Home » საზოგადოება » “ელექტრომობილებთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან მოლოდინებია არასწორი“
“ელექტრომობილებთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან მოლოდინებია არასწორი“

“ელექტრომობილებთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან მოლოდინებია არასწორი“

რამდენიმე თვის წინ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმნის სრული რეაბილიტაცია დააანონსა და  პარალელურად გააჟღერა ისიც, რომ  უახლოეს პერიოდში ეს იქნება სამხრეთ კავკასიაში პირველი ადგილი, სადაც მხოლოდ ეკოტრანსპორტი იმოძრავებს. ინიციატივის განხორციელების დაფინანსების პირობაც ივანიშვილმა თავადვე დადო.

“მინდა გაზაფხულზე უკვე ეს ექსპერიმენტი დავიწყო, აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი, მე საკუთარი ხარჯებით, სახელმწიფოს არ აქვს ამის საშუალება, იქ ადგილობრივებს დავეხმარები და მოვახერხებ, რომ წელსვე პრეცედენტი შეიქმნას, რომ აბასთუმანში იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრომანქანები და ჩვენ ამას კარგად გავაპიარებთ“,- განაცხადა ივანიშვილმა.

ცოტა ხანშივე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც განაცხადა, რომ მთავრობა მომდევნო 10 წელში საქართველოს ავტოპარკის 90%-ის ელექტრომობილებით ჩანაცვლებას გეგმავს. პრემიერის თქმით,  გარდა იმისა, რომ აღნიშნულ ინიციატივას დადებითი ეკოლოგიური ეფექტი ექნება, ის ასევე შეამცირებს სავაჭრო დეფიციტს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკის „აქილევსის ქუსლი“ სწორედ სავაჭრო დეფიციტია, რისი გამომწვევი ერთ-ერთი წყარო, მისი შეფასებით, საწვავის იმპორტია.

ქვეყნის პირველი პირების სიტყვიერ განცხადებებს უკვე მოჰყვა შედეგი, რამდენიმე დღის წინ „საპარტნიორო ფონდს“, შვედურ კომპანია „Uniti Sweden AB“-სა და „სილქროუდ ჯგუფს“ შორის საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით, მემორანდუმი გაფორმდა.

მართალია, ჯერჯერობით, მემორანდუმის მიზანია ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით, ერთობლივი პროექტის განვითარების ძირითადი პრინციპების განსაზღვრა, აგრეთვე, კონკრეტული თანამშრომლობის სფეროებზე შეთანხმება, მაგრამ, ფაქტია, ელექტრომობილების თემა ქვეყანაში სულ უფრი აქტუალური ხდება.

რამდენად პერსპექტიულია ახალი დარგის განვითარება და რა სარგებელს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას, ამ თემაზე „კომერსანტი“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ვიცე-პრეზიდენტს  პაატა ბაირახტარს ესაუბრა. ექსპერტი მთავრობის ინიციატივას ელექტრომობილების განვითარებასთან დაკავშირებით იზიარებს და მიაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა შედეგებთან და მოლოდინებთან მიმართებაში ივანიშვილსაც და ბახტაძესაც მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება.

„ნებისმიერი ტექნოლოგიური საწარმოს გახსნა, მით უმეტეს თუ პროცესებში საერთაშორისო კონცერნიც ჩართულია, ეკონომიკისთვის დადებითი შედეგის მომტანია და შექმნის ასობით სამუშაო ადგილს, მოიზიდავს მსხვილ ინვესტიციებსაც. თუმცა ძალიან არ მინდა იმ რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ, როგორც ბევრი პროექტის შემთხვევაში – დაანონსდა და მერე არაფერი მომხდარა. მაგალითად, ფარმაცევტული პრეპარატების საწარმოს აშენება – განცხადებების მერე ამ პროექტებზე არაფერი გაგვიგია და იმედია ახლაც ასე არ იქნება“, – განმარტავს ბაირახტარი.

თავად საწარმოს აშენების იდეა „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს მოსწონს და სავსებით რეალურად მიაჩნია, თუმცა მთავრობას არ ეთანხმება, რომ ეს ქარხანა  ძირითადად ადგილობრივ ბაზარს მოიცავს. მისი თქმით, საწარმოს საქმიანობა უფრო ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსხვილი უცხოური ინვესტორიც არ დაინტერესდებოდა ამ პროექტით, რადგან საქართველო ძალიან მცირე ბაზარს გულისხმობს. ასევე არარეალურად მიაჩნია არსებული ავტომობილების ელექტრომობილებით ჩანაცვლების იდეაც.

