მრავალი საშუალება. ვენჩურულ კაპიტალისტებს კი ისღა დარჩათ, რომ იმკითხაონ, რომელი წვრილი კომპანიები განადგურდებიან ხვალ ან ზეგ?

ამომწვარი მიწა

ვენჩურულმა ინვესტორმა ალბერტ ვენგერმა განაცხადა, რონ გიგანტები ანადგურებენ ყველაფერს ცოცხალს და  ირგვლივ ამომწვარ მიწას ტოვებენ, სადაც არაფერი ხარობს.

ასეთი ცარიელი ზონები ჩნდება ყველგან,  სადაც   მსხვილ მეგაკორპორაციებს ინტერესი აქვთ – საძიებო სისტემები ინტერნეტში, სოციალური ქსელები, ციფრული რეკლამა, ვირტუალური რეალობა, კომუნიკაციები და კავშირგაბმულობა, სმარტფონები, ელექტრონული ვაჭრობა და ა.შ.

„ადრე სტარტაპებს ჰქონდათ რამდენიმე წელი რაღაცა ახალის შესაქმნელად, ისე, რომ არ მიეპყროთ გიგანტების ყურადღება. დღეს კი საუბარია რამდენიმე თვეზე,“ – ამბობს ვენგერი.

გიგანტები აკეთებენ ყველაფერს კონკურენტების განეიტრალების მიზნით – ზოგჯერ ახდენენ მათი პროდუქტების კოპირებას, ზოგჯერ კი ყიდულობენ – მაგალითად, Facebook-მ აამუშავა გაცნობის ახალი სერვისი, რის შემდეგაც იგივე მიმართულების სტარტაპებმა Tinder და  OkCupid-მა დაკარგეს კაპიტალიზაციის 20%. ეს მხოლოდ დასაწყისია…

კიდევ ერთი მაგალითი – 2017 წელს Amazon-მა 13,7 მლრდ. დოლარად იყიდა ჯანსაღი კვების სუპერმარკეტების ქსელი Whole Foods Market-ი, რის შემდეგაც კვების მიტანის ახალმა სერვისმა Blue Apron  ღირებულების 70% დაკარგა და ფაქტობრივად  გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა.

ხელოვნური საკადრო ვაკუუმი

გიგანტები  თავიანთ თანამშრომლებს იმხელა ხელფასებს უხდიან, რომ მათთვის არანაირი აზრი არა აქვს სადმე გადასვლას ან საკუთარი კომპანიის შექმნას.

შედეგად, მეგაკორპორაციებში ხდება თითქმის მთელი ნიჭიერი კადრების კონცენტრაცია. ყველა ცდილობს დაიწყოს მუშაობა მათ რიგებში და სტარტაპებისთვის არავის სცალია. შესაბამისად, მცირდება სტარტაპის შექმნის მოტივაციაც და შესაძლებლობაც.

დაფინანსების დეფიციტი

მსხვილი კორპორაციების განუსაზღვრელი ფინანსური შესაძლებლობები ართულებენ სტარტაპებისთვის კონკურენციას. Amazon-ის, Facebook-ის და  Google-ის დომინირების გამო ყველანაირი პროექტი, რომელიც დაკავშირებულია საყოფაცხოვრებლო ინტერნეტთან აღიქმება პოტენციური ინვესტორებისთვის საშიშ და არასანდოდ. ამიტომ ვენჩურული კაპიტალისტები ერიდებიან დამწყებების დაფინანსებას.

ახალბედა კომპანიებისთვის სულ უფრო ძნელი ხდება პირველი ეტაპის დაფინანსების მიღება.  კვლევითი კომპანია Pitchbook-ის მონაცემებით, სტარტაპების პირველადი დაფინანსება 2017 წელს  2012 წელთან შედარებით 22%-ით შემცირდა.

ნადირობა სტარტაპებზე

გიგანტებს აქვთ ინფორმაციის ბევრი წყარო, რომელიც  კონკურენტების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის საშუალებას აძლევთ. ამიტომაც  მათ გასანეიტრალებლად ისინი ხშირად იყენებ სხვადასხვა საშუალებებს.

ერთ-ერთია დამწყებ კომპანიებში ფულის ჩადება, თუმცა მათთვის წამგებიან პირობებზე. ამ მხრივ უპირობო ლიდერია Google, რომელმაც 2013 წლიდან 300ზე მეტ სტარტაპში  11 მლრდ. დოლარი ჩადო.

ახალბედა კომპანიებს დასაწყისში უხარიათ ასეთი გავლენიანი ინვესტორების მიღება, თუმცა მოგვიანებით, ეს სანანებელი უხდებათ. მაგალითად, Uber-მა Google-სგან მიიღო დაფინანსება, თუმცა შემდეგ აღმოაჩინა, რომ  კონკურირება გიგანტის მეორე შვილობილ კომპანიასთან – Waymo-სთან უწევს, რომელიც  უპილოტო ავტომობილის შექმნაზე მუშაობდა.

