Home » ბიზნესი » ფადი ასლის ბიზნესანატომია – ბანანებით და ბრაზილიური ქათმის ბარკლებით ნაშოვნი მილიონები
ფადი ასლის ბიზნესანატომია – ბანანებით და ბრაზილიური ქათმის ბარკლებით ნაშოვნი მილიონები

ფადი ასლის ბიზნესანატომია – ბანანებით და ბრაზილიური ქათმის ბარკლებით ნაშოვნი მილიონები

ლიბანური წარმოშობის ბიზნესმენი, ფადი ასლი საქართველოში საკმაოდ კარგად ცნობილი პიროვნებაა, იგი საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს და საკმაოდ ხმაურიანი განცხადებებითაც გამოირჩევა.

ფადის ასლის ბიოგრაფიული ინფორმაციის მოძიება საკმაოდ რთული საქმე გახლავთ, ვინაიდან მის შესახებ მედიაში და ინტენეტსივრცეში საკმაოდ მწირი ინფორმაცია არსებობს. რთულია დაზუსტებით იმის გარკვევა, თუ როგორ მოახერხა ლიბანიდან საქართველოში ჩამოსულმა ფადი ასლიმ რამდენიმე წელიწადში საკმაოდ გავლენიან ბიზნესმენად ქცევა. მისი სახელი, ძირითადად, ორ ბიზნესს – ბანანებით ვაჭრობას და გაყინულ ქათმებს უკავშირდება.

ბუნებრივია, საინტერესოა ამჟამად რა ბიზნესსაქმიანობით არის დაკავებული ფადი (ოსკარ) ასლი, ბიზნესრეესტრის მონაცემებით მის სახელზე რამდენიმე კომპანია ფიქსირდება – “შპს ნოვა”, “აგროტექნიკს ჯგუფი”, “აგრო ჰოლდინგი”, “სლაკ ჯორჯია”, “აგრო ჰოლდინგი”, “ჩენელ ჯორჯია” და ა.შ. თუმცა, ამ კომპანიების შესახებ ინტერნეტ სივრცეში არაფერი იძებნება, მათ არც სერვის–ცენტრები აქვთ, არც ვებგვერდი და იმის გარკვევაც შეუძლებელია თუ რას საქმიანობენ ასლის მფლობელობაში არსებული შპს–ები. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გადაგვეხედა წარსულისთვის, გავცნობოდით პრესაში არსებული ინფორმაციას და გვენახა თუ როგორ გამდიდრდა ბანანების და გაყინული ბრაზილიური ქათმის ბარკლების მეშვეობით საქართველოში ჩამოსული ლიბანელი ბიზნესმენი.

ფადი ასლის წარსულიც საკმაოდ დიდი ბურუსითაა მოცული და მის შესახებ საკმაოდ მცირე რესურსი არსებობს. გავრცელებული ინფორმაციით, ლიბანიდან საქართველოში ჩამოსულ ფადი ასლის მანამდე არანაირი ბიზნესსაქმიანობა წამოწყებული არ ჰქონია და, შესაბამისად, უცნობი და უცნაურია თუ როგორ მოახერხა 1999 წლის გაჭირვებულ საქართველოში ასე სწრაფად გამდიდრება. მართალია ინფორმაცია მწირია, თუმცა შემორჩენილია სხვადასხვა ბიზნესმენის პოზიცია ფადი ასლის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით.

ბანანების გამყიდველი ბიჭის ისტორია

ფადი ასლის წარმატებაზე საკუთარი მოსაზრება აქვს ბიზნესმენ ვახტანგ ბეგიაშვილს, რომლის შეფასებითაც ერთ-ერთმა მსხვილმა იმპორტიორმა, რომელიც მსოფლიოში ბანანის ბიზნესითაა დაკავებული, ფადი ასლი საქართველოში ისე გამოგზავნა, როგორც საკუთარი “ხელის ბიჭი” და ბანანის დისტრიბუციისთვის თვალის დევნება დაავალა, მან კი ეს ყველაფერი ისე გაასაღა თითქოს საკუთარი ბიზნესი ყოფილიყო და ბანანების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილსაც მეპატრონეს ჰპარავდა.

