Home » საზოგადოება » ელიზაბეთ რუდი: მოვუწოდებთ რუსეთს, აღადგინოს ორმხრივი ფრენები საქართველოში
ელიზაბეთ რუდი: მოვუწოდებთ რუსეთს, აღადგინოს ორმხრივი ფრენები საქართველოში

ელიზაბეთ რუდი: მოვუწოდებთ რუსეთს, აღადგინოს ორმხრივი ფრენები საქართველოში

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი 20 ივნისს, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ აფასებს. მისი თქმით, მომხდარი გამოძიებას საჭიროებს.

„20 ივნისის მოვლენები საჭიროებს სრულ გამოძიებას, როგორც ძალის გამოყენების, ისე ზოგი დემონსტრანტის მიერ ძალადობის საკითხში. მოხარული ვართ, რომ, როგორც ჩანს, გამოძიება მიმდინარეობს. მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, უშუალოდ ვინ იყო პარლამენტშიa იმ დღეს, პირადად მე შეერთებულ შტატებში ვიყავი და ვესწრებოდი ჩემი ქალიშვილის ქორწილს“, – განუცხადა რუდმა ჟურნალისტებს.

შეკითხვაზე რა პოზიცია აქვს აშშ-ს რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებსა და პუტინის განცხადებაზე საქართველოს შესახებ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პასუხობს:

„შეერთებული შტატები შეშფოთებული აკვირდება იმ არაპროპორციულ ზომებს, რომლებიც განხილული იყო რუსული მთავრობის, დუმას წევრების მიერ და, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში დაწესებულიც იყო საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. თუმცა, ახლა, როდესაც ორივემ, როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ლიდერებმა გამოხატეს მზადყოფნა სტაბილური ორმხრივი ურთიერთობისთვის, მოვუწოდებთ რუსეთს, რომ აღადგინოს ორმხრივი ფრენები საქართველოში. აქ გულითადად ხვდებიან ტურისტებს მთელი მსოფლიოდან და მათთვის უსაფრთხო გარემოა შექმნილი. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილები საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

Share