Home » საზოგადოება » ელექტრონული სიგარეტები და მათი გავლენა ჯანმრთელობაზე – პროფესორი ლინდა ბოლდის მოსაზრებები
ელექტრონული სიგარეტები და მათი გავლენა ჯანმრთელობაზე – პროფესორი ლინდა ბოლდის მოსაზრებები

ელექტრონული სიგარეტები და მათი გავლენა ჯანმრთელობაზე – პროფესორი ლინდა ბოლდის მოსაზრებები

ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად განიხილება ელექტრონული სიგარეტის მოხმარებისა და ჯანდაცვაში მისი როლის შესახებ საკითხი.

ჯანმრთელობის საინფორმაციო პორტალმა likar.info-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ თამბაქოს მოხმარების საკითხში წამყვან ექსპერტთან ლინდა ბოლდთან.

ლინდა ბოლდი ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხების პროფესორი, სოციალური მარკეტინგის ინსტიტუტის დირექტორი, სტირლინგის უნივერსიტეტის კვლევითი დეპარტამენტის დეკანი და თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების შესწავლის ბრიტანული ცენტრის დირექტორის მოადგილეა.

– The Guardian-ში, თქვენს ერთ-ერთ სტატიაში ამბობთ: კიდევ ერთხელ ვამტკიცებ – ელექტრონული სიგარეტები ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად უსაფრთხოა, ვიდრე ჩვეულებრივი. ფრაზამ „ჯერ კიდევ“ ცოტა დამაბნია. თითქოს ადრე ელექტრონული სიგარეტები რეალურად უფრო უსაფრთხო იყო, ხოლო ახლა მეცნიერებმა აღმოაჩინეს რაღაც ნაკლოვანებები, თუმცა ეს მწეველთათვის მაინც უკეთესი ვარიანტია. ასეა?

– ძირითადი მიზეზი იმისა, რატომაც გამოვიყენე „ჯერ კიდევ“ არის ის, რომ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ვხედავთ, რომ იზრდება ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც არასწორი წარმოდგენა აქვთ ელექტრონულ სიგარეტზე. 2013 წელს ზრდასრული მოსახლეობის 7%-ს სჯეროდა, რომ ელექტრონული სიგარეტები ისეთივე მავნეა, როგორც ჩვეულებრივი, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 25%-მდე გაიზარდა. ისეთი ადამინების რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ელექტრონული სიგარეტები ისეთივე მავნეა, როგორც ჩვეულებრივი, ყოველწლიურად იზრდება. სწორედ ეს ზრდადი გაუგებრობა გახდა მიზეზი იმისა, რატომაც გამოვიყენე „ჯერ კიდევ“… აქ საქმე ის არ არის, რომ ბოლო დროის განმავლობაში ელექტრონული სიგარეტების მოხმარებისგან მავნე ზემოქმედება გამოვლინდა, ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვეულებრივ თამბაქოს მოიხმარენ. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ მათზე, ვინც თამბაქოს არ მოიხმარს.

საზოგადოებას მუდმივად უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია იმ კვლევების შესახებ, რომლებსაც ვახორციელებთ. უდავოა, რომ ელექტრონული სიგარეტებისთვის გარკვეული სტანდარტები უნდა შევიმუშაოთ: თუ რა სახის ნივთიერებებისგან უნდა დამზადდეს მოწყობილობის შემადგენელი კომპონენტები, რა სახის გემოები არის დასაშვები, რომელი კომპონენტები შეიძლება გამოვიყენოთ „მოსაწევი“ სითხეებისთვის და ა.შ. ვფიქრობ, ტექნოლოგიურად აქ პრობლემა არ იქნება, დროის განმავლობაში მსგავსი სტანდარტები უნდა გაჩნდეს.

– როდესაც გავეცანით სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ რიგ კვლევებს, დავრწმუნდით, რომ ელექტრონული სიგარეტები ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე ჩვეულებრივი. თუმცა, მიუხედავად ამ მონაცემებისა, ბევრი ფიქრობს, რომ ელექტრონული სიგარეტები ჩვეულებრივზე უარესია. ასეთი სიტუაციაა უკრაინაში და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში, მაგალითად ავსტრალიაში. რატომ აქვთ ადამიანებს მცდარი ინფორმაცია ამ პროდუქციის შესახებ და ვინ არის ამაში დამნაშავე?

