Home » ეკონომიკა » „ეკონომიკური თავისუფლების აქტში“ ცვლილებები შედის
„ეკონომიკური თავისუფლების აქტში“ ცვლილებები შედის

„ეკონომიკური თავისუფლების აქტში“ ცვლილებები შედის

იმ შემთხვევაში, თუ ფული განათლების რეფორმას მოხმარდება, მთავრობას უფლება ექნება ბიუჯეტის დაგეგმვის ფისკალურ წესებს გვერდი აუაროს. შესაბამისი ცვლილებები ეკონომიკური თავისუფლების აქტში“ შედის. პროექტი საკანონმდებლო ორგანოში, 2019 წლის ბიუჯეტთან ერთად შევიდა. კანონპროექტის მიხედვით, ორგანულ კანონში დროებით რეგულაცია შემოდის, რომლის თანახმადაც, მთავრობას შეეძლება კანონით დადგენილი ზღვრები არ დაიცვას იმ შემთხვევაში, თუ განათლების სისტემის დაგეგმილი რეფორმისთვის საჭირო იქნება დამატებითი დაფინანსება. ამ უფლების გამოყენება მთავრობას შეეძლება არაუგვიანეს 2025 წლისა, ერთჯერად და არაუმეტეს 3 წლის ვადით.

შეგახსენებთ, რომ ,,ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრებს განსაზღვრავს, რომლის ფარგლებშიც უნდა დაიგეგმოს ქვეყნის მთავარი საფინანსო კანონი, ზღვრებმა კი ფისკალური სტაბილურობა უნდა უზრუნველყონ. სხვა ცვლილებების მიხედვით, მშპ-სთან სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება, 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს (დღეს მოქმედი კანონით, შეზღუდვა ნაერთ ბიუჯეტს ეხება), მთავრობის ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან კი, არ უნდა აჭარბებდეს 60%-ს (დღეს მოქმედი კანონით, მთავრობის ვალის ნაცვლად, სახელმწიფო ვალია მითითებული). ცვლილებების პროექტით, თუკი აღმოჩნდა, რომ ფინანსური წლის დასრულების შემდეგ, კანონით განსაზღვრული პარამეტრები დარღვეულია, მთავრობა ვალდებული იქნება, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად, პარლამენტს, დარღვევის მიზეზების შესახებ ინფორმაციაც წარუდგინოს.

BM.GE

Share