Home » მსოფლიო » ეკონომიკური დღის წესრიგი ამერიკისათვის: 12 ნაბიჯი წინ | ბარნი სანდერსი
ეკონომიკური დღის წესრიგი ამერიკისათვის: 12 ნაბიჯი წინ | ბარნი სანდერსი

ეკონომიკური დღის წესრიგი ამერიკისათვის: 12 ნაბიჯი წინ | ბარნი სანდერსი

ბარნი სანდერსი გახლავთ აშშ-ს სენატის წევრი ვერმონტის შტატიდან. სანდერსი აღნიშნულ არჩევით თანამდებობაზე 2007 წლიდან მუშაობს. 1991-2007 წლებში იგი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრის მოვალეობას ასრულებდა. სანდერსი შეერთებული შტატების ისტორიაში ერთადერთი სენატორია, რომელიც საკუთარ თავს სოციალისტად მოიაზრებს.

2015 წელს უპარტიო მემარცხენე სენატორმა აშშ-ს პრეზიდენტობისათვის ბრძოლა გადაწყვიტა და დემოკრატიული პარტიის წინასწარი არჩევნების (“პრაიმერიზის”) კამპანიაში ჩაერთო. საპრეზიდენტო კანდიდატის პოზიციების უკეთ გასაცნობად სანდერის 2014 წლის გამოსვლის ტექსტს გთავაზობთ.

სენატორის სიტყვა Huffingtonpost-ის გვერდზე გამოქვეყნდა, რომელიც ინგლისურიდან “ფაბიანური საზოგადოების” უმცროსმა მკვლევარმა ლევან ლორთქიფანიძემ თარგმნა. ტექსტის რედაქტორი Georgia Regents University-ის მაგისტრანტი გიორგი ხატიაშვილი გახლავთ.


ეკონომიკური დღის წესრიგი ამერიკისათვის: 12 ნაბიჯი წინ

ამერიკელმა ხალხმა უნდა მიიღოს ფუნდამენტური გადაწყვეტილება – ან ჩვენ გავაგრძელებთ ორმოცი წლის განმავლობაში მიმდინარე საშუალო კლასის დასუსტებისა და მდიდრებსა და დანარჩენებს შორის უფსკრულის გაღრმავების პროცესს, ან ვიბრძოლებთ პროგრესული ეკონომიკური დღის წესრიგისათვის, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს, გაზრდის ხელფასებს, მხარს დაუჭერს გარემოს დაცვას და უზრუნველყოფს ჯანდაცვას ყველასათვის. ვართ ჩვენ მზად, რომ შევებრძოლოთ მილიარდელთა კლასის უზარმაზარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალაუფლებას? თუ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ სვლა ეკონომიკური და პოლიტიკური ოლიგარქიისაკენ ? აღნიშნული კითხვები ჩვენი დროის უმთავრეს საკითხებს უკავშირდება. მათზე გაცემული პასუხები განსაზღვრავენ ჩვენი ქვეყნის მომავალს.

საშუალო კლასის მდგომარეობის ხანგრძლივი გაუარესების ტენდენცია, რომელიც დააჩქარა 2008 წლის “უოლ სტრიტის“ კრახმა, არ აღმოჩნდა საკმარისი. დღეს, დედამიწის ყველა სხვა დიდ სახელმწიფოსთან შედარებით, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მაღალია სიმდიდრის, კეთილდღეობისა და შემოსავლების უთანასწორობის დონე. ჩვენ ერთ-ერთ პირველ ადგილს ვიკავებთ ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლებით. ჩვენ წარმოვადგენთ ერთადერთ ქვეყანას ინდუსტრიალიზებულ სამყაროში, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვას მისი ყველა მოქალაქისათვის. ჩვენ ერთ დროს მოწინავე ქვეყანა გახლდით უმაღლესი განათლების (კოლეჯის განათლების) მიმღებთა რაოდენობით, დღეს კი მსოფლიოში მხოლოდ მეთორმეტე პოზიციას ვამაგრებთ. ჩვენი ინფრასტრუქტურა, რომლისაც წარსულში ყველას შურდა, დღეს განადგურების პირას არის მისული.