– პრობლემას, რომელიც თქვენ წამოჭერით, რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი – ფართო გაგებით, თამბაქო ნიკოტინს უტოლდება, რაც არასწორია. ათწლეულების განმავლობაში (60-იანი წლებიდან მოყოლებული) საზოგადოებას, მოწევის შესახებ არასწორი გზავნილი მიეწოდებოდა, რაც ძირითადად ნიკოტინის ნეგატიურ ზემოქმედებას ეხებოდა. ახლა კი ვაცნობიერებთ, რომ ეს შეცდომა იყო. ჩვენ უნდა გვესაუბრა იმის შესახებ, რომ მოწევაა მავნებელი და არა ნიკოტინი. მეორე მიზეზი – დამოკიდებულება. არავინ დაობს იმის შესახებ, რომ ნებისმიერი სახის პროდუქტზე დამოკიდებულება საზიანოა და არ არის რეკომენდირებული გახდეს რამეზე დამოკიდებული. მესამე მიზეზი – ელექტრონულ სიგარეტებს თამბაქოს წამყვანი კორპორაციები აწარმოებენ, რომლებთანაც ჩვენ (თამბაქოს პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ექსპერტები) მუდმივი „ომი“ გვაქვს და ეს ფაქტი ასეთ პროდუქტს მომხმარებლებისთვის „საეჭვოს“ ხდის; და ბოლო მიზეზი, ელექტრონული სიგარეტი ნამდვილივით გამოიყურება და მსგავსი მოწყობილობის მოწევის პროცესი თითქმის არ განსხვავდება ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევისგან.

– მოდით, გადავიდეთ თემაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ (Public Health). სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში მილიარდზე მეტი მწეველია. საიდუმლო არ არის, რომ მოწევა ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს ზოგიერთი ფორმების (კერძოდ ფილტვების კიბო) განვითარებას. არაერთ ინტერვიუში თქვენ ყურადღებას ამახვილებთ, რომ ამ დაავადებების პროფილაქტიკა არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ მასობრივ დონეზეა ეფექტიანი. მოწევის კონტექსტში, როგორ შეგვიძლია შევცვალოთ თამბაქოს მოხმარების პოლიტიკა და ვინ უნდა მიიღოს ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა?

– უდავოა, რომ ამაში სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერთოს. თუ არ ვცდები, უკრაინამ ხელი მოაწერა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციას. ამ კონვენციის ფარგლებში ბევრს მიაღწიეს, მაგრამ უკრაინამ, თამბაქოს მოხმარებისგან მიყენებული ზიანის შემცირების პოლიტიკისთვის („Harm reduction“) ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რათა შემცირდეს ისეთ დაავადებათა განვითარების რისკი, რომლებიც მოწევასთან არის დაკავშირებული.

– ნებისმიერი სახელმწიფოს (მათ შორის უკრაინის) პრიორიტეტი მწეველების მოტივაცია უნდა გახდეს, რათა თავი დაანებონ მოწევას. არსებობს გარკვეული ურთიერთმიმართება მწეველ ზრდასრულ ადამიანებსა და მწეველ ბავშვებს შორის. როდესაც უფროსები მოწევას თავს ანებებენ, მოზარდებიც იმავეს შვრებიან (ან არ სინჯავენ). თუ სახელმწიფოს ესმის და იღებს მსგავს პოლიტიკას, მაშინ მან კარი უნდა გაუღოს ჩვეულებრივი სიგარეტების უფრო უსაფრთხო ალტერნატივებს. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა შევწყვიტოთ თამბაქოს პროდუქციის რეკლამირების აკრძალვა და თამბაქოს კომპანიებთან მიმართებაში სპეციფიური საგადასახადო პოლიტიკა ვაწარმოოთ. თუმცა, ალტერნატივა ნამდვილად გვჭირდება, მინიმუმ იმ მწეველებისთვის, რომლებიც ფიზიკურად ვერ ახერხებენ მოწევისთვის თავის დანებებას. ჩემთვის ეს, თამბაქოს მოხმარების პოლიტიკაში გადამწყვეტი მომენტია.

– იმის შესახებ არ გიფიქრიათ, რომ მწეველების მიმართ ამ მოწოდებამ, რომ გადავიდნენ ელექტრონულ სიგარეტებზე, შესაძლოა რეალურად მწეველების რაოდენობის ზრდა გამოიწვიოს? მაგალითად, თუ ადამიანს, რომელსაც არასდროს მოუწევია და არც აპირებს ამის გაკეთებას, ესმის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელექტრონული სიგარეტი 95%-ით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ჩვეულებრივი, მაშინ ხომ შესაძლებელია, რომ გასინჯოს ის?

