Home » ეკონომიკა » ენერგოსეტორის განვითარების ერთადერთი სწორი გზა ჰესების მშენებლობაა
ენერგოსეტორის განვითარების ერთადერთი სწორი გზა ჰესების მშენებლობაა

ენერგოსეტორის განვითარების ერთადერთი სწორი გზა ჰესების მშენებლობაა

ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას, ენერგეტიკის სექტორის განვითარება წარმოადგენს. სექტორის გაძლიერების მთავარი ამოცანა, ენერგორესურსებზე თავისუფალი წვდომა და ამ რესურსების მიწოდების საიმედოობაა. დარგის განვითარების პროცესში, რესურსების რაციონალური ათვისება, ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის მთავარი ამოცანაა. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ენერგოპოტენციალის მაქსიმალური ათვისება და გენერაციის ობიექტების მშენებლობა, ქვეყნების განვითარების უპირობო თავსატეხია.

საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ის ჰიდროპოტენციალი, რომელიც ქვეყანას გააჩნია. როდესაც საუბარია ქვეყნის რესურსებზე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დათვლილია 26 060 მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 60 ათასი კმ-ია. საქართველოს მტკნარი წყლის საერთო მარაგი, რომელიც შედგება მყინვარების, ტბებისა და წყალსაცავების წყლის მარაგებისაგან, შეადგენს 96.5 კბ3-ს. მდინარეთა საერთო რაოდენობიდან ენერგეტიკული მნიშვნელობით გამოირჩევა 300-მდე მდინარე, რომელთა წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15,550 მეგავატის ეკვივალენტურია, ხოლო საშუალო წლიური ენერგია – 50 მლრდ კვტ. საათის ეკვივალენტური. თუმცა, სამწუხაროდ, დღესდღეობით ქვეყნის მთლიანი პოტენციალის დახლოებით 18% არის ათვისებული, რაც 2800 მგვტ–ს შეადგენს. რა თქმა უნდა, ასეთი სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არსებული რესურსების ათვისება, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა.

ობიექტურობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ საზოგადოების გარკვეულ წრეებში, ჰესების მშენებლობის საკითხი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას აქტიურად ეწინააღმდეგებიან გარემოსდამცველები თუ საზოგადოების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლები. ხშირად, დიდი ჰიდროელექტროსადგურების შემცვლელებად ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისება სახელდება. რაც შეეხება ქარის და მზის ენერგიას, უნდა ითქვას, რომ მათი ტექნოლოგიები თანდათან ვითარდება და იაფდება, მაგრამ მათი გამოყენება ქარის და მზის არასტაბილურობის გამო საჭიროებს ენერგოსისტემაში დამატებითი სარეზერვო სიმძლავრის ჩართვას და სწრაფ მობილიზაციას. ხაზგასასმელია, რომ ტექნიკური კუთხით, აღნიშნული ტიპის ელ-სადგურები, ზოგადად, ენერგოსისტემის მდგრადობაზე ახდენენ უარყოფით გავლენას. საქართველოს ენერგოსისტემა მცირე ზომისაა, ამიტომ მდგრადობის და საიმედოობის თვალსაზრისით, ქარისა და მზის ენერგიის მასიური ჩართვა საქართველოს ენერგეტიკულ ქსელში ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის.

რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურებს, ხაზგასასმელია, რომ მათ ახასიათებთ მაღალი მანევრირების უნარი. ენერგოსისტემის დატვირთვის მიხედვით, შესაძლებელია მათი გენერაციის ცვლილება და დღე-ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ჩართვა-გამორთვაც კი. ამ ტიპის ელ-სადგურებს, ასევე ახასიათებთ მაღალი მდგრადობა და საიმედოობა, რაც ენერგოსისტემის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს. გარდა აღნიშნული `ღირსებებისა~, ჰესებისგან ელექტროენერგიის მიღების ტექნოლოგია ჯერჯერობით ყველაზე იაფია. ეს ფაქტორები, ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისების კუთხით, საქართველოს ენერგეტიკული სისტემის განვითარების სტრატეგიულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