ქვეყანაში რეალური უმუშევრობა 5,8% არ გახლავთ. მაჩვენებელი 11,5%-ს უტოლდება, თუ გავითვალისწინებთ იმ ადამიანებსაც, რომლებმაც უკვე ხელი ჩაიქნიეს სამუშაოს ძიებაზე ან სრული დატვირთვით შრომის სურვილის მიუხედავად ნახევარგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებენ. ახალგაზრდების უმუშევრობა 18,6%-ია, ხოლო აფროამერიკელი ახალგაზრდებისა 32,6%.

დღეს მილიონობით ამერიკელი მუშაობს ზედმეტი საათების განმავლობაში დაბალი ანაზღაურების ფასად. თუ ინფლაციის მაჩვენებლებს გავითვალისწინებთ, გასული წლის განმავლობაში საშუალო სტატისტიკურმა მამაკაცმა მშრომელმა 783 დოლარით ნაკლები შემოსავალი გამოიმუშავა, ვიდრე იმავე პოზიციაზე დასაქმებულმა მოქალაქემ 41 წლის წინ. 2007 წელთან შედარებით, შარშან საშუალო სტატისტიკურმა ქალმა დასაქმებულმა კი 1337 დოლარით ნაკლები ანაზღაურება მიიღო. საშუალო კლასის ოჯახებმა თავისი შემოსავლებიდან დაახლოვებით ხუთი ათასი დოლარი დაკარგეს და დღეს უფრო ღარიბები არიან, ვიდრე 25 წლის წინ იყვნენ.

ამერიკელმა ხალხმა კონგრესისა და თეთრი სახლისგან უნდა მოითხოვოს მშრომელთა ოჯახების ინტერესების დაცვა. მთავრობა მხოლოდ მათი კამპანიების მდიდარ შემომწირველებზე არ უნდა ფიქრობდეს. ჩვენ გვჭირდება ფედერალური კანონმდებლობის შემუშავება, რათა უმუშევრები დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, გაიზარდოს ხელფასები და ყველა ამერიკელი უზრუნველყოფილი იყოს ჯანდაცვითა და განათლებით, რაც მათი პროდუქტიული ცხოვრებისთვის არის აუცილებელი.

როგორც ვერმონტის სენატორი გთავაზობთ 12 ინიციატივას. მე ვიბრძოლებ მათ განსახორციელებლად, რადგან მხოლოდ აღნიშნული წინადადებების გაზიარების შემთხვევაშია შესაძლებელი ამერიკული საშუალო კლასის აღდგენა.