– მადლობა შეკითხვისთვის. თავიდან მაგის გამო ძალიან ვნერვიულობდი, ვინაიდან უკვე 20 წელზე მეტია, რაც მოწევის წინააღმდეგ ვიბრძვი. თუმცა, სტატისტიკა სხვა რამეს გვეუბნება. ჩვენთან, დიდ ბრიტანეთში ეს პროდუქცია 2010 წლიდან მოყოლებული თავისუფლად იყიდება, ელექტრონულ სიგარეტებთან დაკავშირებით საკმაოდ ლიბერალური რეჟიმი მოქმედებს. 7-წლიანი შეუჩერებელი კვლევების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ არამწეველი ადამიანების მხოლოდ 0,5%-მა დაიწყო ელექტრონული სიგარეტების მოხმარება. მოზარდებს შორის გარკვეული რაოდენობა ექსპერიმენტებს ატარებს ელექტრონულ სიგარეტებთან მიმართებაში (ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 12%), მაგრამ მათი ძალიან მცირე ნაწილი აგრძელებს ელექტრონული სიგარეტის მოხმარებას (1%-ზე ნაკლები).

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ამ მოწყობილობების რეკლამირება სრულად ავკრძალეთ. ერთადერთი ადგილი, სადაც ზრდასრულებს და ბავშვებს ელექტრონული სიგარეტების დანახვა შეუძლიათ – მაღაზიებია. მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული სიგარეტების წინააღმდეგ არ ჩატარდეს აგრესიული კამპანია, რათა ბავშვებისთვის არ გახდეს მიმზიდველი. ჩვენი ამოცანაა, რომ მწეველები გადმოვიდნენ ამ მოწყობილობების მოხმარებაზე.

– მოდით, წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ ჩვეულებრივი სიგარეტები უკვე აღარ არის და ყველა მწეველი ელექტრონული სიგარეტების მოხმარებაზე გადავიდა. როგორია თქვენი მოლოდინები ისეთ პათოლოგიურ დაავადებებთან მიმართებაში, რომლებიც მოწევას უკავშირდება (კერძოდ ფილტვების კიბო)?

– პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ ყველა მწეველს, რომელიც ელექტრონული სიგარეტის მოხმარებაზე გადმოვა, ჩვეულებრივი სიგარეტების მოხმარების გარკვეული სტაჟი აქვს, ამიტომ ამისგან გამოწვეული მავნე ეფექტი რჩება. თქვენ მიერ აღწერილი სიტუაციის იდეალიზაცია რომ მოვახდინოთ, დაავადებების რისკის შემცირების მაჩვენებელი კოლოსალური იქნება. მაგალითად, ფილტვის კიბოს დაავადება 95%-ით შემცირდება.

რა თქმა უნდა, ელექტრონული სიგარეტებიც მავნეა. ალბათ ელექტრონული სიგარეტებიც ხელს უწყობს ფილტვების კიბოს, ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ და სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. ვინაიდან, ამ მოწყობილობის გამოყენებისას ადამიანი ჩაისუნთქავს ორთქლს, რომელიც გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებებსა და არომატიზატირებს შეიცავს. ელექტრონული სიგარეტებით გამოწვეული ზიანი ჩვეულებრივი სიგარეტების ზიანის ტოლფასი არ არის (მავნე ნივთიერებების სხვადასხვა კლასებისთვის ზიანის შემცირება 95%-ს შეადგენს), თუმცა ჯერ ციფრებით ვერ ვისაუბრებთ, ვინაიდან სწორი გამოკვლევებისთვის ბევრი ადამიანი უნდა შევისწავლოთ, ისეთი ადამიანები, რომლებიც არასდროს ეწეოდნენ და შემდეგ ელექტრონული სიგარეტების მოხმარება დაიწყეს (ასეთი ადამიანი კი ჯერჯერობით ძალიან ცოტაა).

– ვინაიდან ელექტრონული სიგარეტი საკმაოდ ახალი პროდუქტია და მასთან დაკავშირებით ბევრი კვლევაც არ არის ჩატარებული, შეიძლება ისე მოხდეს, რომ მომავალში აღმოვაჩინოთ, რომ ეს პროდუქტი იმაზე უფრო სახიფათოა, ვიდრე ჩვენ გვეგონა?

– აბსოლუტური დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ელექტრონული სიგარეტი ჩვეულებრივზე გაცილებით უსაფრთხოა. სხვა საქმეა სტანდარტები… წლიდან წლამდე ნიკოტინის მოპოვების სისტემა უმჯობესდება, პასუხისმგებელმა ხელისუფლებამ და მკვლევარებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ მსგავსი პროდუქტის სტანდარტებზე, რათა მომხმარებლისთვის იგი მაქსიმალურად უსაფრთხო გახადონ.

Share