Home » ეკონომიკა » ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს
ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს

საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვაში პრობლემები საკმაოდ მრავლადაა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხია. ხელისუფლება ცდილობს ამ პრობლემას სხვადასხვა გადაწყვეტა მოუძებნოს, რისთვისაც სულ ახლახანს შეიმუშავა პროგრამა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეები 35 დასახელების მედიკამენტს 1 ლარად შეიძენენ. ხოლო იმისთვის, რომ ადამიანებმა 1 ლარად შეძლონ მედიკამენტების შეძენა, საჭიროა ფორმა 100 და რეცეპტი წარადგინონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალში და პროგრამის ბენეფიციარად დარეგისტრირდნენ.

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ამ პროგრამის რეალიზების პროცესში ყურადღებას იპყრობს. კერძოდ, ერთი მხრივ სახელმწიფო ცდილობს, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს, რაც მიმდინარე ეტაპზე ჯანდაცვის სისტემის აქილევსის ქუსლია, სხვადასხვა გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ პენსიონერის პენსიის 70-80% სწორედ მედიკამენტების შესყიდვაში იხარჯება. ამ შემთხვევაში მთავრობამ მიმართა პირდაპირი სუბსიდიის მექანიზმს, რასაც ნაკლოვანებები გააჩნია.

სხვადასხვა გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ქართულ ფარმაცევტულ სექტორში მედიკამენტებზე ფასნამატი საგანგაშოდ მაღალია. მაგალითად, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული მედიკამენტების ბაზრის კვლევების თანახმად, ცალკეულ მედიკამენტებზე ფასნამატი 1000%-საც აჭარბებდა. მთლიანობაში კი ფარმაცევტული კომპანიები ბაზარზე, ძირითადად, არარეალურად გაბერილი ფასებით ოპერირებენ.

აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობამ 1 ლარად გადასაცემი მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში პირდაპირ ბიუჯეტიდან დაასუბსიდირა ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც ისედაც სასათბურე პირობებში იმყოფებიან. ესე იგი რა გამოდის, ფარმაცევტულმა კომპანიებმა კიდევ ერთხელ ისარგებლეს მოსახლეობის გაჭირვებული ფენის ხარჯზე და პირდაპირ ბიუჯეტიდან მიიღეს ტკბილი ლუკმა.

ამ პროგრამისთვის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც ერთი შეხედვით შეიძლება ფარმაცევტული კომპანიებისთვის არ იყოს მიმზიდველი რიცხვი, თუმცა ის უაზროდ გაფლანგულია იმ თვალსაზრისით, რომ მისი მოცვა მცირე მასშტაბისაა, მცირე რაოდენობაა მედიკამენტების, ხოლო სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ პრობლემის მოსაგვარებლად არასწორია. ბუნებრივია, იბადება კითხვა სხვა გზასთან დაკავშირებით. პირველ რიგში საჭიროა სათანადოდ იქნეს გამოკვლეული ბაზარი და დადგინდეს საშუალო ფასნამატი ბაზარზე არსებულ მედიკამენტებზე, შემდეგ უკვე სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს მისი დისკრეციული უფლებამოსილება და ლოგიკური ზედა ჭერი დააწესოს ფასნამატზე. ეს მექანიზმი საკმაოდ აპრობირებულია ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში, გამონაკლისს შეერთებული შტატები წარმოადგენს, სადაც კონკურენციის ხარისხი საკმაოდ მაღალ დონეზეა და ფასებსაც შესაბამისად ბაზარი არეგულირებს მოთხოვნა მიწოდების საფუძველზე.

თუ პირდაპირ ჩარევას არ განახორციელებს მთავრობა ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობაში, მაშინ კონკურენციის გაზრდას უნდა შეუწყოს ხელი და ბაზარზე ახალ-ახალი მოთამაშეები შემოიყვანოს. უახლოესი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ამგვარმა მიდგომამაც არ გაამართლა, როდესაც საპარტნიორო ფონდის მსხვილი ფინანსური მხარდაჭერით ბაზარზე ახალი მოთამაშე – „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოვიდა, რასაც ბუნებრივი მოლოდინი მოჰყვა, რომ მედიკამენტებზე ფასები დაიწევდა, რაც ცალსახად არ განხორციელდა, მას შემდეგ მედიკამენტების ფასები მკვეთრად გაზრდილია. ეს მაგალითი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში ფარმაცევტულ სექტორში კონკურენციის გაჩენით ფასების შემცირება თითქმის შეუძლებელი პროცესია, რისთვისაც საჭიროა პირდაპირი ჩარევები და გარკვეული საერთო თამაშის წესების შემუშავება. სხვა შემთხვევაში ამგვარი პროგრამებით, როგორიც 1 ლარად მედიკამენტების მიყიდვაა, მთავრობა მხოლოდ ფარმაცევტული კომპანიების მოგების მადას ზრდის, ხოლო მოსახლეობის მოწყვლადი ფენისთვის დანახარჯების შემცირების თვალსაზრისით არაფერი იცვლება.

შოთა კორინთელი

Share