Home » ფინანსები » ეროვნულმა ბანკმა წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის დებულება დაამტკიცა
ეროვნულმა ბანკმა წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის დებულება დაამტკიცა

ეროვნულმა ბანკმა წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის დებულება დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის (Net Stable Funding Ratio (NSFR)) შესახებ დებულება დაამტკიცა, რომლის მიზანს საბანკო სექტორის მიერ მოზიდული დაფინანსების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ეროვნული ბანკის ცნობით, ახალი პრუდენციული კოეფიციენტის მოთხოვნის მიხედვით, ბანკის ვალდებულებების სტრუქტურა მისივე საბალანსო და გარესაბალანსო აქტივობების ადეკვატური უნდა იყოს. ამასთანავე, რეგულაცია ხელს შეუწყობს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ვადიანობის ტრანსფორმაციით (როდესაც ბანკი იზიდავს მოკლევადიან სახსრებს და აბანდებს გრძელვადიან აქტივებში) წარმოშობილი რისკების შემცირებას, რაც მათ დაფინანსების გრძელვადიან, სტაბილურ წყაროებზე მეტი აქცენტის გაკეთების საშუალებას მისცემს.

ეროვნული ბანკის განმარტებით, წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის სტანდარტი საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერ გლობალური ფინანსური კრიზისის გამოცდილების გათვალიწინებით შემუშავდა და ბაზელ III-ის ჩარჩოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. დებულება კი, აღნიშნული სტანდარტის პრინციპებთან შესაბამისობაშია და, ამასთანავე, ითვალისწინებს ევროკავშირში მოქმედი დირექტივების (CRD IV – CRR ) მოთხოვნებსა და ევროპის საბანკო უწყების (EBA – European Banking Authority) რეკომენდაციებს.

ბანკების წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის ანგარიშგება 2018 ივნისიდან რეგულარულად იწარმოება.

„მასზე დაყრდნობით, მიმდინარე პერიოდში ყველა კომერციულ ბანკს საზედამხედველო მოთხოვნასთან მიმართებაში კომფორტული ბუფერი აქვს, რამაც ახალი რეგულაციის დანერგვა გააადვილა. გამჭვირვალობის ზრდის მიზნით, აღნიშნული ანგარიშგებები დაემატება პილარ 3-ის ფორმებს, რომლებიც კვარტალურად ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ქვეყნდება“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლიკვიდობისა და ფონდირების რისკების რეგულირებისთვის მინიმალური მოთხოვნა 1998 წლიდან დააწესა  – ლიკვიდური აქტივები შეფარდებული მოკლევადიან ვალდებულებებთან ≥30 პროცენტი. 2017 წელს ასევე დაინერგა ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის (LCR) სტანდარტი. წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის ამოქმედების შემდეგ, 2020 წლის პირველი იავრიდან გაუქმდება არსებული 30 პროცენტის მოთხოვნა და ის რისკების მონიტორინგის ინსტრუმენტად გადაიქცევა.

„ამის შედეგად, ლიკვიდობისა და ფონდირების რისკთან მიმართებაში, ეროვნული ბანკის მიდგომები სრულ თანხვედრაში მოვა ბაზელ III-ის პრინციპებთან“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

Share