Home » ეკონომიკა » ევროკავშირი, FAO და EBRD ქართული მწვანილის ექსპორტზე გატანას ხელს უწყობენ
ევროკავშირი, FAO და EBRD ქართული მწვანილის ექსპორტზე გატანას ხელს უწყობენ

ევროკავშირი, FAO და EBRD ქართული მწვანილის ექსპორტზე გატანას ხელს უწყობენ

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია „ქართული მწვანილი“ საქართველოს მთავრობის იმ ინიციატივას ეხმაურება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მაღალი სტანდარტის პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტის მოცულობის გაზრდას გულისხმობს, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია 500 მილიონი მომხმარებლით დასახლებულ ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანა, რისი უფლებაც საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შედეგად მოიპოვა.

ღონისძიების მხარდამჭერები ევროკავშირი (“ევროკავშირი ბიზნესისათვის” ინიციატივის ფარგლებში) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იყვნენ. კონფერენციაში მწვანილის სექტორის 60-ზე მეტი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა მწვანილის მთლიან ღირებულებათა ჯაჭვზე საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვა, რასაც საფუძვლად დაედო საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებული კვლევები და შეფასებები.

“მაღალი ხარისხისა და ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოების ზრდა საქართველოში შესაძლოა დადებითად აისახოს ფერმერთა და საექსპორტო შემოსავლებზე, ასევე თანამედროვე საცალო ვაჭრობის განვითარებაზე”, – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის აგრობიზნესის საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა, ვიქტორია ზინჩუკმა.

როგორც კონფერენციაზე FAO-ს ექსპერტების მიერ გაჟღერდა, ხელსაყრელი კლიმატური პირობებისა და წარმოების არსებული ტრადიციების გათვალისწინებით, საქართველოს მსოფლიო ბაზარზე შეღწევისათვის კარგი საფუძველი გააჩნია. FAO-ში აცხადებენ, რომ დღეისთვის ქართული საექსპორტო მწვანილის წარმოება თითქმის მთლიანად რუსეთის ფედერაციაზეა ფოკუსირებული, თუმცა, მსოფლიოში არაერთი ბაზარია, რომელიც ქართულ, მაღალი ღირებულების პროდუქტებს სიამოვნებით გაუღებს კარს და მიმწოდებელს ადექვატურ კომპენსაციასაც შესთავაზებს.

„ევროკავშირი, საქართველოში წარმოდგენილი ინიციატივებით – EU4Business (“ევროკავშირი ბიზნესისათვის”) და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) – ხელს უწყობს ქართველ მწარმოებლებს რომ უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ, აითვისონ ახალი ბაზრები და აღმოაჩინონ ახალი სავაჭრო შესაძლებლობები“, – განაცხადა ევროკავშირის დელეგაციის სოფლის მეურნეობის მიმართულების ატაშემ საქართველოში ქრისტინა ქასელამ.

ევროკავშირის ბაზრებზე მზარდ მოთხოვნას საქართველოს მთავრობა იმერეთის აგრო-ზონის განვითარების პროექტით პასუხობს. ეს პროექტი საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის მოდელს ეფუძნება და იმერეთის რეგიონში სასათბურე კლასტერის განვითარების საშუალებას იძლევა. FAO-ში აღნიშნავენ, რომ პროექტის განხორციელების შედეგად, საექსპორტო პროდუქციის სტაბილური წარმოების შესაძლებლობა გაჩნდება.

“FAO-ს გამოცდილება უკრაინაში აჩვენებს, რომ მაღალი ღირებულების პროდუქტი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ბაზრების მიღმა წარმატებით გაიყიდება. სურსათის უვნებლობისა და ხარისხის გაზრდა შესაბამის უკუგებას მოიტანს, შედეგად მივიღებთ უფრო მაღალ ფასებს და უფრო დაბალ ბიზნეს-რისკებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართული მწვანილი ევროკავშირში, ახლო აღმოსავლეთში და, შესაძლოა, ჩრდილოეთ ამერიკაშიც კი აღმოჩნდეს, მაგრამ ამისათვის მწარმოებლებმა უსაფრთხოების სტანდარტები უნდა გააუმჯობესონ. ყურადღება უნდა გამახვილდეს პროდუქტის მოვლაზე, შენახვაზე და შეფუთვაზე”, – აღნიშნავს ანდრეი იარმაკი, FAO-ს ექსპერტი.

კონფერენციის დასრულების შემდეგ პრაქტიკული სემინარი / ტრენინგი გაიმართა – საქართველოში მწვანილის წარმოებისა და მარკეტინგის თემაზე.

Share