“ამ კაცის ისტორია ვინც არ იცით, ძალიან საინტერესოა… ფაქტიურად, ფადი არაბი ჯაყოა!.. იგი ერთმა არაბმა ბიზნესმენმა გამოაგზავნა თბილისში ბანანების გასაყიდად (გამყიდვლად). ჩამოვიდა ფადი თბილისში და დაიწყო ბანანების გაყიდვა, როგორც მის პატრონს უნდოდა, მაგრამ პირად საუბარში არსად ამბობდა, რომ ბანანები მისი არ იყო და ის, უბრალოდ დაქირავებული გამყიდველი იყო. თავს ისე ასაღებდა, თითქოს ეს ბიზნესი მისი ყოფილიყო. საღამოობით, ბანანის გაყიდვებით დაღლილი სხვადასხვა ძვირადღირებულ კაფის ხშირი სტუმარი იყო და ლამაზმან ქართველ გოგონების გარემოცვაში ყვებოდა, თუ რა დიდი ბიზნესმენი იყო და ხან შეიხის შვილად ასაღებდა თავს, ხან – ძმისშვილად. რა თქმა უნდა, ბანანების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილსაც მეპატრონეს ჰპარავდა. 3 წლის შემდეგ, მეპატრონე მიხვდა, რომ შემოსავალი, რომელიც უნდა მიეღო, საქართველოდან ნაკლები მოსდიოდა და გადაწყვიტა, ჩამოსულიყო თბილისში და ადგილზე გაცნობოდა სიტუაციას. თბილისში ჩამოსული მეპატრონე სახტად დარჩა; ფადი ასლი (უბრალო გამყიდველი) ქართველებმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს; ძვირადღირებული მანქანების ესკორტით და დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა თბილისში ქალაქის ლამაზმანებით გარშემორტყმული. ძვირადღირებული სახლი ჰქონდა ნაქირავები და ხელში “ვერტუ-ს” ტელეფონებით დავალებებს აძლევდა ქართველ ბიზნესმენებს და ჩინოვნიკებს.

ეს ისტორია ძალიან კარგად ვიცი იმიტომ, რომ “თბილისი მარიოტში”, 7 წლის წინ, შემთხვევით გავიცანი ფადი ასლის (ბანანების გამყიდველის) მეპატრონე და აღტაცებული მიყვებოდა: ეს კაცი თბილისში გამოვგზავნე, რომ ბანანი გაეყიდა და ქართველებმა ის ლამის პრემიერ-მინისტრი გახადესო, თან მაგრად იცინოდა, ეგეთი თანამშრომელი და მაგაზე უკეთესები მთელ მსოფლიოში 2 500 მყავს და კიდევ ხომ არ გამოვაგზავნო ეკონომიკის, ან ფინანსთა მინისტრად საქართველოშიო.

სხვათა შორის, იმ პერიოდში სასამართლო პროცესი გაიმართა მეპატრონესა და გამყიდველს შორის თბილისში (ამაზე ჩვენი გაზეთები წერდნენ) და მეპატრონემ მოიგო პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებიდან ყველა ფადი ასლის ეხმარებოდა და ჩამოართვა ბიზნესი ამ არაბ ოსტაპ ბენდერს.

ეს ისტორია დღეს გამახსენდა ამ არაბი ჯაყოს განცხადებებზე. გასაგებია ქართველები სტუმართმოყვარე ერი ვართ, მაგრამ “ღორის ტილს ფეხზე, რომ დაისვამ თავზე აგაცოცდებაო”. ისე, მიკვირს ფადი ასლი თაღლითობის მუხლს როგორ გადაურჩა სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში, მაგრამ სააკაშვილი თავისიანებს ხომ არ სჯიდა – ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი იყო.

ასე რომ, ამ კაცის (გამყიდველის) განცხადებას რომ ვკითხულობ, მაგრად მეცინება. მე რომ გავგზავნო ბეირუთში გამყიდველი მივლინებაში და იქაურ პრემიერ-მინისტრს ჭკუის სწავლება რომ დაუწყოს, რა დღეში აღმოჩნდება წარმოდგენაც კი მიკვირს…. “დაგუგლეთ” ფადი ასლი და ბევრ თაღლითობას წააწყდებით ამ კაცის მოღვაწეობიდან”, – აცხადებდა ვახტანგ ბეგიაშვილი.

ბრაზილიური ხორცის სკანდალში გახვეული “სადია”

ფადი ასლის მეორე ბიზნესს რაც შეეხება, ეს “სადიას” ბრაზილიური გაყინული ქათმების იმპორტია. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ “სადია” სერიოზულ სკანდალშიც გაეხვა, როდესაც ბრაზილიის ხელისუფლებამ ვადაგასული ხორცით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრა. ქვეყანაში 30-ზე მეტი მაღალჩინოსანი გადააყენეს და ხორცის გადამამუშავებელი 3 ქარხანა დახურეს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, წლების განმავლობაში, ხორცის უდიდესი ბრაზილიური მწარმოებლები დაავადებულ ხორცს ყიდდნენ. საბოლოოდ არ არის დადასტურებული ხვდებოდა თუ არა საქართველოში დაავადებული ხორცი იმპორტის სახით, თუმცა ფაქტია, რომ სწორედ აღნიშნული კომპანიის ქათმის ხორცის იმპორტს ახდენდა ფადი ასლი საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ იმპორტირებული ქათმის ხორცის ხარისხი დღემდე საკმაოდ დიდი განსჯის საგანია და სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც არაერთხელ გამოავლინა დაავადებების არსებობა, სხვადასხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ, გაყინულ ქათმის ხორცში. ამ პრობლემაზე ხშირად საუბრობენ ხოლმე ადგილობრივი მწარმოებლებიც და აცხადებენ, რომ საქართველოში არაჯანსაღი ქათმის ხორცის იმპორტი ხორციელდება. ამასთან დაკავშირებით, უკვე მომზადდა კიდეც კანონპროექტი, რომელიც ძალიან მალე პარლამენტის ბიუროს განსახილველად გადაეცემა.

