Home » ეკონომიკა » „ეკონომიკაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის და რაიონის განვითარებას, აქ სიღარიბის დონე გაცილებით მაღალია“
„ეკონომიკაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის და რაიონის განვითარებას, აქ სიღარიბის დონე გაცილებით მაღალია“

„ეკონომიკაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის და რაიონის განვითარებას, აქ სიღარიბის დონე გაცილებით მაღალია“

ეკონომიკაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის და რაიონის განვითარებას, აქ სიღარიბის დონე გაცილებით მაღალია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში სერიოზული ინვესტიციების მოზიდვა იგეგმება. როგორც ქობულიამ აღნიშნა, დიდი ყურადღება დაეთმობა ასევე საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერას.

„ჩვენი ეკონომიკური განვითარების ფილოსოფია ეფუძნება არა მარტო ეკონომიკურ ზრდას, არამედ ეკონომიკის შემოსავლების თანაბარ განაწილებას მოსახლეობაში. ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი მიდგომა ერთადერთია და საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა ავამაღლოთ. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის და რაიონის განვითარებას. ჩვენ ვიცით, რომ დღეს რაიონებსა და სოფლებში სიღარიბის დონე გაცილებით მაღალია. სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას ვგეგმავთ აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში. აგრეთვე, ვგეგმავთ სერიოზულ ღონისძიებებს საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის. ამასთან, დიდი ყურადღება დაეთმობა კერძო ინდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას. აქაც ჩვენ ვგეგმავთ ინვესტორების მოზიდვას. რა თქმა უნდა, ორივე პროგრამა რაიონების განვითარებასთან არის დაკავშირებული. გარდა იმისა, ჩვენ აუცილებლად უნდა დავუთმოთ ყურადღება აღსრულების დისციპლინის გამყარებას. ამისათვის დავგეგმავთ სერიოზულ ინსტრუმენტებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს შესრულდეს ის, რასაც ჩვენ დავგეგმავთ,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მინისტრობის კანდიდატმა საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 18 წლის განმავლობაში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობდა და მისი გამოცდილება საქართველოს გამოადგება.

„ბოლო 18 წლის განმავლობაში ვმოღვაწეობდი ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაში, რომელის მსოფლიოს მოწინავე კომპანიებს უწევს მომსახურებას. მე პირადად ვუწევდი კონსულტაციას მსოფლიოს საერთაშორისო ლიდერ კომპანიებს ურთულესი პრობლემების გადაჭრაში. მე ვთვლი, რომ ეს გამოცდილება, რომელიც მე 18 წლის განმავლობაში შევიძინე, შეიძლება გამოადგეს საქართველოს და მზად ვარ, ეს გამოცდილება მოვიტანო ქვეყანაში,“ – განაცხადა ქობულიამ.

Share