Home » საზოგადოება » EBRD თბილისის მეტროს რეაბილიტაციას დააფინანსებს

EBRD თბილისის მეტროს რეაბილიტაციას დააფინანსებს

თბილისის მოქალაქეები 75 მილიონი ევროს ოდენობის სამთავრობო სესხით ისარგებლებენ. აქედან 65 მილიონს EBRD უზრუნველყოფს, ხოლო დანარჩენი მწვანე კლიმატის ფონდიდან (GCF) გამოიყოფა. სესხი დედაქალაქის მთავარი სატრანსპორტო საშუალების, მეტროს რეაბილიტაციასა და ახალი მოძრავი შემადგენლობის შეძენას ითვალისწინებს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების ხელშეწყობა EBRD-ის მხრიდან კოროვირუსის პანდემიაზე რეაგირების მთავარი შემადგენელი ნაწილია. ამასთან, ბანკისათვის კვლავ პრიორიტეტულია მწვანე და მდგრადი საინვესტიციო გადაწყვეტილებები.

საქართველოსათვის გამოყოფილი თანხა ქვე-სესხის სახით გადაეცემა ქალაქ თბილისს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სასარგებლოდ და მოხმარდება 40 თანამედროვე მეტროს ვაგონის შეძენას და  დეპოსა და გვირაბის რეაბილიტაციას.

ინვესტიცია EBRD-ის მწვანე ქალაქების პროგრამის (EBRD Green Cities) ნაწილია და თბილისის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმით (GCAP) გათვალისწინებული შემდგომი ინვესტიციაა. სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს საკითხებს, რომლებზეც დაუყონებლივ რეაგირებაა საჭირო და რომლებიც მიმართულია ქალაქის ძირითადი ეკოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ, რომელთაგან ერთ-ერთი ჰაერის ხარისხია. ეს არის პირველი პროექტი, რომელიც დაფინანსდება GCF/მწვანე ქალაქების პროგრამის მიერ.

მეტროს რეაბილიტაცია და ახალი მოძრავი შემადგენლობა გააუმჯობესებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საიმედოობას, უსაფრთხოებასა და ეფექტურობას და მგზავრებს კომფორტული და ეკოლოგიურად  უსაფრთხო ტრანსპორტით უზრუნველყოფს. თბილისში თითქმის 1,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და პიკის საათებში მოძრაობა გადატვირთულია. განახლებული მეტრო ხელს შეუწყობს კერძოდან საზოგადოებრივ ტრანსპორტის გამოყენებაზე გადასვლას, რაც უზრუნველყოფს ჰაერის დაბინძურების საგრძნობ შემცირებას.

პროექტის მიზანია, ასევე, გენდერული თანასწორობისა  და ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების ხელშეწყობა. ეს გულისხმობს დასაქმების ადგილზე შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფას, საქალაქო ტრანსპორტის სექტორში დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების  ხელშეწყობის მიზნით.

EBRD–მა დაიწყო სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც კორონავირუსზე რეაგირების პაკეტის ნაწილია და მისი მიზანია უზრუნველყოს ძირითადი ინფრასტრუქტურული მარაგებისა და სერვისების ფუქნციონირება და განვითარება. ინფრასტრუქტურული ინვესტიციები უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი ეკონომიკისათვის და სამუშაო ადგილების შექმნისა და შენარჩუნებისათვის.

“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ერთ-ერთი პირველია, რომელიც ქვეყანას აქტიურ ფინანსურ დახმარებას უწევს COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენი პარტნიორების მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი ამჯერად მოხმარდება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს – მუნიციპალური ტრანსპორტის, მათ შორის, მეტროს რეაბილიტაციას, ასევე ახალი თანამედროვე ტიპის ვაგონების შეძენას, რაც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფისთვის. კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო ბანკის ხელმძღვანელობას და მის რეგიონულ ოფისს, ქალბატონ კატარინა ბიორლინ ჰანსენს,  მჭიდრო თანამშრომლობისა და საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის. COVID-19 -ის პანდემიის პირობებში გამოყოფილ ამ მხარდაჭერას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის,“ განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არაერთი წელია რაც მხარს უჭერს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებას. ძალიან მადლიერები ვართ, რომ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული რთული ეკონომიკური პირობების მიუხედავად, ბანკის მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკისა და მოქალაქეებისადმი შეუფერხებლად გრძელდება. მადლობას ვუხდით ბანკის გუნდს საქართველოში და მზად ვარ გავაგრძელოთ თანამშრომლობა მომავალშიც,‘’ განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

“ამ უპრეცენდენტო კრიზისის ჟამს, EBRD თავისი საქმიანობის ქვეყნებისა და კლიენტების გვერდით დგას და მზად არის მათ მნიშვნელოვანი დახმარება შესთავაზოს. ინფრასტრუქტურა გადამწყვეტ როლს თამაშობს იმ სერვისების მიწოდებაში, რაც აუცილებელია ყოველდღიური ცხოვრებისა და ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის. თბილისის მეტროს რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ქალაქის წინაშე მდგარი გარემოს დაცვის გამოწვევებზე რეაგირების პროცესში. ხარისხიან საჯარო ტრანსპორტზე მოთხოვნა მაღალია და ამგვარ პროექტებს საგრძნობი დადებითი შედეგი აქვს გარემოს დაცვისა და სოციალური მდგომარების თვალსაზრისით”, – განმარტა  EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 3.7 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 249 პროექტში – ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 87 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.

Share