საერთაშორისო სავაჭრო პალატას ამოფარებული გავლენა

უცნობია, თუ რა დამსახურებების საფუძველზე გახდა ფადი ასლი საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავჯდომარე, თუმცა ფაქტია, რომ იგი ამ სტატუსს ხშირად სათავისოდ იყენებს და ისეთ განცხადებებსაც არ ერიდება, რომლის უარყოფაც შემდეგ მის მიერ მოხსენიებული ბიზნესის წარმომადგენლებს უწევთ ხოლმე.

მსგავსი შემთხვევა რამდენიმე თვის წინაც მოხდა, როდესაც ფადი ასლიმ განცხადება გაავრცელა და ის ბიზნესები დაასახელა, რომლებიც “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში დაზარალდნენ ან გაკოტრდნენ სწორედ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიზანმიმართული ქმედებების საფუძველზე. კომპანიებს შორის იყვნენ – “ფილიპ მორისი”, “ბრითიშ ამერიკან ტობაკო”, “ტერაბანკი”, “ბათუმის პორტი”, “ყაზტრანსგაზი” და ა.შ.

თუმცა, მისი განცხადების საპასუხოდ, სწორედ ასლის მიერ დასახელებული კომპანიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და ერთხმად უარყოფდნენ იმას, რომ მთავრობის მხრიდან ბიზნესი რაიმე სახის ზეწოლას განიცდიდა.

“ბრითიშ ამერიკან ტობაკოს” კორპორატიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძემ უარყო “საერთაშორისო სამრეწველო პალატის” თავმჯდომარის, ფადი ასლის მიერ გავრცელებული ინფორმაცის, თითქოს აღნიშნული კომპანია ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას განიცდიდა.

“ფადი ასლის განცხადება ჩვენთან შეთანხმებული არ იყო. მან გააკეთა განცხადება, რომ ჩვენი კომპანია განიცდის და განიცდიდა შევიწროებას სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ არ განვიცდით ზეწოლას მთავრობის მხრიდან. ასევე, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ბიზნესგარემო არის ღია და საქართველოში რეგიონისგან განსხვავებული ვითარებაა, რაც დასტურდება საერთაშორისო რეიტინგებით. ზოგადად, ჩვენ გვაქვს რიგი საკითხები, რომლებსაც გავდივართ სახელმწიფოსთან. დიდ პატივს ვცემთ ფადი ასლს, რომელიც პრესასთან ახმოვანებს ბიზნესისთვის პრობლემურ საკითხებს, თუმცა ეს განცხადება ჩვენთან საერთოდ არ ყოფილა შეთანხმებული”, – განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.

ფადი ასლის განცხადება სრულად უარყო შპს “ბათუმის ნავთობტერმინალის” გენერალურმა დირექტორმა მურატ ჯიმადილაევმა.

“ქვეყანაში არსებული ბიზნესკლიმატი, საკანონმდებლო სივრცე, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, საჯარო უწყებებთან ტრანსფარენტული ურთიერთობისათვის შემოთავაზებული სხვადასხვა ფორმატი უპირობოდ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ბიზნესსაქმიანობისთვის ნაყოფიერი გარემო,” – განაცხადა შპს “ბათუმის ნავთობტერმინალის” გენერალურმა დირექტორმა მურატ ჯიმადილაევმა.

მურატ ჯიმადილაევის თქმით, გარკვეული სუბიექტები ცდილობენ, საზოგადოებას თავს მოახვიონ მათი პირადი დღის წესრიგით ნაკარნახევი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა არ უწყობს ხელს ქვეყანაში საქმიანი და პასუხისმგებლიანი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას.

ასეთია ფადი ასლის მოკლე ბიზნესანატომია, მან ჯერ არეულ ქვეყანაში ბანანების და გაყინული ბრაზილიური ბარკლის მეშვეობით იშოვა მილიონები და ახლა სავაჭრო სამრეწველო პალატას ამოფარებული ცდილობს საკუთარი მყვირალა განცხადებებით გავლენიანი კაცის იმიჯი დაიმკვიდროს საქართველოში.

გიორგი რანი

Share