საბოლოოდ, ყველაფერი დამთავრდა დიდი სასამართლო გარჩევით და ტექნოლოგიების მოპარვის ბრალდებებით.

კოპირება

ერთ-ერთი კრებაზე მარკ ცუკერბეგრმა უთხრა თანამშრომლებს – „თავმოყვარეობამ არ უნდა შეგიშალოთ ხელი სასარგებლო პროდუქტების შექმნაში“.

სინამდვილეში ეს ჟღერდა როგორც „თავმოყვარეობამ არ უნდა შეგიშალოთ ხელი სხვისი მიღწევების კოპირებაში“.

მესენჯერი  Snapchat არის ტექნოლოგიური გიგანტების ამგვარი ქცევის კლასიკური მაგალითი – 2013 წელს Snapchat უარი თქვა Facebook-ისთვის 3 მლრდ. დოლარად მიყიდვაზე, რაც იმით დასრულდა, რომ ცუკერბერგის ქსელმა  ამ სერვისის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქციის კოპირება მოახდინა და შესაბამისად მისი შემოსავლებიც დასრულდა.

თავმოყვარეობა არ აღმოჩნდა ხელისშემშლელი სხვისი გამოგონებების მოპარვაში არც Amazon – ისთვის  – ჯეფ ბეზოსის კომპანიამ  სტარტაპ Nucleus პლანშეტური კომპიუტერი Alexa და ხმოვანი მოწყობილობა Echo Show მოპარა, რომელიც აღმოჩნდა Nucleus-ის ერთ-ერთი პროდუქტის თითქმის იდეალური ასლი.

დარტყმის ქვეშაა ასევე კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის სფერო, სადაც დომინირებენ  Microsoft, Amazon და Alphabet.

Amazon Web Services (AWS) გახადა ბევრი სტარტაპის პარტნიორი იმისთვის, რომ მოეხდინა მათი გამოგონებების კოპირება – გიგანტი ართულებს სტარტაპის საქმიანობის პირობებს და ამისთვის აკონტროლებს მას. AWS-ს ჰყავს ბევრი მსხვერპლი – მაგალითად, Amazon Managed Streaming არის LinkedIn Confluent-ს კლონი.

ახალი იმედები

ეს ყველაფერი წააგავს 90-ან წლებს, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე მთლიანად დომინირებდა Microsoft, რომელიც დაუფარავად უშლიდა კონკურენტებს ამ სფეროში შეღწევას. თუმცა, საბოლოო ჯამში ეს ეპოქაც დასრულდა. არაა გამორიცხული, რომ გიგანტების დღევანდელი ჰეგემონიაც დასრულდება და მათ მიერ შექმნილი ტექნიკური შესაძლებლობები ბოლოს და ბოლოს გაუხსნიან გზას სხვებს.

ასე მოხვდა Microsoft-ის შემთხვევაში. მის მიერ კომპიუტერთან მუშაობის უკიდურესმა გამარტივებამ და ამის წყალობით კომპიუტერული ტექნიკის საყოველთაო გავრცელებამ, დააჩქარა წარმატებული იდეების დამუშავება.

სტარტაპების ყიდვამ და ჩაყლაპვამ შესაძლებელია ირიბად შეუწყოს ხელი ინოვაციებს – კორპორაციებთან დამარცხების შემდეგ სტარტაპების დამაარსებლები, როგორც წესი, ტოვებენ მათ, სამაგიეროდ, იღებენ სოლიდურ ფინანსურ შესაძლებლობებს  ახალი განოგონებებისთვის – მაგალითად,  WhatsApp-ის შემქნელმა ბრაიან ექტონმა დატოვა კომპანია მას შემდეგ, როცა   Facebook-მა შეისყიდა. თუმცა ამავე დროს მან  50 მლნ. დოლარი ჩადო ახალი პროდუქტის – დაშიფრული შეტყობინებების გაგზავნის სერვის Signal-ს შექმნაში.

ზოგჯერ სტარტაპებს  გიგანტების მიერ შესყიდვა  გაცილებით დიდი ზრდის შანსს აძლევთ, ვიდრე ეს იყო შესაძლებელი დამოუკიდებელი განვითარების პირობებში – მაგალითად, Facebook-ის მიერ შესყიდვის შემდეგ  Instagram გახდა ბევრად უფრო პოპულარული ვიდრე იყო. ამიტომ იგი ადვილად უმკლავდება ისეთ კონკურენტებს, როგორიცაა Vine, Periscope და  Snapchat.

commersant.ge

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა “ბანკები და ფინანსების” გამოკითხვაში

Share