Home » საზოგადოება » „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ პორტის გაფართოებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ პორტის გაფართოებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ პორტის გაფართოებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების საინვესტიციო პროექტის ხარჯი საქართველოს მთავრობისთვის პრაქტიკულად ნულოვანია, – ამის შესახებ კომპანია „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ (APM Terminals Poti) განცხადებაშია აღნიშნული.

ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ (APM Terminals Poti) განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ფოთის პორტის გაფართოების გეგმაზე, ასევე პირველი ეტაპის ნებართვის მიღებისა და შემდეგ ამ ნებართვის გაუქმების საკითხზეა საუბარი.

ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ (APM Terminals Poti) განცხადების თანახმად, ფოთის საზღვაო ნავსადგური მისი დაარსებიდან, ჯერ კიდევ 1858 წლიდან წარმოადგენს კავკასიის რეგიონის სატრანსპორტო კარიბჭეს. აღნიშნული სტრატეგიული მნიშვნელობის ნავსადგურის განვითარების შეუქცევადობის უზრუნველსაყოფად, სამომავლო ზრდის პერსპექტივის გათვალისწინებით, სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ნავსადგურის გაფართოების წინასწარი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 250 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოება გაზრდის საქართველოში წარმოებული ბიზნესების კონკურენტულ უპირატესობას და ექნება პირდაპირი გავლენა მომხმარებლებზე. გამოყენებულ იქნება ფოთის საზღვაო ნავსადგურის არსებული ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ბაზები ფოთში, ქალაქში, რომლის 41 000-იანი მოსახლეობა ეკონომიკურად სრულადაა დამოკიდებული ნავსადგურზე.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2018 წლის დასაწყისიდან, „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ (ეიპიემ ტერმინალს ფოთი) ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების პროგრესული გეგმის შექმნა-განვითარებაზე თანამშრომლობა დაიწყო ქართულ პარტნიორთან – „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი“.

„აღნიშნული გეგმის თანახმად, 1640-მეტრიანი დამცავი მოლი ახალ ნავსადგურს დაიცავს არასახარბიელო მეტეოროლოგიური პირობების უარყოფითი ზეგავლენისა და მდინარე რიონის მიერ ჩამოტანილი ნაშალი მასალისაგან. ამასთან, 700-მეტრიანი ნავმისადგომი მოემსახურება უფრო დიდი ზომის და ეფექტიან სატვირთო გემებს, ხოლო 25 ჰექტარის ფართობის საკონტეინერო ტერიტორია შექმნის ტვირთნაკადის გაზრდისა და საქართველოს სარკინიგზო სისტემის უკეთ მომარაგებისა და მხარდაჭერის შესაძლებლობებსაც.

გაფართოების შემდეგ, ნავსადგურს ექნება საშუალება, მოემსახუროს 300 მეტრამდე სიგრძის გემებს 13.5-14.5 მეტრი სიღრმის მქონე ორ ნავმისადგომზე. 400 მეტრიანი ნავმისადგომი მოეწყობა ნაყარი, 300 მეტრიანი ნავმისადგომი კი – კონტეინერიზებული ტვირთებისთვის. სატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ამწეები, ნაყარი ტვირთების დასამუშავებელი სპეციალიზებული მტვირთველები და უშუალოდ ნავმისადგომის სიახლოვეს განლაგებული ტვირთების დასასაწყობებელი მოცულობითი ობიექტები საქართველოს საშუალებას მისცემს, გახდეს უფრო ძლიერი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პარტნიორი მომხმარებლებისთვის მთელს რეგიონში“, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო ტვირთების გამტარუნარიანობა გაიზრდება 1 მილიონ TEU-მდე (ოც ფუთიანი კონტეინერის ეკვივალენტი), ხოლო 60 000 ტონიან (პანამაქსის ტიპის) ნაყარი ტვირთის გემებს ნავსადგურის ახალი ინფრასტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები გაუწევს ეფექტიან მომსახურებას.

კომპანიის ინფორმაციით, ჯამში, ნავსადგურის წლიური ტვირთების გამტარუნარიანობა დამატებით 10 მილიონი ტონით გაიზრდება. მოსალოდნელია, რომ ახალი ნავსადგური მომხმარებლებისთვის, უფრო დიდი ზომის გემების მიღების შესაძლებლობით, ტვირთების დასაწყობების გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურითა და მსოფლიო დონის საპორტო ოპერატორით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურებას და მოიზიდავს იმ ნაყარ ტვირთებს, რომლებიც ამჟამად არ მოძრაობს საქართველოს სატრანსპორტო  დერეფნის გავლით. ტვირთმფლობელებისთვის გაიზრდება პოტენციური ბაზრები, რაც თავის მხრივ, დაეხმარება ქართულ პროდუქციას კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.

ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ აღნიშნავს, რომ მშენებლობის სავარაუდო პერიოდი 24-30 თვეა და მასში, მეტწილად, ქართული რესურსებისა და სამუშაო ძალის გამოყენებაა დაგეგმილი, რაც დამატებით რამდენიმე ასეულ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანია „ეიპიემ ტერმინალსის“ გამოცდილებასაც უსვამს ხაზს დიდი ნავსადგურების მშენებლობის მხრივ.

ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ განცხადებით, „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურსა“ და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი კვლავ ძალაშია.

„ამასთან, აღნიშნული საინვესტიციო პროექტის ხარჯი საქართველოს მთავრობისთვის პრაქტიკულად ნულოვანია. ურთიერთგაგების მემორანდუმი „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურსა“ და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს“ შორის ძალაშია და მოლაპარაკებები აქტიურ, დასკვნით ფაზაშია შესული, იმ მოლოდინით, რომ საბოლოო შეთანხმება 2019 წლის მესამე კვარტალში იქნება მიღწეული“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვის მიღების სამსაფეხურიანი პროცესის პირველი ეტაპის შესახებ განაცხადი საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით,  2018 წლის 11 ოქტომბერს წარედგინა, რომლის შესახებაც 2019 წლის 2 მაისს მიღებული იყო დადებითი გადაწყვეტილება და გაუქმდა ამავე წლის 30 მაისს.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ მაისის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნებართვით დამტკიცდა ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. 30 მაისს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის მიერ გაცემული დოკუმენტი გააუქმა. მინისტრის თქმით, ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული მთავრობის არც ერთ მოქმედ წევრთან, მათ შორის არც მასთან და ასევე, დოკუმენტი დ პროცედურული დარღვევებით იყო გაცემული.

Share