Home » ეკონომიკა » დსთ–ს ბაზარზე დამოკიდებული სოფლის მეურნეობა – რატომ ვერ ხერხდება ბაზრების დივერსიფიკაცია
დსთ–ს ბაზარზე დამოკიდებული სოფლის მეურნეობა – რატომ ვერ ხერხდება ბაზრების დივერსიფიკაცია

დსთ–ს ბაზარზე დამოკიდებული სოფლის მეურნეობა – რატომ ვერ ხერხდება ბაზრების დივერსიფიკაცია

კვლევითმა ცენტრმა PMCG საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებულ სიტუაციაზე კვლევა გამოაქვეყნა, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად საექსპორტო პროდუქციაზეცაა საუბარი. კვლევიდან კარგად ჩანს, რომ ქართული სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დსთ–ს ბაზარზე და მიუხედავად ევროკავშირის ბაზრის გახსნისა, ჩვენს პროდუქციას იქ საკუთარი ადგილის დამკვიდრება საკმაოდ უჭირს.
როგორც კვლევიდან ირკვევა, საქართველოდან განხორციელებული პროდუქციის ექსპორტს ბოლო 15 წლის განმავლობაში დადებითი დინამიკა აქვს, თუმცა, ქვეყანა სტაბილური სავაჭრო პარტნიორებისა და მაღალშემოსავლიანი საექსპორტო პროდუქტების ძიების პროცესშია. საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებად, გარდა მეზობელი ქვეყნებისა, შეგვიძლია მოვიაზროთ დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნები. თუმცა, რამდენადაც მარტივია დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი, იმდენად არასტაბილურია იგი.

„2008-2018 წლებში საქართველოდან სულ 23,5 მილიარდი დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. აქედან, ყველაზე მეტი, მეზობელ აზერბაიჯანში (16.5%), სომხეთსა (9,2%) და თურქეთში (8,7%). თუმცა, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი რუსეთში და ჩინეთში. მხოლოდ 2017 და 2018 წლების მონაცემებს თუ განვიხილავთ, წილობრივად ყველაზე მეტი 13.7% ექსპორტი რუსეთში განხორციელდა, ხოლო აზერბაიჯანში 12.7%. ამავე პერიოდში, გაიზარდა ჩინეთის წილი 6.6%-მდე.

ფაქტია, რომ ქართველი მწარმოებლები და ექსპორტიორები ახალი ბაზრების ძიებაში არიან. მაღალ გადახდისუნარიანი და სტაბილური ევროკავშირის ბაზარი ძალიან მომხიბვლელია, თუმცა საკმაოდ მომთხოვნიც. 2008-2018 წლებში ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი შეადგენდა საქართველოდან განხორციელებული მთლიანი ექსპორტის 21.87%. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2015 წელს დაფიქსირდა, როცა ევროკავშირში ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის თითქმის 30% შეადგინა. ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ექსპორტი განხორციელდა ბულგარეთში (საქართველოდან ევროკავშირში მთლიანი ექსპორტის 28%), რასაც მოყვება იტალია (12%) და გერმანია (11%)“, – აღნიშნულია PMCG–ის კვლევაში.

რაც შეეხება საექსპორტო პროდუქციას, საქართველოს საექსპორტო პროდუქციაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროდუქტებს. 2008-2018 წლებში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ძირითადი საექსპორტო პროდუქტებს შორის ლიდერობს თხილი და კაკალი (მთლიანი ექსპორტის 5%), ღვინო (4.5%) და სპირტიანი სასმელები (3,7%).

აღსანიშნავია, წარმოდგენილი ყველაზე მაღალშემოსავლიანი პროდუქტების ექსპორტის არასტაბილური ხასიათი, რომელიც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, წლების მანძილზე მზარდი საექსპორტო პოტენციალის მქონე თხილის ექსპორტი 2018 წელს დრამატულად შემცირდა აზიური ფაროსანას და გავრცელებული დაავადებების გამო. არასტაბილურია შინაური ცხოველების ექსპორტიც. ეს დინამიკა კარგად აჩვენებს, რამდენად დაუცველია სოფლის მეურნეობის სექტორი შიდა და გარე ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედებისგან.

PMCG–ის კვლევაში გაანალიზებულია ის პრობლემები, რაც რეალურად ხელს უშლის ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის გაუმჯობესებას.

„ფერმერები და საოჯახო მეურნეობები ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც მოვლა- პატრონობის, ასევე დათესილი ფართობების თვალსაზრისით. მაგალითად, პომიდორის წარმოებაში დასაქმებულების დაახლოებით 95% მცირე ფერმერია, რაც უარყოფითად აისახება პროდუქციის ხარისხზე. კერძოდ, თითქმის ვერ ხერხდება დიდი მოცულობის ერთგვაროვანი პროდუქტის შეგროვება. შედეგად რთულდება ლოგისტიკა და პროდუქტის გარე ბაზარზე გატანა. ასევე მცირე ფერმერების შემთხვევაში დაბალია პროდუქტიულობაც. მაგალითად სტაფილოს წარმოების შემთხვევაშიც წვრილი ფერმერებისთვის უმეტეს შემთხვევაში მას აწარმოებენ როგორც არაძირითად პროდუქტს და დათესილი აქვთ მცირე ფართობებზე (0.5 ჰა-მდე). ბევრმა მცირე ფერმერმა აღნიშნა, რომ სტაფილო მოჰყავს დიდი ხნის განმავლობაში (15-20 წელი), თუმცა პროდუქტიულობა არც ისე მაღალია (10-15 ტ/ჰა). რაც შეეხება მსხვილ ფერმერებს, არც მათთვის წარმოადგენს სტაფილო ძირითად კულტურას, თუმცა მცირე ფერმერებთან შედარებით პროდუქტიულობაში საკმაოდ დიდი განსხვავებაა (20-25 ტ/ჰა) (ხატისაშვილი და გელაშვილი, 2019)“, – აღნიშნულია კვლევაში.

ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ ბევრ მუნიციპალიტეტში არ არსებობს გადამამუშავებელი და სამაცივრო მეურნეობა.

„ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა, რომ უმეტესობა მუნიციპალიტეტებში არ არსებობს გადამამუშავებელი და სამაცივრო მეურნეობა. შესაბამისად, ფერმერები ცდილობენ მოსავლის გაყიდვას მცირე ვადებში და გადამყიდველებთან მოლაპარაკებას მოსავლის აღებამდე აწარმოებენ. მაგალითად იმერეთში პომიდვრის მწარმოებელი ფერმერები ცდილობენ პომიდორი სწრაფად გაყიდონ სეზონის პიკზე, როცა ფასი ყველაზე დაბალია. იმერეთის მსგავსად, კახეთშიც სამაცივრო მეურნეობები და პროდუქტის ტრანსპორტირება პრობლემას წარმოადგენს. მაყვლის დიდხანს შესანახად საჭიროა მისი შოკურად გაყინვა (მინუს 40 გრადუსზე), რაც კახეთში 2018 წლის მდგომარეობით არ არის ხელმისაწვდომი.

შოკური მაცივარი სულ რამდენიმეა საქართველოში. ერთ-ერთი მათგანია ახლად გახსნილი მეურნეობა „გლენბერი”, რომელსაც ქარელის მუნიციპალიტეტში, აგარაში აქვს სამაცივრო მეურნეობა. აღნიშნულმა მეურნეობამ კენკრის შესყიდვა (მათ შორის, მაყვლის) 2018 წლის ივლისში დაიწყო და როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, პროდუქცია ექსპორტზე უკვე გააგზავნეს თურქეთსა და ისრაელში. ამ სამაცივრო მეურნეობას შეუძლია 1 საათში 1500 კილოგრამი კენკრის შოკურად გაყინვა, რის შემდგომაც ხდება კენკრის მაცივრებში გადატანა (მინუს 18-22 გრადუსზე, სადაც სამ წლამდე შეიძლება შენახვა). მნიშვნელოვანია, ასევე საკონსერვო წარმოება. მაგალითად, არასტანდარტული მანდარინის უმეტესი ნაწილის შესყიდვას ახდენენ ორი მსხვილი გადამამუშავებელი კომპანია, რომლებიც საშუალოდ 20 თეთრს იხდიან კილოგრამზე, საიდანაც სახელმწიფო სუბსიდიის სახით ანაზღაურებს 10 თეთრს. ეს საწარმოები სეზონზე დაახლოებით 11 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინის გადამუშავებას ახორციელებენ და დამზადებულ კონცენტრატს უმეტესწილად ექსპორტზე აგზავნიან.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არსებული ხელშემწყობი ფაქტორების მიუხედავად (კლიმატურ-ნიადაგური პირობები; სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაწეული მზარდი ხარჯები; საერთაშორისო დონორების მხარდამჭერი პროგრამები) სექტორი სერიოზული გამოწვევების წინაშეა. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ დაბალი მოსავლიანობა, სუსტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვი, მიწის მაღალი ფრაგმენტაცია, მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები, ნედლეულის დაბალი ხარისხი და შესაბამისი ცოდნის არქონა, გადამამუშავებელი და სამაცივრო მეურნეობის სიმწირე და გაძნელებული წვდომა ფინანსებზე.

რაც შეეხება საექსპორტო პოტენციალს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან განხორციელებული პროდუქციის ექსპორტს ბოლო 15 წლის განმავლობაში დადებითი დინამიკა აქვს და საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე ვრცელდება მრავალი შეღავათი სხვადასხვა ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყანა კვლავ სტაბილური სავაჭრო პარტნიორებისა და მაღალშემოსავლიანი საექსპორტო პროდუქტების ძიების პროცესშია.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ფერმერების დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია მოსავლის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ცოდნის მიღება და საგანმანათლებლო პროგრამებში აქტიური ჩართვით მიღებული რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვა. ასევე, სწორი სასესხო პროდუქტის შერჩევით და ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან დონორების დაფინანსებით მიღებული დაბალპროცენტიანი მიზნობრივი სასესხო პროდუქტების ათვისებით (მაგ. ქალი მეწარმეებისთვის) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამის გათვალისწინებით, მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევებისა, ფაქტია, რომ სიტუაციის გაუმჯობესებისათვის ქვეყანას აქვს პოტენციალი.

ელენე ციგრიაშვილი

Share