  1. ჩვენ გვჭირდება დიდი ინვესტიციები ჩვენი დანგრეული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ინვესტიციები უნდა განხორციელდეს ხიდების, გზების, წყლის სისტემების, აეროპორტების, სარკინიგზო მაგისტრალებისა და სკოლების ასაშენებლად. უკვე დადგენილია, რომ ბუში-ჩეინის ერაყის ომის ღირებულება ბოლო ვეტერანის პენსიის ანაზღაურებამდე სამი ტრილიონი დოლარი დაჯდება. ერთი ტრილიონი დოლარის ინვესტიცია კი შექმნიდა ცამეტ მილიონ ნორმალურად ანაზღაურებად სამუშაო ადგილს და გახდიდა ჩვენს ქვეყანას უფრო ეფექტიანსა და პროდუქტიულს. ჩვენ ინვესტიციები უნდა ჩავდოთ ინფრასტრუქტურაში და არა ომში.
  2. შეერთებულმა შტატები მსოფლიოს უნდა გაუძღვეს კლიმატის ცვლილების დაძლევის საქმეში. აშშ-მ უნდა გახადოს ჩვენი პლანეტა საცხოვრებლად ხელსაყრელი ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. ჩვენ უნდა გარდავქმნათ ჩვენი საწვავ წიაღისეულზე დაფუძნებული ენერგეტიკა ენერგოეფექტიანობისა და მდგრადობის მიმართულებით. მილიონობით სახლი და შენობა საჭიროებს თბოგამტარობის სტანდარტებით მოწყობას, ჩვენი სატრანსპორტო სისტემაც ორიენტირებული უნდა იყოს ენერგიის დაზოგვაზე. ჩვენ მნიშვნელოვნად უნდა დავაჩქაროთ პროგრესი, რომელსაც უკვე ვხედავთ ქარის, მზის, გეოთერმული, ბიომასისა და სხვა მდგრადი ენერგეტიკული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით. ენერგოსისტემის ტრანსფორმირება იქნება სასარგებლო არამხოლოდ გარემოს დაცვის მიზნებისათვის, არამედ მის საფუძველზე შეიძლება შეიქმნას კარგად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები.
  3. ჩვენ უნდა განვავითაროთ ახალი ეკონომიკური მოდელები, რათა გაიზარდოს სამუშაო ადგილების შექმნის დინამიკა და პროდუქტიულობა. ჩვენ უზარმაზარი საგადასახადო შეღავათები არ უნდა დავუწესოთ იმ კორპორაციებს, რომლებსაც თავიანთი საწარმოები ჩინეთსა და სხვა დაბალანაზღაურებად ქვეყნებში გადააქვთ. ნაცვლად ამისა, ხელი უნდა შევუწყოთ მუშებს, რომლებსაც კოოპერატივების შექმნის გზით საკუთარი ბიზნესის ჩამოყალიბება სურთ. კვლევებით დადასტურებულია, რომ მუშათა მიერ საწარმოთა წილების ფლობის შემთხვევაში იზრდება შრომის ნაყოფიერება, იკლებს სამსახურში გამოუცხადებლობის დონე და დასაქმებულებიც კმაყოფილნი არიან თავიანთი სამუშაოთი.
  4. ინდივიდუალურ დასაქმებულებთან შედარებით პროფკავშირების წევრ მუშებს უკეთესად შეუძლიათ კოლექტიურად მოურიგდნენ მეწარმეებს მაღალი ხელფასისა და მეტი სარგებელის გაცემის თაობაზე. დღეს მუშათა კავშირებში გაერთიანება კი უკიდურესად გართულებულია. ჩვენ გვჭირდება კანონმდებლობა, რომელიც დასაქმებულებს კავშირების ჩამოყალიბებას გაუადვილებს.
  5. ამჟამად მინიმალური ანაზღაურება ერთ საათში 7,25 დოლარს უტოლდება, რაც ნორმალური არსებობისთვის საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა გავზარდოთ მინიმალური ანაზღაურება, რათა ღირსეული ცხოვრების სტანდარტები დავაკმაყოფილოთ. არც ერთი ადამიანი, რომელიც კვირის განმავლობაში ორმოცი საათის განმავლობაში მუშაობს, სიღარიბეში არ უნდა ცხოვრობდეს.
  6. დღეს ქალი მშრომელები იღებენ მათი მამაკაცი კოლეგების ანაზღაურების 78%-ს. ჩვენ ჩვენს ქვეყანაში თანაბრად უნდა ვანაწილებდეთ ხელფასს – თანაბარი ანაზღაურება თანაბარი შრომისათვის!
