Home » საზოგადოება » ეროვნული ბანკი ახალი შენობის აშენებას იუსტიციის სახლის იმ ფლიგელის პრივატიზაციით მიღებული შემოსავლით გეგმავს, რომელშიც სებ-ია განთავსებული
ეროვნული ბანკი ახალი შენობის აშენებას იუსტიციის სახლის იმ ფლიგელის პრივატიზაციით მიღებული შემოსავლით გეგმავს, რომელშიც სებ-ია განთავსებული

ეროვნული ბანკი ახალი შენობის აშენებას იუსტიციის სახლის იმ ფლიგელის პრივატიზაციით მიღებული შემოსავლით გეგმავს, რომელშიც სებ-ია განთავსებული

იუსტიციის სახლის ის ფლიგელი, სადაც ეროვნული ბანკია განთავსებული, გაიყიდება და მიღებული შემოსავალი სებ-ის ახალი შენობის აშენებას მოხმარდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, ახალი სათაო ოფისის საჭიროება, რომლის ბიუჯეტიც სავარაუდოდ, 50 მლნ ლარი იქნება, სებ-ის გაზრდილი ფუნქციებიდან გამომდინარე დადგა. გვენეტაძის თქმით, ახალი ოფისის მშენებლობას დაახლოებით 3-4 წელი დასჭირდება.

„ბოლო 3 წლის განმავლობაში პარლამენტმა რამდენიმე საკანონმდებლო აქტი მიიღო, რომლითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ეროვნული ბანკის ფუნქცია-მოვალეობები. ძალიან ბევრი საკითხი და ფუნქცია დაემატა ეროვნულ ბანკს. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ სისტემა იზრდება, ვითარდება და გამოწვევები უფრო და უფრო მეტი ხდება, მაგალითად კიბერშეტევა, გადახდები, მათი საიმედოობა, ფინანსური განათლება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ამან დღის წესრიგში დააყენა ის, რომ ეროვნულ ბანკს სჭირდება უფრო მეტი რესურსი, უფრო მეტი ფართობი იმისათვის, რომ მან შეძლოს მნიშვნელოვნად გაზრდილი ფუნქციების შესრულება. არსებული საოფისე ფართები ვერ პასუხობს ვერც მიმდინარე და ვერც სამომავლო მოთხოვნებს.

ეს შენობა არის ეროვნული ბანკის საკუთრება. მოხდება მისი რეალიზაცია და აქედან მიღებული შემოსავლები მოხმარდება იმ პროექტს, რომელსაც ეროვნული ბანკის ახალი სათაო შენობა ჰქვია. პროექტი საკმაოდ დიდხნიანია. დაახლოებით 3.5 – 4 წელი გაგრძელდება და ეს არის ის ინვესტიცია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უნდა მოემსახუროს ეროვნულ ბანკს.

აქვე გეტყვით, რომ შენობის ამ ფლიგელს, რომელშიც ეროვნული ბანკი იმყოფება, არ აქვს საავარიო გასასვლელი, მაგალითად, ხანძრის ან რაიმე ავარიული შემთხვევის დროს. თუ ასეთი რამე მოხდა, შეუძლებელი იქნება ეროვნული ბანკის თანამშრომლების ან ჩვენი სტუმრების ევაკუაცია. აქედან გამომდინარე, ვგეგმავთ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობასაც ანუ უნდა აშენდეს საევაკუაციო კიბე ეროვნულ ბანკში. აქაც ეროვნული ბანკი თავის საქმიანობას მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართავს,“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Share