Home » მსოფლიო » დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ ბიბლიაზე დამატებითი გადასახადის დაწესება გადაიფიქრა
დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ ბიბლიაზე დამატებითი გადასახადის დაწესება გადაიფიქრა

დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ ბიბლიაზე დამატებითი გადასახადის დაწესება გადაიფიქრა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ ბიბლიაზე დამატებითი გადასახადის დაწესება გადაიფიქრა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც ირკვევა, თავდაპირველად ბიბლია იმ ჩინური პროდუქციის ჩამონათვალში შეიყვანეს, რომელთა მიმართაც ტრამპის ადმინისტრაცია დამატებითი გადასახადების დაწესებას აპირებდა. შედეგად, ბიბლიის ახალი ეგზემპლარების ფასი გაიზრდებოდა, ხოლო ტირაჟს შემცირება ემუქრებოდა. თუმცა, საზოგადოების ზეწოლის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა ბიბლია ე.წ. შავი სიიდან ამოიღო.

როგორც „ბიბისი“ წერს, მსოფლიოში გავრცელებული ბიბლიების ნახევარზე მეტს ჩინეთში გამოსცემენ. მხოლოდ ქალაქ ნანკინში მდებარე კომპანია „ამითი პრესმა“ 1988 წლიდან დღემდე ბიბლიის 200 მილიონი ეგზემპლარი გამოსცა. ორი უმსხვილესი ამერიკული გამომცემლობა „ზონდერვანისა“ და „თომას ნელსონის“ გამოცემული ბიბლიების 75 პროცენტი ჩინეთში იბეჭდება.

ბიბლია აშშ-ში, ტრადიციულად, ბესტსელერად რჩება. ყოველწლიურად აშშ-ის ტერიტორიაზე ბიბლიის 20 მილიონი ეგზემპლარი იყიდება. ამასთან, წიგნების უმეტესობა მორწმუნეებს უფასოდ გადაეცემა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი ჩინეთიდან იმპორტირებულ ბიბლიაზე დამატებით გადასახადს დააწესებდა, რელიგიურ ორგანიზაციებს ბიბლიის მორწმუნეებისთვის უსასყიდლოდ გადაცემის პრაქტიკას საფრთხე დაემუქრებოდა.

1tv.ge

Share