  7. 2001 წლის შემდეგ ამერიკამ 60 000 საწარმო და 4,9 მილიონი ღირსეულად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილი დაკარგა. ჩვენ უნდა დავასრულოთ ზარალის მომტანი სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც სამუშაო ადგილების ჩინეთსა და სხვა დაბალანაზღაურებად ქვეყნებში გადინებას უწყობს ხელს. ჩვენ უნდა შევაჩეროთ დაღმასვლა და უნდა ვაწარმოოთ იმგვარი პოლიტიკა, რომელიც სამუშაო ადგილებს შექმნის აქ, ამერიკაში და არა საზღვრებს მიღმა.
  8. დღევანდელი მაღალკონკურენტული გლობალური ეკონომიკის პირობებში, მილიონობით ამერიკელი ვერ ახერხებს უმაღლესი განათლების მიღებას, რაც აუცილებელია კარგი ანაზღაურების მოსაპოვებლად. გარდა ამისა, მშრომელი ოჯახებისათვის არ არის ხელმისაწვდომი ბავშვზე ზრუნვის ინსტიტუტები. ხარისხიანი განათლება, ბავშვზე ზრუნვის ინსტიტუტებიდან უმაღლეს განათლებამდე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ოჯახისათვის. ხარიხსიანი და ხელმისაწვდომი განათლების სისტემის გარეშე, ჩვენ ვერ ვიქნებით კონკურენტუნარიანები გლობალურ სივრცეში, ჩვენი ცხოვრების დონე კი დაცემას განაგრძობს.
  9. საბანკო სექტორის ფუნქცია გახლავთ კაპიტალის მიწოდების ხელშეწყობა სამუშაო ადგილების შემქმნელ და პროდუქტიულ ეკონომიკურ საქმიანობებში. ფინანსური ინსტუტუტები არ უნდა იყვნენ რეალური ეკონომიკის მიღმა აღმოჩენილი მაღალშემოსავლიანი ცენტრები. დღეს „უოლ სტრიტის“ ექვსი უმსხვილესი ორგანიზაციის აქტივები ჩვენი მშპ-ს 61%-ის ექვივალენტია, რაც 9,8 ტრილიონ დოლარზე მეტს უდრის. აღნიშნულ დაწესებულებებშია განთავსებული ქვეყნის იპოთეკური სესხების ნახევარი და საკრედიტო ბარათების ორი მესამედი. მათმა გაუმაძღრობამ, სიხარბემ, უგუნურებამ და უკანონო მოქმედებებმა მიიყვანა ქვეყანა ყველაზე საშინელ კრიზისამდე, რაც კი 1930 წლის შემდეგ თავს დაგვტყდომია. ისინი ზედმეტად ძლიერები არიან რომ რეფორმას დაექვემდებარონ, ამიტომ უნდა დაიშალონ.
  10. შეერთებული შტატები უნდა შეუერთდეს ინდუსტრიალიზებული ქვეყნების რიგს და უნდა აღიაროს, რომ ჯანდაცვის უზრუნველყოფა უფლებაა და არა პრივილეგია. მიუხედავად იმისა, რომ ორმოც მილიონზე მეტი ამერიკელი ჯანდაცვის უზრუნველყოფის გარეშეა დარჩენილი, აშშ ჯანდაცვისათვის ორჯერ მეტს ხარჯავს ვიდრე ნებისმიერი სხვა ერი. ჩვენ უნდა შევქმნათ საყოველთაო სამედიცინო მომსახურეობის სისტემა, single-payer პრინციპის საფუძველზე.
  11. მილიონობით ასაკოვანი სიღარიბეში ცხოვრობს. დიდ სახელმწიფოებს შორის აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელიც. შესუსტების ნაცვლად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სოციალური დაცულობა ქვეყანაში. სოციალური დაცვის, სამედიცინო დახმარებისა და კვების პროგრამების შემცირების ნაცვლად, მათ გაფართოვებაზე უნდა ვიზრუნოთ.
  12. კეთილდღეობისა და შემოსავლების მასობრივი უთანასწორობის პირობებში, ჩვენ გვჭირდება პროგრესული გადასახადების სისტემა, რომელიც გადახდის შესაძლებლობას დაეფუძნება. მიუღებელია, რომ მომგებიანი კორპორაციები თავიანთი შემოსავლებიდან ხშირად არაფერს იხდიან ფედერალურ ბიუჯეტში. დაუშვებელია, რომ კორპორაციის ხელმძღვანელები სარგებლობდნენ შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთით, რომელიც მათი მდივნების გადასახადებზე დაბალია. აბსურდია ის, რომ ჩვენ ყოველწლიურად ას მილიარდს ვკარგავთ, რადგან კორპორაციაბს თავიანთი კაპიტალის ოფშორულ ზონებში გადატანის შესაძლებლობა აქვთ. ქვეყანაში უკვე დიდი ხანია დადგა საგადასახადო რეფორმის დრო!

fabiansocialists.wordpress.com

Share