Home » საზოგადოება » „ევექსი“ კრიმინალურ სკანდალში ეხვევა
„ევექსი“ კრიმინალურ სკანდალში ეხვევა

„ევექსი“ კრიმინალურ სკანდალში ეხვევა

კომერსანტი  ხშირად წერს იმ დარღვევებსა თუ გადაცდომებზე, რომელიც „ევექსის“ კლინიკათა ქსელში არც თუ იშვიათად ფიქსირდება  და რომელსაც შესაბამისი რეაგირება არც სამედიცინო ქსელის ხელმძღვანელობის მხრიდან და არც ჯანდაცვის შესაბამისი უწყებებიდან  მოჰყოლია. ურეაგიროდ დარჩენილი ფაქტები და პასუხგაუცემელი კითხვები კი, მომავალში ახალი პრობლემების მიზეზი ხდება, რომელიც ხშირად ფატალური შედეგით სრულდება.

ერთი თვის წინ,  ბათუმში, 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ, რომლის ახლობლებიც სწორედ  ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს ექიმების ბრალეულობაზე საუბრობენ, „ევექსის“ კლინიკათა ქსელი ახალ კრიმინალურ სკანდალში გაეხვია.

რამდენიმე დღის წინ, ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში ემბრიონი იპოვეს, რაზეც  შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო.

რა ხდება „ევექსში“ და რატომ არ სრულდება სკანდალი საქართველოს ყველაზე დიდი სამედიცინო კორპორაციის გარეშემო, ამ თემაზე დარგის სპეციალისტები „კომერსანტთან“  რამდენიმე მნიშვნელოვან მიზეზს ასახელებენ.

„„ევექსი“ არის მონოპოლისტი, რომელიც სპობს ქართულ მედიცინას. საქმე გვაქვს მენეჯმენტის პრობლემასთან, რომელიც მოუგვარებელია და რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ყურადღებას არ აქცევს. ეს მაშინ, როცა ჩვენ (სხვა კლინიკებს ვგულისხმობ) არცერთ შეცდომას არ გვპატიობს, მკაცრად გვაკონტროლებს. „ევექსს“ ყველაფერი ეპატიება. ძალიან მალე ადგილობრივი კლინიკები აღარ იარსებებენ თუ ანტიმონოპოლიური კანონი არ შემოვა,“ –  ასე აფასებს კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია „ევექსის“ კლინიკის მორიგ სკანდალს.

ანზორ მელია დარწმუნებულია რომ „ევექსის“ კლინიკას მფარველობენ. შესაბამისად, მას ყველა შეცდომა ეპატიება და ამიტომაც არ დაისჯება.

რაც შეეხება ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოში მომხდარ ფაქტს, მელია ამ შემთხვევაშიც მთავარ პრობლემას მენეჯმენტში ხედავს.

„ემბრიონს რომ აღმოაჩინე საკანალიზაციო მილში, ესე იგი მენეჯმენტის პრობლემა გაქვს. ეს ერთი და მეორე ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამისად არ ამოწმებს „ევექსის“ დაწესებულებას. ის მოთხოვნები რაც ყველასთვის არის დაწესებული, როგორც ჩანს „ევექსის“ არ ეხება.  სხვანაირად აღნიშნული შემთხვევა ვერ აიხსნება“,- განმარტავს ანზორ მელია.

პრობლემას  კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი მონოპოლიზმშიც ხედავს.

„ძალიან ბევრი კარგი პირობა აქვს შექმნილი სახელმწიფოს მხრიდან „ევექსის“. მაგალითად, გასინჯვის პროგრამები აქვს უფასო, რის შემდეგაც პაციენტები რჩებიან და შემდგომ მკურნალობასაც იქ გადიან. არადა, ამ დაწესებულების აკადემიური დონე არ არის ისეთი, როგორც ტრადიციული ქართული კლინიკების. არათანაბარ პირობებში ყოფნა არის დაუშვებელი და სანამ ანტიმონოპოლიური კანონი არ შემოვა, არაფერი გვეშველება. „ევექსის“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში მყოფი კვლავ განაგრძობს შეცდომებიც დაშვებას“,- ამბობს ანზორ მელია.

ქობულეთში მომხდარი კრიმინალის შესახებ სამართლებრივი შეფასებას კომერსანტთან  იურისტი ლევან ალაფიშვილი აკეთებს. როგორც რესპოდენტი განმარტავს, ფაქტის სპეციფიკიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კლინიკის რომელიმე თანამშრომლებს ფიზიკურად ვერ დაეკისრება, ვიდრე გამოძიება საბოლოო სიტყვას არ იტყვის. თუმცა, ფაქტია, სისტემურ გაუმართაობის პრობლემა ნამდვილად დგას.

„ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ნამდვილად იკვეთება მენეჯმენტის პრობლემა და სისტემური გაუმართაობა. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს როლს, მას შეუძლია შეისწავლოს როგორ მოხდა ფაქტი (გადიოდა თუ არა კონკრეტული პაციენტი მკურნალობას, რამდენად ეთიკურად იქცეოდა და ა.შ.). საგამოძიებო ორგანოები კი აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ როგორ მოხდა ნაყოფის სავარაუდოდ ხელოვნურად მოცილება. თუ ამ ორმა უწყებამ შესაბამისად იმუშავა, მაშინ სიმართლე დადგინდება“,- განმარტავს ლევან ალაფიშვილი.

მისივე თქმით, აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტრომ მიდგომები შეიცვალოს .

„დღეს არსებული გადაჭარბებულად მკაცრი კონტროლიორ-რევიზორიდან ჯანდაცვის სამინისტრო უნდა გადაიქცეს მთლიანი სისტემის სანდო პარტნიორად; შესაბამის დახმარებებს მისცემს კლინიკებს. თავის მხრივ, სამედიცინო დაწესებულებებს არ ექნებათ შიში,“- ამბობს ლევან ალაფიშვილი.

commersant.ge

Share