Home » მსოფლიო » ეკონომიკის ისტორიაში ყველაზე მსხვილი სავაჭრო ომი დაიწყო
ეკონომიკის ისტორიაში ყველაზე მსხვილი სავაჭრო ომი დაიწყო

ეკონომიკის ისტორიაში ყველაზე მსხვილი სავაჭრო ომი დაიწყო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი სატარიფო გადასახადი შევიდა ძალაში, რომელიც 34 მილიარდი დოლარის მოცულობის ჩინურ იმპორტს 25 პროცენტით დაბეგრავს. სატარიფო გადასახადი ვაშინგტონის დროით ღამის 12:00 საათზე შევიდა ძალაში.

ჩინეთმა იმავე მოცულობის ამერიკული საქონლის იმპორტზე იგივე 25-პროცენტიანი სატარიფო განაკვეთი აამოქმედა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის სავაჭრო ომის დაწყებას ნიშნავს. თუმცა, ოფიციალური პეკინი სავაჭრო ომის დაწყებას აშშ-ს აბრალებს. ჩინეთის ოფიციოზის განცხადებით, შტატებმა „ეკონომიკის ისტორიაში ყველაზე დიდი ომი წამოიწყო“.

„ჩინურმა მხარემ აღთქმა დადო, რომ პირველი არ გაისვრიდა, მაგრამ ახლა იძულებულია საპასუხო თავდასხმა განახორციელოს საკუთარი ხალხის ინტერსების დასაცავად“, – განაცხადა ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, პარასკევს, სანამ გაირკვეოდა, ამერიკის შეერთებული შტატები ახალ ტარიფებს აამოქმედებდა თუ არა, ჩინეთის პორტებში საბაჟო გამშვებ პუნქტებზე საბაჟო ოფიცრები ამერიკული პროდუქციის განბაჟების პროცედურების დაწყებას აყოვნებდნენ.

საიმპორტო ტარიფების ზრდა ზოგადად შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პროტექციონისტული პოლიტიკის ნაწილია, რომლის მეშვეობითაც ტრამპი ამერიკის სავაჭრო ინტერესების დაცვასა და სავაჭრო პარტნიორებთან დიდი სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრას გეგმავს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე დააწესა ახალი ტარიფები იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე, რომელიც ჩინეთთან ერთად ევროკავშირს, კანადასა და მექსიკასაც შეეხო. თუმცა დღეს ამოქმედებული ტარიფები პირველია, რაც ვაშინგტონმა მხოლოდ ჩინეთს დაუწესა, რომელთანაც ყველაზე დიდი 375 მილიარდი დოლარის მოცულობის საავაჭრო დეფიციტი აქვს.

50 მილიარდი დოლარის ჩინური პროდქუციის ახალი ტარიფით დაბეგვრის ინიციატივით ტრამპი წლის დასაწყისში გამოვიდა. ამ ტარიფებით იგი ჩინეთში ამერიკული ტექნოლოგიისა და ინტელექტუალური საკუთრების უკანონო გადინების შეჩერებას აპირებს. დღეს ამ ინიციატივის პირველი ნაწილი ამოქმედდა, რომელიც 34 მილიარდი დოლარის პროდუქციას დაბეგრავს. დანარჩენი 16 მილიარდი დოლარის მოცულობის პროდუქციაზე ახალი ტარიფის ამოქმედება ტრამპს უკვე თვის ბოლოსკენ სურს, თუმცა თეთრი სახლი ჯერ კიდევ მსჯელობს ამ საკითხზე.

მიუხედავად ამისა, ტრამპმა პეკინი გააფრთხილა, რომ თუ პრაქტიკას არ შეცვლის კიდევ 200 მილიარდი დოლარის მოცულობის ჩინურ იმპორტს 10 პროცენტით დაბეგრავს. თუმცა ხუთშაბათს, ახალი ტარიფების ამოქმდებამდე რამდენიმე საათით ადრე, ტრამპმა განაცხადა, რომ მოცულობა შესაძლოა 550 მილიარდამდეც გაზარდოს, რაც თითქმის ამერიკის შეერთებულ შტატებში შესული ჩინური იმპორტის ტოლფასია.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ სავაჭრო ომი ფაქტობრივად დაიწყო და თუ ის მხოლოდ 34 მილიარდ დოლარზე შეჩერდა უარყოფითი ეფექტი არც ისე დიდი იქნება, მაგრამ თუ ტრამპმა მუქარა შეასრულა და დასაბეგრი საქონლის მოცულობა 500 მილიარდზე ავიდა, ეს ამბავი ორივე ქვეყნის ეკონომიკას დიდ დარტყმას მიაყენებს.

ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ფინანსური ინსტიტუტის Morgan Stanley-ის გათვლებით, დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ამოქმედებულ საიმპორტო ტარიფებს უარყოფითი გავლენა გლობალური ვაჭრობის მხოლოდ 0.6 პროცენტზე ექნება, რაც გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 0.1 პროცენტია.

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ საერთო ჯამში, საიმპორტო ტარიფების ზრდის უარყოფითი ეფექტი იმპორტიორების გარდა მწარმოებლებსა და მიმწოდებლებსაც შეეხებათ, რაც გლობალურ ვაჭრობას, ინვესტიციებსა და ეკონომიკის ზრდას დააზარალებს. ანალიტიკოსების გათვლებით, ამერიკაში შესული 34 მილიარდი დოლარის ჩინური პროდუქციაში უცხოური კომპანიების წილი 59 პროცენტია და მათ შორის ამერიკული კომპანიების წილი საკმაოდ დიდია.

Share