Home » მსოფლიო » ერდოღანი – დონალდ ტრამპთან ამერიკული რაკეტების შესყიდვის საკითხს განვიხილავ
ერდოღანი - დონალდ ტრამპთან ამერიკული რაკეტების შესყიდვის საკითხს განვიხილავ

ერდოღანი – დონალდ ტრამპთან ამერიკული რაკეტების შესყიდვის საკითხს განვიხილავ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზე ის თურქეთის მიერ აშშ-სგან “პატრიოტის” ტიპის რაკეტების შეძენის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა სააგენტოს განუცხადა, მან აღნიშნული საკითხი ორი კვირის წინ დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის დროსაც განიხილა და განხილვის გაგრძელებას მომავალ კვირას, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის დროსაც გეგმავს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ მისი პირადი კავშირი დონალდ ტრამპთან ორ ქვეყანას შორის თურქეთის მიერ რუსული S-400-ის შესყიდვით გამოწვეული კრიზისის გადალახვას შეუწყობს ხელს.

„მე მას ვუთხარი: რა მნიშვნელობა აქვს რამდენი S-400-ის ტიპის რაკეტა შევიძინეთ რუსეთიდან. ჩვენ თქვენგან გარკვეული რაოდენობის “პატრიოტის” ტიპის რაკეტების შეძენა შეგვიძლია, თუმცა აღვნიშნე, რომ შესყიდვის პირობები S-400-ის შესყიდვის პირობებზე ნაკლები არ უნდა იყოს,“ – განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ ის გულისხმობდა ერთობლივი წარმოებისა და ხელსაყრელი კრედიტის პირობებს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა რუსეთისგან მიმდინარე წლის ივლისში S-400-ის ტიპის რაკეტები შეიძინა, რის შემდეგაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ანკარისთვის “პატრიოტის” ტიპის რაკეტების მიყიდვის შეთავაზება ძალაში აღარ იყო.

1tv.ge

Share