„დარწმუნებული ვარ საწარმო უფრო ექსპორტზე იქნება მიმართული, ვიდრე შიდა ბაზარზე, რადგან ჩვენი სივრცე პატარაა მსხვილი ინვესტორისთვის.  შეუძლებელია  10 წლის (მეტიც) ვადაში საწვავზე მომუშავე ავტომობილების სრულად ჩანაცვლებაც. პირველი – საქართველოში არ არის ადეკვატური ინფრასტრუქტურული გარემო და ამის მოგვარებას 10 წელი ნამდვილად არ ეყოფა.  თუნდაც გაიზარდოს ელექტროდამტენების რაოდენობა. მეორე – ასეთ მცირე დროში, ვერ ჩანაცვლდება მილიონ-ნახევარი ადამიანის ავტომობილიც. აღსანიშნავია ისიც, რომ   ჩვენი ავტოპარკის 60 % არის 15 წელზე მეტი ხნის, რომელთა საბაზრო ღირებულება  გაცილებით ნაკლებია ვიდრე ელექტრომობილების. მესამე -ეკონომიკური და კომერციული თვალსაზრისით, მსგავს მასშტაბურ პროექტს მხოლოდ სახელმწიფო ვერ განახორციელებს. საჭიროა დაინტერესდნენ კერძო კომპანიები და მათ მოზიდვასაც ცალკე რესურსი სჭირდება“,– აღნიშნავს ბაირახტარი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აფბას ვიცე-პრეზიდენტი არც იმ მოლოდინებს ეთანხმება, რომ ელექტრომობილების პროექტი ადეკვატურ კონკურენციას გაუწევს საწვავის ბაზარს. ამ შემთხვევაში საჭიროა მათი მინიმუმ 20-30%-იანი ზრდა, რაც უახლოეს 10 წელში მხოლოდ საწარმოს აშენებით ვერ მიიღწევა.

„დიახ, მთავრობის მხრიდან მოლოდინები მგონია არასწორი, თორემ თავად ინიციატივა ნამდვილად კარგია. ნებისმიერი მსხვილი ინვესოტირს შემოსვლასაც დადებითად ვაფასებ, რადგან აუცილებელია ეკონომიკის ფორმირების მრავალფეროვნება. დღეს ისეთი მდგომარეობაა, რომ ბიუჯეტი ფორმირდება რამდენიმე კომპანიისგან შემოსული თანხებით, რაც ცუდია, რადგან ასეთ დროს ეკონომიკა ნაკლებად დაცულია შოკებისგან კრიზისსაც უფრო  ხისტად გრძნობს. მაგალითად, ევროპაში  ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი მიმართულება (65%) მოდის მცირე და საშუალო ბიზნესსზე და მხოლოდ 25 %-ს შეადგენს  დიდი ბიზნესს. საქართველოში ეს ციფრები პირიქითაა, ამიტომ რაც მეტი კერძო კომპანია გააქტიურდება მით უკეთესი“,– აღნიშნავს პაატა ბაირახტარი.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

როგორც  კომპანია E-space-ის გენერალურმა დირექტორმა სულხან გვალია აცხადებს, თუ აქამდე  ქვეყანაში თვეში საშუალოდ 10 ელექტრომობილი შემოდიოდა, ახლა მათი რაოდენობა 50-დან -70- მდე გაიზარდა. მისივე თქმით, იმატა მოთხოვნამ ელექტროდამტენებზეც და დღეის მდგომარეობით, მათი რაოდენობა 55-ს შეადგენს.  წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 5 სწრაფი დამტენი დამატება. ამ დროისთვის დამტენებით სარგებლობა უფასოა, თუმცა ცნობილია, რომ 2019 წლიდან იგი  ფასიანი გახდება. რა ეღირება ერთი ავტომანქანის დატენვა, ჯერჯერობით უცნობია.

2018 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 1 400-მდე ელექტრომობილია.

სალომე ლემონჯავა

წყარო:commersant.ge

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა “ბანკები და ფინანსების” გამოკითხვაში

Share