Home » ბიზნესი » ENKA ახალ პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქეს დაასაქმებს

ENKA ახალ პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქეს დაასაქმებს

ENKA („ენკა“) საქართველოში მიმდინარე პროექტში 2000-მდე ადამიანს დაასაქმებს, რომელთაგან 80% საქართველოს მოქალაქე იქნება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ENKA-დან აცნობეს.

კომპანია ENKA Renewables (შპს “ენკა რინიუებლზ“) ახორციელებს ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტს, რომელშიც ამჟამად უკვე 300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

პროექტის ძირითადი ინვესტორი და 90%-იანი წილის მფლობელი 63-წლიანი ისტორიის მქონე თურქული კორპორაცია ENKA-ა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). იგი ძირითადად ინჟინერიის, მშენებლობისა და ენერგეტიკის დარგებში ოპერირებს და ამჟამად მსოფლიოს 64 ქვეყანაში 20,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

„დასაქმების კუთხით ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი არის სამუშაო ადგილების შექმნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რიონის ხეობაში პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოყოლილი მოსახლეობისთვის. წყალტუბოსა და ქუთაისის მოსახლეობა ამ მხრივ ასევე პრიორიტეტთა სიაშია. ადგილობრივთა მაქსიმალური რაოდენობის დასაქმების უზრუნველსაყოფად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თვითმმართველობის ორგანოებთან. ისეთ პროექტებს, როგორიცაა ნამახვანის ჰესების კასკადი, დიდი გავლენა აქვს ადგილობრივ ეკონომიკაზე და ამ მხრივ ერთ-ერთი პირდაპირი შედეგი შრომის ბაზრის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. ENKA ამაყობს იმით, რომ ტრადიციულად, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე დამსაქმებელია, რომელიც ქმნის კონკურენტულ სამუშაო პირობებს, თანაბარ შესაძლებლობებს, უზრუნველყოფს თანამშრომლების მომზადება-განვითარებას, იცავს მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს”, – აცხადებს პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ირინა პეტრიაშვილი.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია. ამჟამად პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

Share