Home » საზოგადოება » „EBRD-ის სესხის დამტკიცებას იგივე დრო დასჭირდა, რაც სებ-ის პრეზიდენტს წერილზე პასუხის გასაცემად“

„EBRD-ის სესხის დამტკიცებას იგივე დრო დასჭირდა, რაც სებ-ის პრეზიდენტს წერილზე პასუხის გასაცემად“

“EBRD-ის სესხის დამტკიცებას იგივე დრო დასჭირდა, რაც სებ-ის პრეზიდენტს, რომ წერილზე გაეცა პასუხი”, – ამის შესახებ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” CEO-მ ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა. ამასთანავე, გამყრელიძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკი არსებულ კრიზისულ ვითარებაში არსებულ გამოწვევებს სათანადოდ ვერ პასუხობს, ეს კი აზიანებს ქვეყნის შესაძლებლობას, გაუმკლავდეს COVID-19-ის მიერ გამოწვეულ კრიზისს. 

ნიკოლოზ გამყრელიძის თქმით, სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს” დაფინანსების მიღებისთვის მოლაპარაკებები ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ეწარმოებინა და $25 მილიონიც სწორედ მათგან მოეზიდა.

“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და ეროვნულ ბანკთან მიმართებით ჩვენი პრობლემა კვლავ ჰაერში არის გამოკიდებული და არაფერი არ გადაწყვეტილა ამაზე. ამის შემდეგ საკმაოდ ბევრი მიმოწერა და ვერბალური კომუნიკაცია იყო.

პრობლემა იმაშია, რომ დღეს ჩვენ ვითვლებით ურთიერთდამოკიდებულ პირად “საქართველოს ბანკთან”. მარტივად რომ ვთქვა, გვეუბნებიან, რომ ვიღაცის ბიძაშვილი ხართ, ვეუბნებით რომ არ ვართ, სხვა გვარი გვაქვს, არც დედ-მამა და არც ბებია-ბაბუა არ არიან და-ძმა. ვითხოვთ ამის დასაბუთებას, თუმცა მათგან არის მხოლოდ განცხადება, რომ მესამე პირი ვართ.

ამ მხრივ, რა კომუნიკაციაც გვქონდა, გვითხრეს, რომ ბანკებს ზოგადად შეურბილებდნენ რეგულატორულ მოთხოვნებს, გარკვეული ვადით, ერთი წლით, რომელიც ტექნიკურად ხელმისაწვდომობას გაზრდიდა, ეს ტექნიკურად გაიხსნა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოხდა ერთი წლის ვადით და ყველა ბანკი გეუბნება, რომ ეს ერთი წლით მოხდა და ახლა რომ დაგაკრედიტო, ერთი წლის შემდეგ შეიძლება ისევ რეგულაციაში მოვყვე და შევიზღუდო, ამიტომ ამას აზრი არ აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩემი აზრით, თავიდან მოგვიშორეს. ჩემი აღქმა ეს არის. ძალიან სამწუხაროა,”- განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ. 

ამასთან, მან გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში დაასახელა ის მიმართულებებიც, რომელზეც EBRD-ისგან მოზიდული დაფინანსების მიმართვა მოხდება.

“სამი ძირითადი მიმართულებაა, ერთია უშუალოდ საბრუნავი კაპიტალის, ეს არის ძირითადად ფარმაცევტული საშუალებებისა და მედიკამენტების მარაგების შექმნა. არის შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ქვეყანამ უბრალოდ ექსპორტი დაკეტა. შესაბამისად, ჩვენც უნდა მოვზმადებულიყავით. ჩვენმა კომპანიამ 30-40 მილიონი ჩაასხა საბრუნავ საშუალებებში, რათა ქვეყანაში შექმნილიყო საკმარისი მარაგი, როგორც ჰოსპიტალური სექტორისთვის, ასევე საცალო სექტორისთვის.

მეორე მიმართულებაა ჩვენი 6 ჰოსპიტლის მომზადება და გადაიარაღება, COVID-19-ისთვის. დღესდღეობით, ჩვენი ორი ჰოსპიტალი ჩართული არის ცხელების ცენტრის სახით. დიდი იმედი გვაქვს, რომ მეტი არ დაგვჭირდება, თუმცა თუ დაგვჭირდა, სრული მზაობა არსებობს ამისთვის, რათა 48 საათში გადავცეთ და ვაფუნქციონიროთ 600 საწოლი.

მესამე მიმართულებაა დიაგნოსტიკური მიმართულების გაძლიერება. ჩვენმა ლაბორატორიამ დაიწყო უკვე როგორც დიაგნოსტიკური ტესტირება, ასევე, PCR ტესტირება COVID-19-ზე და საკმაოდ აქტიურები ვართ ამ მიმართულებითაც”, – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

BM.GE

Share