Home » ეკონომიკა » ეროვნული ბანკი: “ინფლაციაზე ზეწოლას პურის და თამბაქოს გაძვირება მოახდენს”
ეროვნული ბანკი: "ინფლაციაზე ზეწოლას პურის და თამბაქოს გაძვირება მოახდენს"

ეროვნული ბანკი: “ინფლაციაზე ზეწოლას პურის და თამბაქოს გაძვირება მოახდენს”

“2018 წლის მსგავსად, ფასებზე აღმავალი ზეწოლა ძირითადად კვლავ ერთჯერად ფაქტორებს ექნება – თამბაქოზე გაზრდილი აქციზის გადასახადისა და პურპროდუქტებზე
მომატებული ფასების სახით,”- ამის შესახებ  ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია საუბარი.

2019 წელსაც ისევე როგორ 2018 წელს ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია 3% იქნება. სებ-ის შეფასებით, ამ გარემოებას ქვეყანაში არსებული ჯერ კიდევ სუსტი ერთობლივი მოთხოვნა დააბალანსებს.

ამასთანავე, ანგარიშში წერია, რომ ქვეყანაში ინფლაცია შეიძლება განსხვავებული იყოს, თუ შემდეგი რამ მოხდება:

“ინფლაცია შესაძლოა განსხვავებული აღმოჩნდეს მისი პროგნოზირებული მნიშვნელობისგან, თუკი ადგილი ექნება ნაკლებად მოსალოდნელი, მაგრამ შესაძლებელი ფაქტორების რეალიზაციას. ერთი მხრივ, რეგიონში გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გაუარესების ფონზე, საგარეო შოკის გამწვავებამ შესაძლოა გამოიწვიოს სამომხმარებლო ფასების პროგნოზირებულზე უფრო მაღალი ზრდა.კერძოდ, აღნიშნული რისკის რეალიზაციისას აიწევს რეგიონის ქვეყნების (მათ შორის, საქართველოს) რისკპრემია, რაც ადგილობრივი ვალუტების გაუფასურებაში აისახება და უცხოური ვალუტის სესხების მომსახურების ხარჯის ზრდის ფონზე, წლიურ ინფლაციას პროგნოზირებულზე მეტად გაზრდის.

ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლის მიზეზი შესაძლოა ასევე იყოს სასაქონლო პროდუქციაზე (ნავთობი, სურსათი) საერთაშორისო ფასების მკვეთრად მატება. მეორე მხრივ, სამომხმარებლო ფასებს, პროგნოზირებულთან შედარებით, შემცირებისკენ შესაძლოა უბიძგოს ადგილობრივი მოთხოვნის შესუსტებამ, რაც დამოკიდებული იქნება როგორც
ფისკალური სტიმულის ზომაზე, ასევე საკრედიტო აქტივობის ზრდის ტემპზე. მიუხედავად ბოლოდროინდელი დადებითი ტენდენციისა, აშშ-სა და მის ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის „სავაჭრო ომის“ ესკალაციაც გარკვეული რისკის მატარებელია. თუ აღნიშნული ფაქტორი დოლარის გლობალურ გაუფასურებას გამოიწვევს, ლარის შესაბამისმა გამყარებამ, შესაძლოა, ფირმების სესხების მომსახურების ტვირთი და ინფლაციის მოლოდინები შეამციროს, რაც, საბოლოოდ, სამომხმარებლო პროდუქციის გაიაფებაში აისახება,”- წერია ანგარიშში.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 2.2% იყო. საქონლის ჯგუფებიდან ყველაზე მეტად ფასები თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფზე გაიზარდა, რამაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.66 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. სურსათის ფასები კი, 3.2%-ით არის გაზრდილი. მათ შორის პურის და პურპროდუქტების ფასის ზრდა 10%-ს შეადგენს.

წყარო:bm.ge

Share