Home » ეკონომიკა » ევროკავშირმა ქართული მატყლი ბაზარზე დაუშვა
ევროკავშირმა ქართული მატყლი ბაზარზე დაუშვა

ევროკავშირმა ქართული მატყლი ბაზარზე დაუშვა

ცხოველური წარმოშობის პირველი პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე შევა, მატყლია. ე.წ. მესამე ქვეყნების იმ სიას, რომლებიდანაც ევროკავშირში დაუმუშავებელი მატყლის შეტანა შეიძლება, საქართველოც დაემატა.  ამ ეტაპზე  ევროკავშირმა მატყლის მწარმოებელი 2 კომპანია აღიარა: შპს “ჯორჯიან ვულ” და შპს “ქართული მატყლის კომპანია”. შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებში  დაუმუშავებელი ( გაურეცხავი) მატყლის გატანა მხოლოდ ამ ორ კომპანიას შეუძლია.

საქართველოდან ევროკავშირში მატყლის პირველი საცდელი პარტია 2015 წლის სექტემბერში გაიგზავნა. “ქართული მატყლის კომპანიასა” და Curtis wool direct limited-შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, კომპანიას 25 ტონა მატყლი უნდა ეყიდა, 1 კგ  1,05 აშშ დოლარად ( ამ ფასში შედიოდა ტრანსპორტირების ღირებულებაც ). თუმცა, მატყლის პირველი პარტია, რომელიც ბრიტანეთში უნდა შესულიყო, საზღვრიდან უკან  –  საქართველოში დაბრუნდა. მიზეზი ის იყო, რომ  მესამე ქვეყნების იმ ნუსხაში, რომლებიდანაც ევროკავშირში დაუმუშავებელი მატყლის შეტანაა ნებადართული, საქართველო არ იყო შეტანილი და არც “ქართული მატყლის კომპანიას” ჰქონდა ევროკავშირის აღიარება.

“ჩვენ აღიარების პროცესის დასრულებას  ველოდით.  Curtis wool direct limited-თან შეთანხმება ისევ ძალაშია. მათთვის საცდელი პარტიის გაგზავნას ისევ ვგეგმავთ. გარკვეული დრო გვჭირდება იმისთვის, რომ მატყლი მოვაგროვოთ. პროდუქცია, რაც გვქონდა, უკრაინასა და ინდოეთში გავგზავნეთ.  ბრიტანეთში ჩვენ მიერ ჩატანილი მატყლის გადამუშავების შემდეგ გავიგებთ, შედგება თუ არა ჩვენს  შორის გრძელვადიანი თანამშრომლობა,”  – ამბობს www.eugeorgia.info-სთან საუბარში “ქართული მატყლის  კომპანიის” ხელმძღვანელი ზაურ კულიევი.

ქართული მატყლის შეძენით ერთ-ერთი გერმანული კომპანიაც იყო დაინტერესებული. “1 წლის წინ გვქონდა შემოთავაზება. რადგან ჩვენი საწარმოს აღიარების პროცესი დასრულდა, მოლაპარაკებას ისევ განვაახლებთ,” – ამბობს შპს “ჯორჯიან ვულის” დირექტორი გია ხადილაშვილი.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ კომპანიებს ევროკავშირის აღიარება მიეღოთ. “არის მთელი რიგი მოთხოვნები, რომლებიც ახლა უშუალოდ ამ კომპანიებმა უნდა შეასრულონ. მაგალითად, მატყლი ისე უნდა იყოს შეფუთული, რომ შესაფუთი მასალის დაბინძურება აბსოლუტურად გამოირიცხოს. შეფუთული პროდუქცია მიღების საბოლოო ადგილამდე არსად უნდა გაიხსნას. ტრანსპორტირების დროსაც გარკვეული ზომების მიღებაა საჭირო: 24 საათით ადრე უნდა გაფრთხილდეს საბაჟო იმ ადგილზე, სადაც მატყლი ევროკავშირის საზღვარს გადაკვეთს. ამ წესების შესრულება რთული არ არის. აღიარების ამ პროცესით ევროკავშირმა ძალიან დიდი ნდობა გამოგვიცხადა ჩვენ – სახელმწიფოს, მის მაკონტროლებელ სისტემას, ანუ  სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ამ კონკრეტულ კომპანიებსაც. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ ეს კომპანიები წელიწადში ორჯერ შევამოწმოთ და ვნახოთ, რას და როგორ აკეთებენ ისინი ევროკავშირის სტანდარტების და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ასრულებენ თუ არა ჩვენ მიერ მიცემულ რეკომენდაციებს,” –  აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, მიხეილ სოხაძე.

ევროკავშირის ქვეყნებში მატყლის, როგორც ცხოველური წარმოშობის პროდუქტის შეტანას, ევროკავშირის დირექტივა N142/2011 და დირექტივა N97/78 არეგულირებს.

იმისთვის, რომ ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე შევიდეს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს წარმოშობის სერტიფიკატი  – EUR1. გარდა ამისა, უსაფრთხო უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და შესაბამისი სერტიფიკატიც ჰქონდეს. კიდევ ორი მოთხოვნის შესრულებაა საჭირო: 1. მატყლი უნდა იყოს კარგად გამშრალი და შეფუთული უსაფრთხოდ და 2. გაიგზავნოს პირდაპირ იმ საწარმოში, სადაც მისი გადამუშავება მოხდება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ არ მოხდეს რაიმე დაავადების გავრცელება.

თუ ამ ორი მოთხოვნიდან რომელიმე არ სრულდება – მაგალითად, მატყლი არ არის შეფუთული უსაფრთხოდ, ან არ მიდის პირდაპირ იმ საწარმოში, რომელიც მას გადაამუშავებს, მატყლი ჩაითვლება ჩვეულებრივი ცხოველური წარმოშობის პროდუქტად, რომელმაც შეიძლება მიმღებ ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს და მას მიმღები ქვეყნის საბაჟო უკან დააბრუნებს.

“ჯორჯიან ვულს” და შპს “ქართული მატყლის კომპანიას” ამჟამად მატყლი ექსპორტზე ინდოეთში, უკრაინასა და ჩინეთში გააქვთ. ამ ქვეყნებში 1 კგ  გაურეცხავი მატყლის ფასი 0,7 აშშ დოლარია. ამ ფასში შედის ტრანსპორტირების ღირებულებაც.

წყარო: eurogeorgia.info

Share