იმ შემთხვევაში თუ ჰიდროენერგეტიკის განვითარების საკითხს პრაგმატულ ჭრილში განვიხილავთ, დავრწმუნდებით, რომ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ ნებისმიერი წინააღმდეგობა, მხოლოდ საკითხის ემოციური შეფასების შედეგია.  რამდენადაც, კარგად თუ გავაანალიზებთ, გამოდის, რომ ახალი ჰიდროელექტროსადგურების აშენების ალტერნატიული დანახარჯი, არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. ბუნებრივია, საქართველოს არ აქვს ასეთი რისკის გაწევის ფუფუნება. გარდა ამისა, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ქვეყნისთვის ელ-ენერგიის გენერაციის სიმწირე და ენერგოდამოკიდებულების მაღალი ხარისხი, უცხოელი ინვესტორებისთვის საკმაოდ უარყოფითი სიგნალია, რაც ბუნებრივია, მათ ქცევაზე აისახება და, შესაბამისად, ეს შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც საქართველოში ინვესტირებისგან თავი შეიკავონ. მაგალითად, Dოინგ Bუსინესს-ის საერთაშორისო რეიტინგების შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობაა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რეიტინგების მიხედვით, საქართველოს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, არც თუ ცუდი პოზიცია აქვს (24-ე ადგილი), კონკრეტულად ელ.ენერგიის მიწოდების კუთხით, საქართველო 62-ე ადგილზეა, რაც ერთმნიშვნელოვნად არ არის სახარბიელო პოზიცია. რასაკვირველია, უცხოელი ინვესტორები ასეთ რეიტინგებს დიდ ყურადღებას აქცევენ, შესაბამისად, საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე ადგილის დაკავება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს.

ქვეყნის ჰიდრორესურსების ათვისება და ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშნებლობის აუცილებლობას ელექტროენერგიის მოხმარების ანალიზიც ადასტურებს. საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოება ბოლო ცხრა წლის მანძილზე (2007-2015 წწ), 30%-ით გაიზარდა – 8346 მლნ. კვტ.სთ-დან 10833 მლნ. კვტ.სთ-მდე. დროის ამ შუალედში, ელექტროსისტემას დაემატა 420 მგვტ ჯამური დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურები. ქვეყნის ენერგომოხმარების დაახლოებით მეხუთედი ელექტროენერგიას უკავია (2014 წელს – 21%). ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის შიდა მოხმარება განხილულ პერიოდში (2007-2015 წწ) 33%-ით გაიზარდა – 7815 მლნ. კვტ.სთ-დან 10382 მლნ. კვტ.სთ-მდე. მათ შორის, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე – 31%-ით, ხოლო აფხაზეთში – 43%-ით. ელექტროენერგიაზე მოთხოვნის უზრუნველყოფა პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით არსებული ჰიდრო და თბოელექტროსადგურებით ხორციელდება. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2007-2015 წლებში ქვეყანაში ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების ჯამური ზრდა, 3%-ით ჩამორჩება მოხმარების ჯამურ ზრდას, ხოლო იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 61%-ით არის გაზრდილი.

გარდა ამისა, თუ გავაანალიზებთ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ეტაპობრივ ზრდას და სამომავლო პროგნოზებს განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ელექტროენერგიის მოხმარების საპროგნოზო მაჩვენებლები საკმაოდ დიდია. ელექტროენერგიის მოხმარება-მიწოდების პროგნოზისა და ანალიზის დროს, ნაგულისხმევია, რომ წლიურად საქართველოს ელ.ენერგიის მოხმარება დაახლოებით 5%-ით გაიზრდება. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული 5% მხოლოდ საპროგნოზო ციფრია და რეალურად, მოთხოვნის ზრდის ფაქტობრივ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ხშირ შემთხვევაში, ზრდა 5%-ზე მეტი გამოდის.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარება 11.29 მლრდ. კილოვატ-საათია. შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წლიურად საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 5%-ით გაიზრდება, 10 წელიწადში დაახლოებით, 17.51 მლრდ. კილოვატ-საათი ენერგიის მოთხოვნა გვექნება. საგულისხმოა, რომ 17,51 მლრდ კილოვატ-საათი ენერგიის მოხმარების დაკმაყოფილება 2 განსხვავებული წყაროდან იქნება შესაძლებელი. ერთი მხრივ, ეს იქნება იმპორტირებული ენერგია და მეორე მხრივ, თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია, რომელიც ასევე, იმპორტირებული ნედლეულისგან იწარმოება. პირველი ვარიანტი, ანუ ელ.ენერგიის იმპორტი ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება, რამდენადაც, ელექტროენერგიაზე ფასი მუდმივად მზარდი ტენდენციით გამოირჩევა და, მით უმეტეს, ზამთარში აღნიშნული ფასები პიკში ადის. გარდა ამისა, მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა მეზობელ ქვეყანაზე დამოკიდებულების ზრდა არის, რაც საქართველოს ენერგო და პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით, საკმაოდ დიდი ტვირთია. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, რაც თბოსადგურების მაქსიმალურ დატვირთვას ნიშნავს, ბუნებრივია, აქაც საკმაოდ დიდი პრობლემები წარმოიშვება. ერთი მხრივ, თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია საკმაოდ ძვირადღირებულია და მეორე მხრივ, აქაც ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების პრობლემა დგება, რაც რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე. ამდენად, ამ მასშტაბის მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველაზე ოპტიმისტური და გამართლებული გზა, შიდა გენერაციის წყაროების განვითარებაა. რამდენადაც, ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, იმპორტულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია.

ანდრო ღამბაშიძე

Share