Home » საზოგადოება » „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ ბაზარზე კვალიფიცირებული კადრების ნაკლებობაა“
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ ბაზარზე კვალიფიცირებული კადრების ნაკლებობაა“

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ ბაზარზე კვალიფიცირებული კადრების ნაკლებობაა“

ვახტანგ ჭარაია – ეკონომიკის მინისტრის ხედვები მნიშვნელოვან გამოწვევებს პასუხობს

აქცენტები, რომლებიც ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში დარგობრივ კომიტეტში სამოქმედო გეგმების წარდგენისას დაისვა, მნიშვნელოვან გამოწვევებს პასუხობს, – ამის შესახებ ეკონომისტმა ვახტან ჭარაიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას მიერ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე წარმოდგენილი ხედვების შეფასებისას განაცხადა.

ვახტანგ ჭარაიას თქმით, გიორგი ქობულიას მიერ წარმოდგენილი პროგრამები, მათ შორის, კვალიფიკაციის ამაღლებასთან და დასაქმებასთან დაკავშირებით, ნამდვილად საჭიროა.

„მთლიანობაში პოზიტიურად შევაფასებდი გამოსვლას, კითხვა-პასუხსაც. საქართველოს ეკონომიკა ძალიან დიდი და მძიმე გამოწვევების წინაშეა, ამიტომ არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ერთი რომელიმე კონფერენციით ან გამოსვლით მთელი საქართველოს პრობლემები მოგვარდება, თუმცა აქცენტები, რომლებიც დაისვა, მნიშვნელოვან გამოწვევებს პასუხობს. მაგალითად, ერთ-ერთი არის კვალიფიკაციასთან და დასაქმებასთან დაკავშირებით დაგეგმილი პროგრამები. ეს პროგრამები ნამდვილად საჭიროა, შეიძლება ითქვას, დაგვიანებულიც კი, თუ არა დროული. ეს პროცესი წლების განმავლობაში იწელებოდა და დიდი ხნით ადრე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ შემთხვევაში, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თუ ჩვენ საერთაშორისო რეიტინგებსა და ადგილობრივ ბიზნესებს ვენდობით, საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ ბაზარზე კვალიფიცირებული კადრების ნაკლებობაა. ეს ეხება როგორც მაღალტექნოლოგიურ, ასევე დაბალტექნოლოგიურ სფეროებს“, – აღნიშნა მან.

ეკონომისტის თქმით, გიორგი ქობულიას მიერ დაანონსებული 50 000 პირის გადამზადების პროგრამა დასაქმებისა და კვალიფიკაციის პრობლემას სრულად ვერ აღმოფხვრის, თუმცა ცალკეულ მიმართულებებს განვითარებაში დაეხმარება.

„რა თქმა უნდა, 50 000 პირის გადამზადებასთან დაკავშირებით დაანონსებული პროგრამა სრულად ვერ აღმოფხვრის ზოგადად, საქართველოში კვალიფიკაციის ამაღლების პრობლემას, თუმცა სადაც ეს საჭიროა, ცალკეული მიმართულებებით (ავეჯის, ტექსტილის ინდუსტრიაში, ტურიზმის მიმართულებით) სახელმწიფოს ჩართულობა ნამდვილად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სხვა ხელშეწყობა ამ სფეროებს არ აქვთ ან ძალიან უმნიშვნელო ხელშეწყობა აქვთ. მაგალითისთვის რომ ვთქვათ, დღეს რეგიონში სასტუმროს გახსნა უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან კადრების მოძიება რთულია“, – განაცხადა ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ.

Share