Home » ეკონომიკა » ფაროსანა უკან იხევს – თხილის მოსავალი წელს უვნებელია
ფაროსანა უკან იხევს - თხილის მოსავალი წელს უვნებელია

ფაროსანა უკან იხევს – თხილის მოსავალი წელს უვნებელია

თხილის ექსპორტიდან წელს 110 მილიონი დოლარის შემოსავალს ველოდებით

თხილის მოსავალი თითქმის დაბინავებულია. შეიძლება ითქვას, რომ წელს აზიური ფაროსანას განეტირალება მოხერხდა. შარშანდელთან შედარებით ხარისხი 3-4-ჯერ გაუმჯობესებულია, ხოლო ფასი უკვე გაორმაგებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევაზე – აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრა.

“არ შეიძლება, არ აღინიშნოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა, რაც ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ჩვენს მიერ მავნებლის წინააღდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებები, საერთაშორისო ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა. ბოლო პერიოდში საქართველოში მყოფი სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველომ შეძლო და უმოკლეს დროში გასაოცარ შედეგს მიაღწია და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ქართული პროგრამა ენტომოლოგიის ისტორიაში შევა როგორც გზამკვლევი’’,-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

,,მიმდინარე წელს, სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, ჩვენ შევძელით გადაგვერჩინა თხილის მოსავალი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, გაიზარდა თხილის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები და მიმდინარე წელს დაახლოებით 40-45 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ველოდებით. ეს არის დაახლოებით 110 000 000 დოლარის ექსპორტი წელიწადში~,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

“თხილის მწარმოებელთა ასოციაციის” მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, თხილის ფასი და მოსავალი დაახლოებით სამჯერ გაიზარდა. ასეთი მონაცემები ასოციაციამ თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განახორციელა. ამ ასოციაციაში 15 ათასი ფერმერია გაწევრიანებული, რომლებიც საერთო ჯამში, 17 ათას ჰექტარ ფართობს ფარავენ.

“როგორც გაირკვა, ყველაზე რთული ფერმერის ბაღის შეწამლასა და მოვლაზე დათანხმება აღმოჩნდა. ბოლო დროს გავრცელებულმა დაავადებებმა და აზიურმა ფაროსანამ ათასობით ოჯახი შემოსავლის გარეშე დატოვა და უიმედო სიტუაციაში ჩააგდო, თუმცა ქმედითმა და თანმიმდევრულმა ღონისძიებებმა, კონსულტაციებმა და ასოციაციის თანამშრომლების მუდმივმა მონიტორინგმა ფერმერებს თხილზე ზრუნვა დააწყებინა.

მართალია, გეგმა 10 000 ფერმერის გაერთიანება იყო და პროგრამაში სულ 15000-მდე ფერმერი ჩაერთო, მაგრამ საქართველოში სულ რეგისტრირებული მეთხილეების რიცხვი 65000-ს აჭარბებს. შესაბამისად, ასოციაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მომავალი წლის მიზნად – ინდუსტრიის სრულად დაფარვას ისახავს.

სამომავლო გეგმებში თხილის ჯამური შემოსავლის ერთ მილიარდ ლარამდე გაზრდა და საშუალოდ 100 ათასი ტონა მაღალი ხარისხის თხილის მიღებაა”, – განმარტავენ ასოციაციაში.

ლაშა მოდებაძე

Share